"დინამომ" პირველი ვარჯიში სწორედ პარასკევს, ადგილობრივი დროით 18 საათზე ჩაატარა. სწორედ ბარსელონაში შეუერთდა გუნდს "დინამოს" ახალწვეული, 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეუ გერაუ; სიახლე იყო ის ფაქტიც, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ლევან ხმალაძემ - 26 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო ოფიციალური მატჩი ბოლოს 2011 წლის 22 მაისს ჰქონდა ჩატარებული. ინდივიდუალურად ივარჯიშეს გიორგი რეხვიაშვილმა, დავით ხოჭოლავამ და ლაშა პარუნაშვილმა, ხოლო ლევან კაკუბავა კვლავაც სარეაბილიტაციო
შეკრების მეორე დღეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ (სხვათა შორის, 14 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა - 42 წელი შეუსრულდა) ორჯერადი ვარჯიშები ჩაატარა. საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი ფიზიკური კონდიციების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის იყო განკუთვნილი, მეორე ნაწილი კი ტრადიციულ "ორკარას" დაეთმო.
ამ ვარჯიშებში მონაწილეობას 26 ფეხბურთელი იღებდა: მეკარეები: გიორგი ლორია, კონსტანტინე სეფიაშვილი, თორნიკე ზარქუა; მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა, ლევან ხმალაძე, მამუკა ლომიძე, დავით ხოჭოლავა; ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, მიკელ ალვარო, ანდრეუ გერაუ, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი ჩივაძე; თავდამსხმელები: ჩისკო, კარლეს კოტო, ალბერტ იაგუე, გიორგი მერებაშვილი, რობერტინიო, გიორგი კახელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამათგან 4 ფეხბურთელი "დინამოს" სულ ახლახან შეუერთდა: კონსტანტინე სეფიაშვილი, ანდრეუ გერაუ, ირაკლი ძარია და გიორგი მერებაშვილი; რაც შეეხება გიორგი ჩივაძეს, 27 წლის ნახევარმცველის "დინამოში" გამოჩენა მართლაც სიურპრიზი იყო! ჩივაძეს საქართველოს სხვადასხვა გუნდში უთამაშია, წინა ჩემპიონატი "სიონში" გაატარა (ოღონდ, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა) და იმის მერე უგუნდოდ იყო. თუმცა, "დინამოს" ახალწვეულთა რაოდენობა კვლავაც გრძელდება: 14 იანვარს გვიან ღამით, გუნდს შეუერთდა სანდრო გურული - 26 წლის შემტევი ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ლვოვის "კარპატის" ღირსებას იცავდა.
ჩივაძემ და გურულმა (ისევე როგორც გუნდის ახალწვეულთა უმრავლესობამ) გუშინ პირველად მოირგეს "დინამოს" მაისურა და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს! "დინამო" მეტოქე კი პირველ სპარინგ-შეხვედრაში ალჟირის ყველაზე ტიტულიანი გუნდი "კაბილიე" იყო - თავისი ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და თასის 5-გზის მფლობელი;
სხვათა შორის, "კაბილიე", საერთოდ, აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა - მოპოვებული აქვს კონტინენტის სამივე პრესტიჟული ტურნირი (აფრიკის ჩემპიონთა თასი, აფრიკის თასების თასი და აფრიკის კონფედერაციის თასი). ალჟირებთან საკონტროლო მატჩი "დინამომ" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ლორია - ოდიკაძე, ჰომოლა, თომაშვილი, ლომიძე - კოშკაძე, გერაუ, ძარია - კოტო, ჩისკო, მერებაშვილი.
როგორც საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ვებ-გვერდი იუწყება, მატჩის დასაწყისი ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მეტოქე კი ძირითადად სწრაფი კონტრშეტევების იმედად იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში ალჟირელთა იერიშის შემდეგ ბურთი დინამოელთა კარის ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლომდე "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ რასაც რეალური მომენტი ჰქვია, ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ შექმნა: კარლეს კოტოს ფლანგური პასის მერე ჩისკომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა.
შესვენების შემდეგ "დინამომ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ზარქუა - ოდიკაძე (65. კახელიშვილი), თომაშვილი (65, ჯიღაური), კვეკვესკირი, ხმალაძე - ალვარო, ძარია (79. ჩივაძე), პაპავა - რობერტინიო, იაგუე, გურული.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა: "დინამო" ბურთს უნარიანად აკონტროლებდა და ერთ ეპიზოდში ალბერტ იაგუეს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. თუმცა, ეს სპარინგ-შეხვედრა მაინც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დამთავრდა: შეცვლაზე შემოსული გიორგი ჩივაძის წინააღმდეგ ალჟირელმა ფეხბურთელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და 79-ე წუთზე მიკელ ალვარომ საჯარიმო (დაახლოებით, 18 მეტრიდან) ჩინებულად შეასრულა - 1:0!
მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "დინამო" ხვალ ჩაატარებს; მეტოქედ კი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, ბარსელონას "ესპანიოლი" ეყოლება.
დაბოლოს, ერთობ საინტერესო ინფორმაცია: როგორც კლუბის პრესატაშე - გიგა გვენცაძემ გვაცნობა: "დინამოს" სრული დელეგაცია (სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები) წუხელ "ნოუ კამპზე" პრიმერა-დივიზიონის მატჩს ("ბარსელონა"-"ბეტისი" ) დაესწრო!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"