ცხინვალის "სპარტაკში" მატებაა

AutoSharing Option
ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადება ცხინვალის "სპარტაკმა" 4 იანვარს თბილისის ახალ სტადიონზე, "ბენდელაზე" დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ზამთრის პაუზას სერიოზული ცვლილებებით შეხვდა: სხვადასხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას კობა შალამბერიძე, ზვიად მეტრეველი, რევაზ ჯიქია, ბოიომო ფრიდოლინი, ბესიკ დეკანიძე, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თბილიშვილი, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ალავიძე, ნიკა დაუშვილი, ზვიად ქანთარია.

თუმცა, ცხინვალელთა გუნდში მატებაც არის: თბილისის "დინამოდან" გადმოყვანილ ოთხ ახალგაზრდა ფეხბურთელს (გიორგი ნადირაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, ლაშა ჩაფიძე, კონსტანტინე გაბაშვილი), სავარაუდოდ, სხვა ახალწვეულებიც დაემატებიან. ყოველ შემთხვევაში "სპარტაკის" ბოლო ვარჯიშებზე ხუთი ახალი ფეხბურთელი
გამოჩნდა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი 29 წლის სერგი ორბელაძეა.

გამოცდილ ფეხბურთელს დაცვაში ერთნაირი წარმატებით შეუძლია ცენტრშიც და ორივე ფლანგზე თამაში, სხვადასხვა დროს ასპარეზობდა თბილისის "ლოკომოტივში", "დინამოში", ბოლნისის "სიონსა" და აზერბაიჯანულ "სტანდარდში". მიმდინარე სეზონი კი რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, თუმცა ჩემპიონატის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ "სპარტაკს" უბრუნდება 23 წლის ლევან ჭაფოძე, - წინა ჩემპიონატში ცხინვალელთა გუნდის შემადგენლობაში ყველა მატჩი რომ ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, ამ სეზონში "მერანში" ასპარეზობისას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, "სპარტაკთან" ერთად ივარჯიშეს გიორგი ლოლაძემ და გიორგი გველესიანმა (ორივე - მცველი) და გურამ მიქაძემ (თავდამსხმელი). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ბელგიის ქვედა ლიგაში ასპარეზობდა.

ამ ხუთეულის "სპარტაკში" დარჩენა-არდარჩენის ამბავი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი "სპარტაკი" მეორე ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს და დღეს პირველ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს "გაგრასთან" (მატჩი "ბენდელას" სტადიონზე 12 საათზე დაიწყება). ორი-სამი დღის შემდეგ კი გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრება, რასაც "ბენდელას თასის" გათამაშებაში მონაწილეობაც მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სწორედ "სპარტაკია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული