რუსთავის "მეტალურგმა" მეზობლურ პაექრობაში ბოლნისის "სიონს" მოუგო

AutoSharing Option
ვითომც, არაფერიო და ორი ქვემოქართლური გუნდის გუშინდელ სპარინგ-შეხვედრას ასამდე გულშემატკივარი მაინც ესწრებოდა. თანაც, "მეტალურგი" თუ პირველ საკონტროლო მატჩს ატარებდა, "სიონისთვის" გუშინდელი შეხვედრა მეორე იყო.

თუმცა, ბოლნისური გუნდი ამით არ კმაყოფილდება: როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ გვითხრა, 27 იანვრამდე "სიონი" კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი შეკრებაზე ურეკში გაემგზავრება.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპს "სიონი" აშკარად გაძლიერებული (როგორც სპორტული, ასევე - ფინანსური თვალსაზრისით) შეხვდეს. თანაც, ნუ დაგვავიწყდება მნიშვნელოვანი ფაქტორიც: სწორედ "სიონი" უნდა იყოს ის ერთადერთი
გუნდი, პირველი ეტაპის დასკვნით ოთხ ტურში არანაირი მოტივაცია რომ არ ექნება.

სამაგიეროდ, ბოლნისური კლუბი ერთობ მომძლავრებული შეხვდება უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფს და ამის დასტურად "სიონის" ბოლოდროინდელი ტრანსფერებიც გამოდგება: 31 წლის დავით ბოლქვაძის, 32 წლის რევაზ ქემოკლიძის, 31 წლის ოლეგ გველესიანის, 36 წლის როინ ონიანისა და 28 წლის მინდია ბობღიაშვილის გამოცდილება ქვემოქართლელებს უთუოდ გამოადგებათ. "მეტალურგის" წინააღმდეგ იასპარეზა კიდევ ერთმა პოტენციურმა ახალწვეულმა: 26 წლის თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმა. აღარაფერს ვამბობთ "სიონის" ძველ-ახალ მწვრთნელზე: ხვიჩა ქასრაშვილი ამ სეზონში უკვე მეორედ (საერთოდ კი - მეხუთედ) დაინიშნა ბოლნისური გუნდის თავკაცად.

მეტოქისგან ბევრად განსხვავებული მიზნები აქვს "მეტალურგს" - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი თასის ნახევარფინალშიც არის გასული და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც უნდა მივიჩნიოთ. ისიც ფაქტია, რომ რუსთაველების ძირითადი ბირთვი, ფაქტობრივად, არც შეცვლილა და შუახაზში მართლაც ნიჭიერი გამთამაშებლის, 21 წლის გიორგი თექთურმანიძის დამატებით გუნდის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. ნურც სევასტი თოდუას დავივიწყებთ - 35 წლის გამოცდილ ფეხბურთელს დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

თანაც, ნუ გამოვრიცხავთ, რომ "მეტალურგში" კვლავაც გამოჩნდნენ ახალწვეულები, მანამდე კი გუშინდელ სპარინგ-მატჩზეც, იანვრის "კვალობაზე", ერთობ საინტერესოდ რომ წარიმართა. შეხვედრა, რომელსაც მალხაზ ბეუქლიშვილი სჯიდა, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:

"მეტალურგი": ბედიაშვილი - დობროვოლსკი, მახვილაძე, კვარაცხელია, ჯაფარიძე - რაზმაძე, ქავთარაძე - ჭედია, ი. მაისურაძე, გეწაძე - ტატანაშვილი.
"სიონი": ბობღიაშვილი - რ. ონიანი, სვანიძე, ქემოკლიძე, ო. გველესიანი - გ. მ. ხიდეშელი, გაბრიჭიძე, კაციტაძე, ლ. ჩხეტიანი - ხურციძე, მეტრეველი.

მასპინძლები პირველ ტაიმში მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და რამდენიმე ხიფათიც შექმნეს "სიონის" კართან. პირველი ეპიზოდი ლუკა რაზმაძისა და გიორგი ჭედიას ეფექტური კომბინაციის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ "სიონში" მობრუნებულმა მინდია ბობღიაშვილმა ჩინებული რეაქციით საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

ამის შემდეგ გიორგი ქავთარაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. თუმცა, პირველ ტაიმში გოლი მაინც ვიხილეთ: რევაზ გეწაძის "საფირმო" ფლანგურ რეიდს დიმიტრი ტატანაშვილის არანაკლებ ჩინებული პასი (ქუსლით) მოჰყვა, რის შემდეგაც გეწაძე "სიონის" მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა; ბობღიაშვილმა ამ "დუელშიც" გაიმარჯვა, მაგრამ ტატანაშვილი იქვე აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირსაც ახლო მანძილიდან ბურთის ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა: "მეტალურგის" შემადგენლობაში გამოვიდნენ ზურაბ ბათიაშვილი, სევასტი თოდუა, გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი ოთარიშვილი, გიორგი სიხარულიძე (გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი მოდებაძე სხვადასხვა სახის ტრავმის გამო ტოვებდნენ შეხვედრას), ხოლო "სიონში" - ვლადიმერ ზუხბაია, გიორგი ოქროპირიძე, გიორგი თარგამაძე, არჩილ ალავიძე, ჯაბა უგულავა, საბა ლომია.

მასპინძლები მეორე ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხან კიდევ ვლადიმერ ზუხბაია თამაშობდა უშეცდომოდ.
"სიონის" მეკარემ ჯერ გიორგი თექთურმანიძის ეფექტური დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი გიორგი ოთარიშვილს არ დაანება გოლის გატანა.

სამაგიეროდ, გოლი საპირისპირო მხარეს გავიდა: ოლეგ გველესიანისა და ჯაბა უგულავას ეფექტური კომბინაცია მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტით დამთავრდა, რომელიც ზუსტად შეასრულა ლევან ჩხეტიანმა.

თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს ამ სპარინგ-მატჩის მოგება: შეხვედრის დამთავრებამდე ორიოდე წუთი ეკლდა, "სიონის" მეკარემ და მცველებმა მიუტევებელი შეცდომა რომ დაუშვეს და ლაშა ჯაფარიძის აქტიურობის შედეგად ირაკლი სიხარულიძემ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მომდევნო საკონტროლო მატჩში "მეტალურგი" 20 იანვარს გორის "დილას" უმასპინძლებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული