რუსთავის "მეტალურგმა" და გორის "დილამ" "არაამხანაგურად" ისპარინგეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში "მეტალურგი" და "დილა" უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრებიან, მანამდე კი ამ ორივე გუნდმა ერთმანეთში წაისპარინგეს.

გუშინდელი საკონტროლო მატჩი მართლაც "არანორმალურად" სუსხიან ამინდში ჩატარდა, მაგრამ გვარიანი სიცივის (უფრო ზუსტად, ყინვის) მიუხედავად, "ფოლადის" სტადიონზე 200-მდე გულშემატკივარი მაინც მივიდა. საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო სტუმართა დელეგაცია - დაწყებული კლუბის მრავალრიცხოვანი ხელმძღვანელობით და "უბრალო" ქომაგით დამთავრებული; იგივეს ვიტყოდით მასპინძელთა მხარეზეც: კლუბისა და ქალაქის სპორტის ხელმძღვანელებთან ერთად მატჩს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც ესწრებოდა.

ერთის მხრივ, ამ "ჩვეულებრივი" საკონტროლო მატჩისადმი ასეთი ინტერესი არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა: ამ
ბოლო დღეებში გორის "დილაში" მიმდინარე პროცესები ხომ მართლაც საყოველთაო ყურადღებას იმსახურებს. მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ: ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა ამა თუ იმ კლუბის ირგვლივ ატეხილ არნახულ აჟიოტაჟს სასურველი შედეგი არ მოუტანია ხოლმე.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ "დილას" მსგავსი რამ არ დაემუქრება და გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს ბევრად უფრო "მშვიდ" გარემოში მოუწევს მუშაობა.

არადა, გამოცდილ სპეციალისტს საფიქრალი მართლაც ბევრი ექნება: "დილაში" ამჟამად 30-მდე ფეხბურთელი ვარჯიშობს (სულ მცირე, ხუთი-ექვსი კიდევ უნდა გამოჩნდეს) და შემადგენლობის "გაცხრილვაც" ხომ საჭიროა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშებაზე. მოკლედ, არავის გაუკვირდეს, რომ უახლოეს დღეებში "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი დაემშვიდობოს, ამათგან კი, უპირველეს ყოვლისა, ფართოდ რეკლამირებულ და გაპიარებულ უცხოელებს ვგულისხმობთ; ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მატჩში მონაწილე ოთხივე აფრიკელმა ფეხბურთელმა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა.

მეტსაც ვიტყვით: 45 წუთის განმავლობაში არც ერთ მათგანს ხეირიანი არაფერი გაუკეთებია! თუმცა, შესაძლოა ჩვენ ვცდებით და სხვადასხვა ფაქტორებსაც არ ვითვალისწინებთ, - აკლიმატიზაციას (ოთხივე ახალგაზრდა განელი საქართველოში მატჩის წინა დღეს ჩამოვიდა), ახალ პარტნიორებს, რუსთავულ სუსხსა და სხვა...

ახლა კი, ალბათ დროა გუშინდელ საკონტროლო მატჩზეც, სადაც მოვლენები ისე განვითარდა, ძნელი იყო რომ "ამხანაგური შეხვედრა" გვეწოდებინა. აბა, სხვა რა უნდა გვეფიქრა, როცა სტუმართა ორმა ფეხბურთელმა (ვლადიმერ ჯოჯუა, პავლე ხორგუაშვილი) ისეთი ტრავმები მიიღეს, რომ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლეს; აღარაფერს ვამბობთ მსაჯობაზეც: მასპინძლები თამაშის მერეც არ მალავდნენ გაოცება-აღშფოთებას მათ კარში დანიშნული პენალტის გამო!..

"მეტალურგმა" პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ისპარეზა (თუ არ ჩავთვლით ირაკლი მაისურაძის, ირაკლი მოდებაძისა და გიორგი მიქაბერიძის არყოფნას), აი, "დილამ" კი გუშინდელ მატჩში 25 (!) ფეხბურთელი ათამაშა, ზოგი კი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ამ შეხვედრას: ალექსანდრე ინწკირველი, რომან ახალკაცი, ირაკლი ლექვთაძე. საერთოდ კი, პირველი ტაიმი გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს:

მეტალურგი: ბედიაშვილი - დობროვოლსკი, კვარაცხელია, მახვილაძე, ჯაფარიძე - რაზმაძე, ქავთარაძე - სეთურიძე, თექთურმანიძე, გეწაძე - ტატანაშვილი.
დილა: მერლანი - ალადაშვილი, ანდერსონი, კოფი, მეგრელიშვილი - გ. ხუბუა, ბეჭვაია - ბანსი, ილურიძე, მდივნიშვილი - ანდონი

როგორც შეამჩნევდით, "დილას" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ახალგაზრდა განელმა ფეხბურთელებმაც (რაფიკ ანდერსონი, კარლოს კოფი, სეიდუ ბანსი, კვეკი ანდონი) და ქართველმა ახალწვეულებმაც - კახა ალადაშვილმა ("ზესტაფონიდან" გადმოვიდა) და გიორგი ილურიძემ ("ანჟის" ყოფილმა შემტევმა).

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, თავიდანვე გამოჩნდა, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მეტოქესთან შედარებით ბევრად უკეთ იყო შეთამაშებული; აქედან გამომდინარე, არც იყო გასაკვირვი, პირველი ტაიმის საწყისი 30 წუთი სწორედ მასპინძელთა უპირატესობით რომ მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველი გოლი კი "სტანდარტულს" მოჰყვა - გიორგი თექთურმანიძემ ზუსტი პასით გივი კვარაცხელია მოძებნა და ამ უკანასკნელმაც მეტოქის მცველებისა და მეკარის პოზიციური შეცდომით კარგად ისარგებლა - თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ "დილა" შედარებით გააქტიურდა: ჯერ, ლევან მდივნიშვილმა დაარტყა შორიდან, მერე, დავით მეგრელიშვილი აკეთებდა სახიფათო გამჭოლ გადაცემას, მაგრამ ორივე ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა "მეტალურგის" მეკარემ გრიგოლ ბედიაშვილმა.

შესვენების შემდეგ გუნდები სახეშეცვლილი შემადგენლობით გამოვიდნენ:

მეტალურგი: ბათიაშვილი - ჯაფარიძე, ს. თოდუა, გავაშელიშვილი, ხოხონიშვილი - დობროვოლსკი, რაზმაძე - ჭედია, ქავთარაძე (ექვთიმიშვილი), ოთარიშვილი - სიხარულიძე
დილა: შეყრილაძე - შ. კაშია, ახვლედიანი (ლომიძე), ქარქუზაშვილი, ვ. ხორგუაშვილი - ჯოჯუა (ბურდული) - დეკანოიძე (სადაღაშვილი), პ. ხორგუაშვილი, ნ. ნოზაძე, დ. ჩაგელიშვილი - ჯიქია.

მეორე ტაიმში მოედანზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა: ჯერ, მასპინძელთა კარში დანიშნული, ცოტა არ იყოს, კურიოზული პენალტი ვნახეთ, დავით ჩაგელიშვილმა ზუსტად რომ შეასრულა; მერე, ზემოთნახსენები ტრავმები, და ბოლოს კი, "მეტალურგის" ეფექტური კომბინაციაც: გიორგი ოთარიშვილის ფლანგურ რეიდს გიორგი ჭედია ჩინებული თავური დარტყმით აგვირგვინებდა, თუმცა "დილას" მეკარემ ბექა შეყრილაძემ ისეთი რეაქცია გამოავლინა, მეტოქის ფეხბურთელებისგანაც კომპლიმენტები რომ მიიღო.

საბოლოოდ კი, ეს აშკარად "არა ამხანაგური" მატჩი საყაიმო ანგარიშით, 1:1 დამთავრდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული