გიორგი მერებაშვილი: ჩვენისთანა პირობებს ბევრი ევროპული გუნდი ინატრებდა

AutoSharing Option
ორწლიანი განშორების შემდეგ გიორგი მერებაშვილი დინამოს დაუბრუნდა. იგი ჩვენი გუნდის და საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო - ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. კვლავაც დინამოელი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდთან ერთად ბარსელონაში ემზადება.

- რით განსხვავდება დინამო, რომელიც დატოვე და რომელშიც დაბრუნდი?
- გუნდში მაშინაც ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა, ანუ ლიდერობა შეეძლოთ. ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, ვფიქრობ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით.

ახლა გაცილებით მეტი მაღალი კლასის, შემტევი ყაიდის მოთამაშეა გუნდში და კონკურენციაც დიდია, თუმცა შეთამაშებისთვის დროა საჭირო - ამხანაგურ
თამაშებში გამოჩნდა, რომ ჯერ ბოლომდე ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და საამისოდ დიდი დრო არ დაგვჭირდება. ვფიქრობ, მალე ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორსაც გულშემატკივარი ელის.

ბაზა, კლუბის მთლიანი ინფრასტრუქურა - შედარებაც არ შეიძლება. პირველად რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი შეცვლილი დამხვდა იქაურობა. ბევრი ევროპული გუნდი ინატრებდა ასეთ პირობებს. ყველაფერი ისეა, რომ მარტო ფეხბურთზე უნდა იფიქრო. ამიტომაც ვალდებულნი ვართ, ისე ვითამაშოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი გავახაროთ.

- აქ, ბარსელონაში რა მოგეწონა გამორჩეულად ?
- პირველ რიგში, "ბარსას" თამაში "კამპ ნოუზე", იქაური ატმოსფერო. იგრძობა, რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და იმედია საქართველოშიც ასე იქნება. სხვათა შორის, ასეა სერბეთშიც - იქ შეიძლება კაცმა ფეხბურთისთვის თავისი ქორწილიც კი გადადოს.

- შეკრებაზე გამართული სამი მატჩიდან, შენი აზრით, ყველაზე უკეთესი რომელი იყო?
- ჯერ ვარჯიშებზე მინდა ვთქვა - ალექს გარსიას ყველა ვარჯიში თამაშთან მიახლოებულია და მიხარია, რომ ასეა. ყველაზე კარგი პირველი, ალჟირელებთან თამაში იყო. ჩვენ სამი-ოთხი დღის დაწყებული გვქონდა ვარჯიში, მეტოქე კი ძლიერი, კარგად დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი იყო.

"ესპანიოლთან" და "ტერასასთან" უფრო მეტი ვიმოძრავეთ, ტონუსში მოვიყვანეთ ჩვენი თავი. ნელ-ნელა უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს თამაშს.

- როგორ ფიქრობ, "დინამოში" რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში ?
- ჩვენ 4-3-3 სქემით ვთამაშობთ, ეს სამი მატჩიც, ფაქტობრივად, შუაში სამი ფეხბურთელით ვითამაშეთ - მე, კოშკაძე და ძარია ხშირად ვცვლიდით პოზიციებს. ალბათ, ნახევარდაცვაში ვითამაშებ, ცენტრშიც და მარჯვნივაც.

www.fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული