სამწუხაროდ, ახალმა წელმაც ჩაიარა, მაგრამ "ქურდული სამყაროს წევრი" დემეტრაძე კვლავ პატიმარია. 2011 წლის მიწურულს მისმა ადვოკატებმა საჩივარი გაგზავნეს ევროსასამართლოში და, როგორც გიორგი ამბობს, ლოდინის მეტი აღარაფერი დარჩენია.
გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დემეტრაძესთან:
- გიორგი, როგორ ხართ, როგორ
- პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. რა გითხრათ, ისე ვარ, როგორც პატიმარს შეეფერება. ჩემი დილა ლოცვებით იწყება, შემდეგ ჰაერზე გავდივარ, ვვარჯიშობ. ყოველი დღე, ფაქტობრივად, ერთფეროვანია. ახალ წელს სიახლე არ მოუტანია და არც ვინმეს მოულოცია ჩემთვის.
- თქვენმა მეგობარმა, კახა კალაძემ, ეროვნული ნაკრებიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად თქვენი უსამართლო დაკავება და აბსურდული განაჩენი დაასახელა.
- მადლობის მეტი რა მეთქმის, კახას სჯერა ჩემი უდანაშაულობისა და დაკავების დღიდან მხარში მიდგას. მან იშვიათი ერთგულება გამოხატა ჩემ მიმართ. კახას წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ! მჯერა, რომ არა მხოლოდ ფეხბურთში, სადაც უნდა იყოს, ყველგან წარმატებული იქნება.
- შოთა არველაძემ ინტერვიუში განაცხადა, საფეხბურთო სამყაროს უმრავლესობა შეძლებისდაგვარად უდგას გვერდში დემეტრაძესო. ასეა?
- სამწუხაროდ, პატიმრობაში ყოფნისას ასეთი თანადგომა არ მიგრძნია. მწარედ მახსენდება, ფეხბურთის ფედერაციამ მამაჩემს ჩემი დახასიათების მიცემაზე უარი უთხრა და ამის შემდეგ რომელ თანადგომაზეა ლაპარაკი?
- შოთა ამბობს, რომ არსებობს ფეხბურთის ფედერაციის წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი შენი გათავისუფლების თაობაზე...
- ამ წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი. თუ ამ ხალხს სჯერა ჩემი უდანაშაულობის და ცდილობენ თანადგომას, მადლობის მეტი რა მეთქმის... შეწყალების მოთხოვნა იგივეა, დანაშაული აღიარო. მე კი ამას არ ვაპირებ, რადგან თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ. სასაცილოა ჩემთვის ქურდული სამყაროს წევრის იარლიყის მოკერება. რომელი ქურდული სამყაროს წევრი მე ვარ, როცა მოედანზე მსაჯის სასტვენის ხმაზე წინ და უკან დავრბოდი?! ბრალდებასაც ხომ გააჩნია?
- რამდენიმე თვის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოში სიმართლის პოვნის იმედი არ მაქვს და არც უზენაესი სასამართლოსგან ველი სიკეთესო. ახლაც ასე ფიქრობთ?
- ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს იმედი როგორ უნდა მქონდეს, როცა მან ასეთ რეზონანსულ საქმეზე, სადაც არაერთხელ აღინიშნა ჩემი უდანაშაულობა და არც რამე მტკიცებულება არსებობს, საჩივარი არ მიიღო?! ჩემმა ადვოკატებმა 2011 წლის ბოლოს გაგზავნეს საჩივარი სტრასბურში და იმედი მაქვს, ევროსასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ქვეყანაში სიმართლის პოვნის იმედი უკვე გადამეწურა. პირველი ინსტანციის სასამართლოსგანაც ვერ წარმომედგინა, რომ უსამართლო, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, მაგრამ....
ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო.
ვმადლობ უფალს, ჩემს თავში ვიპოვე იმის ძალა, რომ მემარხულა, ლოცვა ჩემი განუყრელი რიტუალი გახდა. დღეში ერთ საათს ვვარჯიშობ. ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ საკანში არ გვაძლევენ რადიოს შეტანის საშუალებას, ტელევიზორზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა, ჩემს ყველა გულშემატკივარს მივულოცო შობა-ახალი წელი. მე კი ღმერთს გამძლეობას ვთხოვ.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)