კარგად მახსოვს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე ირწმუნებოდა, ამ ბიჭს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებ და ყველა დარწმუნდებით, თუ როგორი ნიჭიერი და დიდი ტალანტის მქონეაო…
მისი სიტყვები ახდა. გიორგიმ დარჩენილი ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
არ შეიძლება არ ვთქვათ, ეს ფეხბურთელი
მგონი ურიგო არ უნდა იყოს, თუ ამ ბიჭის შესახებ უფრო ვრცლად დავწერთ. მაშ ასე, როსტოვიდან თბილისამდე…
- გიორგი, მოდით თავდაპირველად თქვენს შესახებ მოგვიყევით…
- როსტოვის მხარეში დავიბადე. 9 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებთან ერთად მოსკოვში გადმოვედი და სწორედ იქ გამიჩნდა ფეხბურთის მიმართ ინტერესი. 11 წლის ვიყავი ფეხბურთზე რომ შევედი, ჩემი პირველი გუნდი კი "ნორჩი დინამო" გახლდათ. შემდეგ საფეხბურთო კლუბი "მოსკვა" დაინტერესდა ჩემით და იქ ვიყავი მანამ, სანამ საქართველოში არ გადმოვედი საცხოვრებლად.
ჯერ იყო და ქუთაისის ერთ-ერთ გუნდში ვვარჯიშობდი. შემდეგ თბილისში წამოვედით. თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში დავიწყე ვარჯიში. მალე სინჯების გასავლელად "ვიტ ჯორჯიაში" მივედი და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ფეხბურთი და სწავლის ერთად შეთავსება გამიჭირდა. სწავლა ვარჩიე.
გავიდა ცოტა ხანი და აკადემიიდან მწვრთნელმა დამირეკა და დაბრუნება შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. შემდეგ ცხინვალის "სპარტაკში" სინჯებზე მივედი და აქ კი აღარ გამიმართლა და ვერ დავრჩი… გავბრაზდი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთზე აღარ მეფიქრა, მხოლოდ მესწავლა. მაგრამ ღვთის ნებით, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშს ლერი გაბესკირია დაესწრო, მოვიდა და "გაგრაში" მიმიყვანა, სადაც დღემდე ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. ამ გუნდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მადლობა "გაგრას" და ლერი გაბესკირიას.
- თქვენ "გაგრაში" მიხვედით, მაგრამ თავდაპირელად პირველ გუნდში ვერ მოხვდით…
- როდესაც "გაგრაში" სინჯები გავიარე, 18 კაცში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ გუნდში დავრჩი. დუბლშემადგენლობაში ვიყავი. დუბლში "დინამოს" წინააღმდეგ გვქონდა თამაში, სადაც კარგად ვითამაშე და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიხმეს.
როდესაც ნაკრების შეკრებიდან დავბრუნდი, ზვიად ჯელაძემ არათუ 18 კაციან განაცხადში შემიყვანა, ძირითად შემადგენლობაში მათამაშა რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ.
- და დღემდე ძირითადში ხართ…
- (იცინის) დიახ, ასეა.
- სადებიუტო შეხვედრაში რუსთაველების წინააღმდეგ არ ნერვიულობდით?
- გასახდელში ცოტას ვღელავდი… მაგრამ მწვრთნელმა დარიგებები მომცა, დამაწყნარა და მეც თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დავწყნარდი. თანაც ამ დროს გუნდი დაწინაურდა, ვიგებდით და უფრო თამამად ავთამაშდი.
- "გაგრა" რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად იბრძვის. აქვს ამის შანსი?
- შანსი ყოველთვის არის. მთავარია, სათანადოდ განეწყო მომავალი თამაშებისთვის, კარგად მოემზადო და მინდორზე ბოლომდე დაიხარჯო.
- რას იტყვით "გაგრას" შესახებ?
- ახალგაზრდა გუნდი ვართ, მებრძოლი და მონდომებული. ჩვენი დამარცხება ადვილი სულაც არაა. პერსპექტიული გუნდია, ჩვენ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. კმაყოფილი ვარ "გაგრაში რომ მოვხვდი.
- ალბათ, "გაგრამ" თასი რომ აიღო, იფიქრეთ კიდევაც, ნეტავ ამ გუნდში მათამაშაო…
- "გაგრას" ფინალური თამაში ვნახე და რომელი ფეხბურთელი იტყოდა უარს ეთამაშა საქართველოს თასის მფლობელი გუნდის შემადგენლობაში?
- გიორგი, თქვენ 19-წლამდელთა ნაკრებში კი იყავით გამოძახებული, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე თამაში არ მოგიწიათ…
- სანამ გუნდი შესარჩევი შეხვედრების ჩასატარებლად გაემგზავრებოდა, რამდენიმე დღით ადრე ცუდად გავხდი, ვეღარ ვვარჯიშობდი და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნაკრებში ვეღარ ვითამაშე. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა.
- მაგრამ ნაკრებში თამაში თქვენი ოცნებაა…
- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ითამაშოს თავისი ქვეყნის ნაკრებში.
- რა არის თქვენი ოცნება?
- გავხდე წარმატებული ფეხბურთელი, შევქმნა ოჯახი და უზრუნველყოფილი მყავდეს.
- ფეხბურთში?
- ძალიან მინდა რომელიმე ტიტულოვან ევროპულ კლუბში მოვხვდე.
- მაგალითად?
- რუსეთის პრემიერლიგა ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მოსკოვის "სპარტაკში" ან ცსკა-ში.
- "რეალი" თუ "ბარსელონა"?
- მაინც "რეალი"…
- "მილანი" თუ "ინტერი"?
- "მილანი".
- "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ…
- მხოლოდ "არსენალი".
- დიდი მადლობა საუბრისთვის.
ესაუბრა გიორგი კაციტაძე
fcgagra.ge