რამდენიმე ფეხბურთელმა პირველად მოირგო "დინამოს" მაისურა. მიმდინარეობს იმ საძირკვლის ჩაყრა, რომელმაც თავი სეზონის განახლებისას უნდა იჩინოს.
შეკრების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას ვესაუბრეთ.
- ამ ეტაპისთვის დასახული მიზნები შევასრულეთ, ვითამაშეთ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებიც. კარგია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ამით მზადების პირველი ფაზა დავასრულეთ.
დავიმატეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომელთაც უცხოურ ლიგებში თამაშის გამოცდილება აქვთ. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა.
კონკრეტულად გერაუს რაც შეეხება, მას ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს, ამიტომ გეტყვით, რომ იგი დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე მხოლოდ კვეკვესკირი გვყავდა, ჩვენ კი გვსურდა, ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე გვყოლოდა, რათა კონკურენციის ხარისხი გაზრდილიყო.
ვფიქრობ, ყველა რგოლში თანაბრად დაკომლექტებული და დაბალანსებული გუნდი გვყავს, სუსტი ადგილები შევსებულია. თუმცა, თუ ამა თუ იმ პოზიციაზე უფრო ძლიერი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა გაჩნდა, ამაზე უარს არ ვიტყვით.
ვცდილობთ, ახალწვეულებს ჩვენს სათამაშო სისტემაში ადგილი მივუჩინოთ. უკვე რეალურად გამოჩნდა ნახევარდაცვის და შეტევის გაძლიერების კონტურები.
მიუხედავად იმისა, რომ მარბელაში უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები გველის, შედეგს მაინც არ ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და მათი მონდომებით.
www.fcdinamo.ge