ნორვეგიელებთან შეხვედრაში გოგუა ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ მატჩის 36-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო, მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" Football Impact Cup 2012-ის ტურნირში მეორე შეხვედრა "სტრომსგოდსეტთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, ხოლო პირველი მატჩი დინამოელებმა პოლონურ "კრაკოვიასთან" 2:3 დათმეს.
"ვოლგას" ყოფილმა ფეხბურთელთმა გუშინდელ მატჩზე და გულშემატკივრისთვის სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
გოგიტა გოგუა:"მატჩის შემდეგ
პირველი ტაიმი ჩვენი იყო. მეორე ნახევარში კაცნაკლულები ვიყავით. მთლიანობაში ვფიქრობ, თამაშით ვაჯობეთ. მცირე ნიუანსები იყო სადაც შეიძლებოდა უკეთ გვეთამაშა დაცვაშიც და შეტევის ხაზშიც.
ეს შეკრებაა და დატვირთვის ფონზე შეცდომებიც უფრო მეტია. გუნდში მოსვლამდე პირადად მხოლოდ 4-5 ფეხბურთელს ვიცნობდი. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომელთაც ყველაფერი წინა აქვთ. რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი გუნდი ყალიბდება. ახალწვეულები მოვიდნენ, რომელთაც გამოცდილება აქვთ. აქ ისეთი მოთამაშეებიც დაგვხდნენ, რომელთაც სანაკრებო გამოცდილებაც გააჩნიათ - ლორია, ოდიკაძე, კოშკაძე.
ცხადია საქართველოს ჩემპიონატში ჩამორჩენა სოლიდურია. ლიდერი სერიოზულ ფორას ფლობს და ტიტულისთვის ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. დანარჩენი სატურნირო ცხრილში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, მე შედეგს თამაშის ხარისხზე წინ დავაყენებდი. ჩვენთვის მთავარი შედეგია. ყველამ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ, ფეხბურთელებმა ერთმანეთს უნდა მოვთხოვოთ და შედეგიც იქნება, რითაც გულშემატკივარსაც გავახარებთ".
fcdinamo.ge