გორის "დილა" გრაცის "შტურმს" გაუტოლდა

AutoSharing Option
გუშინ ბელექში გორის "დილამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა გრაცის "შტურმთან" 1:1 დაასრულა, - გვაცნობა გორელთა პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ.

ანგარიში 22-ე წუთზე სამირ მურატოვიჩმა გახსნა: ფლანგური ჩაწოდებისას გორელი მცველები შეცდნენ, გრაცელთა ბოსნიელმა ლეგიონერმა კი ბრძოლაში ბურთს ფეხი წაჰკრა - 0:1.

შესვენებამდე წონასწორობა "დილას" ახალწვეულმა გიორგი კახელიშვილმა აღადგინა: მე-40 წუთზე საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა - 1:1.

პირველ ტაიმში უპირატესობას ავსტრიელები ფლობდნენ, "დილა" ხომ ჯერაც შეუთამაშებელი გუნდია, თუმცა შტურმელებს სხვა მომენტი არც ჰქონიათ, დავით ჩაგელიშვილს კი გატანა შეეძლო - მისი დარტყმული
ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმში "დილა" გათამამდა და, როგორც გვითხრეს, ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"დილა": შეყრილაძე - ალადაშვილი, ახვლედიანი, ქარქუზაშვილი, მეგრელიშვილი - ბეჭვაია, კაშია, ნოზაძე - კახელიშვილი, ილურიძე, ჩაგელიშვილი.
მეორე ტაიმში: მერლანი - სადაღაშვილი, ახვლედიანი, ქარქუზაშვილი, ვ. ხორგუაშვილი - მდივნიშვილი, ჯოჯუა, ხუბუა - ჯიქია, ახალკაცი, დეკანოიძე


ირაკლი ლექვთაძეს მსუბუქი ტრავმა აქვს და თამაშს რამდენიმე დღეში შეძლებს. ინდივიდუალურად ივარჯიშეს მათე ვაწაძემ, ზურაბ არზიანმა, ლაშა სალუქვაძემ, ტრავმირებული ლექსო ინწკირველი და პავლე ხორგუაშვილი კი თბილისში დარჩნენ.

"დილასთან" არ უთამაშია "შტურმის" მარცხენა მცველ გიორგი ფოფხაძეს. გრაცელებმა გუშინ ორი შემადგენლობა დატვირთეს და გორელებთან მატჩის შემდეგ "ფიურტთან" 0:1 წააგეს.

"ფეხი მაწუხებს, მაგრამ სერიოზული არაფერია. სამწუხაროდ, გორელების თამაშის ნახვა ვერ მოვახერხე, მწვრთნელმა ინდივიდუალური დავალება მომცა და "ფიურტთან" საკონტროლო მატჩისთვის ვემზადებოდი. გერმანელებთან კი მოედანზე ვიყავი", - გვითხრა ფოფხაძემ.

გორელების მომდევნო მეტოქე რუმინული "გაზ მეთანი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული