ანთალიაში "გაგრას" ხელს წვიმა და ქარი უშლის

AutoSharing Option
"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, გუნდი თურქეთში მზადებას განაგრძობს, მაგრამ ანთალიაში ისევ წვიმა და ქარია, რის გამოც ბევრი საკონტროლო შეხვედრა ჩაიშალა.

მაგალითად, სასტუმროში ქართველებთან ერთად დაბინავებულ ლვოვის "კარპატის" დავით გიგაურისა და ნიკა ძალამიძის "იაგელონაისთან" უნდა ესპარინგა, მაგრამ მატჩი მხოლოდ 38 წუთი გაგრძელდა და სეტყვის გამო ჩაიშალა.

თუმცა გუშინ ანთალიაში შედარებით გამოიდარა. დილით გუნდმა ირბინა, საღამოს კი მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ აქცენტი ბურთით ვარჯიშზე გააკეთა.

30-წუთიან ორმხრივ თამაშში დაშავდა თამაზ ჯიშკარიანი, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირს.

"გაგრა" პირველ სპარინგს დღეს ჩაატარებს პოლონურ "გურნიკთან". გუნდში
იმედოვნებენ, რომ ავდარი პოლონელებთან შეხვედრას არ ჩაშლის.

"გაგრაში" გამოჩნდა 18 წლის ნახევარმცველი, ნუგზარ (ჯუბა) ხოჯაშვილი, რომელიც აფხაზეთშია დაბადებული, უკრაინაში იზრდებოდა და ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლებში თამაშობდა. შემდეგ "გაგრაში" ჩაირიცხა და გუნდის გაახალგაზრდავების დაწყებისთანავე მთავარმა მწვრთნელმა დუბლების ფეხბურთელი ანთალიურ შეკრებაზე წაიყვანა.

"ოდესაში 13 წლისა წავედი, 16-ისა კი "ჩერნომორეცის" დუბლებში მოვხვდი. მერე გუნდი უკრაინის პრემიერლიგიდან გავარდა, ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო კი პირველ ლიგაში თამაში აღარ მომიწევდა.

ოდესაში საქართველოს კონსულის მოადგილეს ლაშა დარასელიას ჩემს პრობლემებზე ვესაუბრე. მან "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს შემახვედრა, რომელმაც ჩემი თამაში ნახა, მოვეწონე და "გაგრაში" მიმიწვია.

ძირითადში გადასასვლელად დრო დამჭირდა, მაგრამ მოთმენა ვიცი - 13 წლიდან მამაჩემთან ერთად უცხოობაში ბევრი ტკივილი, დამცირება და გაჭირვება გადამიტანია.
თავი რომ გაგვეტანა, ყველაფერს ვითმენდი. ვიცი, რას ნიშნავს შანსი, რომელიც მომეცა და მისი გამოყენება უნდა შევძლო," - ამბობს ხუჯაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული