რომან ფიფია: თბილისის "დინამოში" ალექს გარსიას შექმნილი ატმოსფერო არ მომწონდა

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამოში" მომხდარი საკადრო ცვლილებების შესახებ "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართა. "დინამოს" პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ საზოგადოებას კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს რომან ფიფიამ უპასუხა.

რომან ფიფია: "დღეიდან თბილისის "დინამოს"  მთავარი მწვრთნელის ადგილს გიორგი დევდარიანი დაიკავებს. მთავარი მწვრთნელის შეცვლასთან ერთად, გუნდში სხვა საკადრო გადაადგილებაც არის.

დღეიდან ჩვენი კლუბის მმართველი დირექტორი სანდრო შახოვი იქნება, მან ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. ზურა ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა, იგი ჩვენს გუნდში რჩება. მე და ზურას სხვა საერთო
პროექტიც გვაქვს, რომელიც არ არის "დინამოსთან" კავშირში.

აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნება თუკი საკუთარი დროის დიდ ნაწილს ჩვენს საერთო პროექტს მოახმარს. რაც შეეხება სანდრო შახოვს იგი საკმაოდ კარგი მენეჯერია და "დინამო არენაზე" წარმატებულად განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები სწორედ მისი დამსახურებაა. "დინამოს" მმართველ დირექტორად სანდრო შახოვის დანიშვნას ვფიქრობ, უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას და ამავდროულად შედეგის მომტანიც იქნება.

ესპანელი ალექს გარსია საუკეთესო ადამიანია. მასზე, როგორც პიროვნებაზე დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს თვისებები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ "დინამომ" დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

სამწუხაროდ მაქვს ასეთი ვალდებულება, რომ მწვრთნელი ადრე თუ გვიან დავითხოვო. ეს ჩემი პრეროგატივაა, თუმცა მერწმუნეთ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის იოლი საქმე.

რთულია, როდესაც ადამიანი უნდა დაითხოვო. თუმცა ჩემთვის, მთავარი შედეგია. მე დაახლოებით ორი კვირის წინ, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე ალექს გარსიას და ბუნებრივია გარკვეული მოთხოვნებიც გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს პირობები არ იქნა სათანადოდ შესრულებული.

მე შემეძლო ალექსისთვის კიდევ სამი თვე მიმეცა, თუმცა ეს არსებულ სურათს არ შეცვლიდა. გარსიას ვთხოვეთ, რომ ფიზმომზადების საკითხები უმოკლეს დროში ყოფილიყო გამოსწორებული. მე არ მომწონდა ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადების ხარისხი. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და კიდევ, უამრავი დეტალია, რომელზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ.

"დინამოში" შექმნილი ატმოსფერო არ მომწონდა. ამიტომაც გიორგი დევდარიანზე გავაკეთე არჩევანი. დღეიდან სათავეში ჩვენს გუნდს სწორედ იგი ჩაუდგება.

რაც შეეხება აკადემიაში მომუშავე მწვრთნელს, ანდრეს კარასკოს, სავარაუდოდ იგი გუნდში დარჩება, რაღა თქმა უნდა თუ თავადაც ექნება ამის სურვილი. ესპანელი ფეხბურთელების დარჩენა - არ დარჩენის საკითხს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი შექმნის კონკურენტუნარიან და ბრძოლისუნარიან გუნდს. არ დავმალავ და არაერთხელ მქონდა ალექს გარსიას გაშვების სურვილი. დღეს ბევრი მესმის, რომ მწვრთნელს უდნა აცადო და დრო მისცე. თუმცა მინდა გკითხოთ, კახა კაჭარავამ რა დააშავა? კაჭარავას დროს ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი იყო, ახლა კი 5 მილიონ დოლარზე მეტია.

ჩვენ გვინდოდა უკეთესი - მაგრამ ვერ მივიღეთ. ახლა კი გიორგიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენს ნდობას იმსახურებს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე ამ ადამიანის მონდომებას ვხედავ და მას თავისივე გაწეული სამსახურიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებ ხვალინდელ შეხვედრაში უკვე გიორგი დევდარიანი იქნება გუნდთან ერთად და სავარაუდოდ სწორედ იგი გაიყვანს გუნდს მოედანზე".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული