გიორგი დევდარიანი: ალექს გარსიამ ქართულ მენტალიტეტს ვერ გაუგო

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია. ერთი შეხედვით, მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არც ისე - როდესაც სპეციალისტს "დინამო 2"-ს ჩააბარებენ, ის სამომავლოდ გუნდის მთავარ მწვრთნელად მოიაზრება.

ასეც მოხდა: საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი, კოლორიტული გუნდის "თბილისის" ყოფილი თავკაცი ამიერიდან საქართველოში ყველაზე პოპულარულ კლუბს გაწვრთნის.

პრესკონფერენციაზე, სადაც გუნდის მეპატრონე რომან ფიფიამ წარადგინა, 39 წლის დევდარიანს სახეზე ეტყობოდა ნერვიულობა...

- საქართველოში ყველაზე მეტად ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მწვრთნელებს აკრიტიკიბენ. მძიმე ტვირთი აიღეთ საკუთარ თავზე...
- ეს ტვირთი ახლა შევიდგი მხრებზე. თუ შეგიძლია
მისი ზიდვა და მიზნამდე მიტანა, გზაზე ის მსუბუქდება და ამ დაძაბულობადაც გიღირს. მით უფრო, თუ ეს ტვირთი შენთვის სათაყვანებელი გუნდის მწვრნელობაა.

- იმ იშვიათ კლუბებს შორის, სადაც გამოჩნდა ქართველთა ნიჭიერება, იყო "მრეტები" და თქვენი გაწვრთნილი "თბილისი" - ორივე ლაღ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა. ალექს გარსიას "დინამოც" შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ რაღაც აკლდა. კონკრეტულად, თქვენ რის შეცვლას აპირებთ, მხოლოდ დაცვის ხაზის?
- პრობლემის გასაღები მხოლოდ დაცვის გაძლიერება არ არის. ქართული ფეხბურთის უახლოესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ჩვენს კლუბებთან თუ ნაკრებებთან მუშაობა ქართველ მწვრთნელებს უფრო უადვილდებათ.

- რა არის ასეთი ქართული მენტალიტეტი, ვერავინ რომ გაგვიგო?
- ვერ გეტყვით, ეს ძალიან რთული და შორსმიმავალი თემაა.

- სადაც იმუშავეთ, ამ სირთულეს გასაღები მოუძებნეთ და პასუხიც უნდა გქონდეთ. მთავარი, ალბათ, მოთამაშეებთან მიდგომა და ურთიერთობის ფორმაა.
- "დინამოში" არავინ მოგცემს დროს, საფუძვლიანად რომ გაერკვე ქართულ ხასიათსა თუ მენტალიტეტში. არადა, ყველა მწვრთნელი დროში შეზღუდულია და მიუხედავად ამ შეზღუდვისა, მიზანს უნდა მიაღწიოს.

- ამიტომ არის ქართველისთვის მუშაობა ადვილი?
- ალბათ, ამიტომ. უკეთ ვიცით ჩვენი მოთამაშეების ზნე-ჩვეულებები, ავ-კარგი, უფრო ადვილია გუნდის მართვა, კონტროლი და კომუნიკაციაც ბევრად უფრო მარტივია. ჩემი აზრით, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, გარსიამ ისე რომ ვერ აათამაშა გუნდი, როგორც სურდა. ბევრი ლეგიონერი კი თამაშობდა, მაგრამ ბირთვს მაინც ქართველები შეადგენენ.

- ვისაც ქართულ კლუბებში წარმატებით უმუშავია, ყველა მწვრთნელი მკაცრი და სამართლიანი იყო. თქვენი მიდგომაც ასეთია?
- შორს რომ არ წავიდეთ, გია გეგუჩაძე ავიღოთ, რომელმაც ზუსტად იცოდა, რას ითხოვდა და მის შესრულებას მკაცრად ითხოვდა. მეც ასე ვაპირებ - ბევრ დინამოელთან ვმეგობრობ, ზოგს ჩემთან უთამაშია, წლები გვაკავშირებს და ურთიერთობები "თბილისის" შემდეგაც არ შეგვიწყვეტია. თუმცა, მეგობრობა არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის მოთხოვნები, რომელსაც "დინამო" თითოეულ ჩვენგანს უყენებს. ამ მოთხოვნების შესრულებას ყველას მკაცრად მოვთხოვ.

- თქვენ ხართ ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც გოგიტა გოგუა მოათვინიერა. თუმცა გოგიტა გაიზარდა, გახდა ცნობილი და საკმაოდ შეძლებული მოთამაშე. ნაკრების მწვრთნელებს ასევე გაუჭირდათ გიორგი მერებაშვილის გახსნა. არადა, ორივე ნიჭიერია და "დინამოს" შედეგები ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, მოახერხებთ თუ არა გუნდურ სქემაზე მათ მორგებას.
- გოგუას რაც შეეხება: საერთოდ, ყველა კარს აქვს თავისი გასაღები და თუ ეს მოახერხე, ნებისმიერი კარი გაიღება. კარგად ვიცნობ გოგიტას, ვიცი, რა პიროვნებაა, რა ბავშვობა ჰქონდა, რა გარემოში გაიზარდა და, საერთოდაც, ერთმანეთს მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა გვაქვს.

იმედია, ერთმანეთს უსიტყვოდ გავუგებთ, ისეთს კი არაფერს მოვთხოვ, რაც უპირველესად, მისი და გუნდის ინტერესებში არ ჯდება. ჩემს გამო არავინ არის ვალდებული, თავი შეიწუხოს და რამე გააკეთოს, მაგრამ ყველა ის საქმე გააკეთოს, რის გარშემოც ერთად შევიკრიბეთ. თანაც, გააკეთოს ისე, როგორც საქმეს სჭირდება და არა ჩვენ.

- "დინამო" ბრენდია, მის სახელს რომელი დონის ტურნირში მონაწილეობა შეეფერება?
- ორი აზრი არაა, "დინამო" წელსვე ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არ არის. მაგრამ გუნდმა უახლოესი წლების მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა უნდა დაისახოს. სადაც ეს ბორისოვოს "ბატემ" და ტირასპოლის "შერიფმა" მოახერხეს, ბევრად უფრო მდიდარი ტრადიციის მქონე "დინამომ" როგორ ვერ უნდა შეძლოს?

ამას გარდა, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბელარუსსა და მოლდოვაში ჩვენზე უფრო ნიჭიერი ბავშვები ჰყავთ. სწორი მუშაობითა და მოთმინებით ამ მიზნის მიღწევა სავსებით რეალურად მიმაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დემაგოგი ხარ მაგარი,შენ მარტო შენ გაზრდილ ბავშვებს ხედავ მეტს არავის.მართალი ხარ ისე ,, ქართულ მენტალიტეტს'' ვერავინ ვერ ეგუება.იგივე მოელის დინამოს შენ ხელში.
bondo
18:58 02-02-2012
0
ჯერ იყო და დინამოს დუბლებში აურია ბიჭებს კარიერა დევდარიანმა,ახლა იგივეს გააკეთებს დიდ გუნდშიც.მწვრთნელების ხშირი ცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს.
rezo
21:11 02-02-2012
0

სიახლეები პოპულარული