"დილას" მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს მოსამზადებელი ეტაპისთვის მხოლოდ თვეზე ოდნავ მეტი ჰქონდა - სეზონი ხომ 14 თებერვალს განახლდება.
თურქეთში გორელებმა ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს (ავსტრიულ "შტურმთან" 1:1 და რუმინულ "გაზ მეთანთან" 0:0), შემდეგ სამში დამარცხნდნენ (მეიჯორლიგის მოთამაშეების გუნდთან 0:1, "პეტროლულთან" 0:1, რუმინულ "ვოინტა სიბიუსთან" - 0:2) და მხოლოდ ბოლო მატჩი მოიგეს სერბებით გაძლიერებულ ალმატის "კაირატთან" (2:0).
"დილას" მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- შეკრება დასრულდა, ახალწვეულები საკონტროლო შეხვედრებში ნახეთ და დასკვნებსაც გამოიტანდით.
- კარგი შეკრება გავიარეთ. თურქეთში 31 მოთამაშე ვარჯიშობდა. კარგად მახსოვს, ანთალიაში წასვლამდე მკითხეს, მცირე მოსამზადებელი დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებსო და მართალია. რეალურად, ბევრი მოთამაშე მხოლოდ 27 იანვარს შემოგვიერთდა, ანუ გუნდის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 8 დღე მქონდა.
სხვა სახის პრობლემებიც იყო. მაგალითად, არზიანს "კაირატთან" თამაშის უფლება არ ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერ ვათამაშებდით ტრავმირებულ ვაწაძეს, კაშიასაც მიკროტრავმა ჰქონდა, ბევრი კი წონაში მომატებული ჩამოვიდა და ა.შ. მაგრამ ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ. მაგრამ ყველამ მოუმატა.
- არზიანს რატომ არ ჰქონდა თამაშის უფლება?
- ზურას "ვოლგასთან" ურთიერთობა ჯერაც გასარკვევი აქვს.
- გურულის დამატება გადაწყვეტილი ყოფილა.
- დიახ, ასეა, სანდრო თბილისში შემოგვიერთდება.
- შეკრებაზე ერთხელაც არ უთამაშია მათე ვაწაძეს. დღემდე ვერ მომჯობინდა?
- ჩვენთან არის, ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. თუმცა, იმედია, თამაშს მალე შეძლებს.
აქვე ვიტყვი, რომ გვსურდა განუგრავას დამატებაც, მაგრამ გუნდს პირობებზე ვერ შეუთანხმდა.
- კონტრაქტი ვის გაუფორმდება?
- ამ დროისთვის ბევრთან არც გაფორმებულა: "დილას" ფეხბურთელები არიან თოთაძე, მეგრელიშვილი, ინწკირველი, ბეჭვაია, ლექვთაძე, კაშია, კახელიშვილი, ალადაშვილი.
- არზიანის ამბავი გასაგებია და, რაც შეეხება სალუქვაძეს, ვაწაძეს და ილურიძეს?
- მათი ყოფილი კლუბებიდან განთავისუფლების ფურცელს ველით.
- ხორვატი მეკარე სკენდერის საკითხიც გადაწყდა?
- დიახ, ის ჩვენთან იქნება.
- მას ზაგრების "დინამოში" ორი წელი არ უთამაშია და ეს არ ეტყობა?
- რა თქმა უნდა, ეტყობა, მაგრამ მისი მაღალი კლასიც შესამჩნევი იყო: უთამაშებლობის კვალობაზეც კარგად გამოიყურებოდა. ცუდი ფეხბურთელი არ იყო სერბი კრნჟინაცი, მაგრამ გავუშვით, რადგან ლეგიონერი ადგილობრივზე უკეთესი უნდა იყოს.
- ამდენ ახალწვეულს როგორ დაიმატებთ?
- რატომ ვერ დავიმატებთ?
- განაცხადში გარკვეული რაოდენობის მოთამაშეთა შეყვანა შეიძლება, პირველ წრეში კი "დილას" ისედაც ბევრი მოთამაშე ჰყავდა.
- ლიმიტი არის, მაგრამ იმდენ მოთამაშეს დავიმატებთ, ლიმიტს რომ არ გადავაჭარბოთ.
- საკონტროლო მატჩებზე რას იტყვით?
- საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდით. მაგალითად "გაზ მეთანს", რომელმაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გერმანული "მაინცი" გააგდო. ჯერაც აუწყობელი გუნდით ეს პატარა ამბავი არ იყო.
მთელი შეკრება შემადგენლობის ბირთვის გამოკვეთას დავუთმეთ და ვფიქრობ, ოპტიმალურ ვარიანტს მივუახლოვდით. საქართველოში რომ ჩამოვალთ, კიდევ ერთი თამაშის ჩატარება გვინდა.
- თქვენი აზრით, "დილასგან" გაზაფხულზე რას უნდა ველოდოთ?
- ერთი კვირის გუნდია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ძალიან კარგი, სიმპათიური კოლექტივი გვეყოლება. მაგრამ პოტენციალის გამოსავლენად დრო გვჭირდება.
- საშინაო მატჩებს სად ჩაატარებთ?
- ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, თბილისის რომელიმე სტადიონზე ან გორში "ქართლზე". საზოგადოებისთვის კიდევ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, პრესკონფერენციას ჩავატარებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო, და შენც ქართველო სწავლითა სამშობლო გაახარეო!!!
გორის სახელით, გაიმარჯვეთ და საქართველო ასახელეთ!!!