ანდრეუ: თბილისის "დინამოსთვის" გაჩემპიონება იოლი არ იქნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ესპანელი ახალწვეული ანდრეუ გერაუ მაიორალი საქართველოს დედაქალაქში იმყოფება და გუშინ საღამოს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა. გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მას მცირედი კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ანდრეუ: "ბარსელონაში და მალაგაში უკვე გუნდთან ერთად ვიყავი და ამ პერიოდში უკვე ბევრი რამ გავიგე თბილისის "დინამოს"  შესახებ.

რაც შეეხება თბილისს ჯერ ფაქტობრივად არ გავცნობივარ ქალაქს, არადა ბევრი კარგი მსმენია. თბილისში მე და ჩემი ორსული მეუღლე ვართ ჩამოსული.

გუნდის კაპიტნის დამსახურებით ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მართალია ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ ფეხბურთელებთან ინგლისურ ენაზე საუბარს
ვახერხებ.

ჩემის მხრივ კი ქართული ენის შესწავლას ვცდილობ. თბილისში პირველი ვარჯიში გუშინ საღამოს ჩავატარე. საწვრთნელი ბაზა და ის ინფრასტრუქტურა, სადაც "დინამო" ემზადება ძალიან მომეწონა. ვიცი თუ რა ტრადიციების მქონე გუნდის მაისურით მომიწევს ასპარეზობა და ეს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო მმატებს.

ბუნებრივია სატურნირო ცხრილს გავეცანი და ცხრილში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ ჩემპიონობა იოლი მისაღწევი არ იქნება, თუმცა მე ყველანაირად ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში და გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შევეცდები.

"დინამოში" გადმოსვლამდე ახალი ზელანდიისა და ოკეანიის საუკეთესო გუნდში, "ოკლენდ სიტიში" ვთამაშობდი. ამ გუნდთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვიასპარეზე, მაგრამ მაინც ევროპაში დაბრუნება ვარჩიე. ვინაიდან ზელანდიაში ფეხბურთთან შედარებით რაგბი და კრიკეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაინც და მაინც საფეხბურთო ქვეყანად არ ითვლება.

საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს "ხიხონთან", როგორც სპორტულ, ასევე პირადულ ჭრილში. ამ გუნდში ოთხი წელი გავატარე. "ხიხონში" ასპარეზობისას პრიმერადივიზიონის საგზურიც მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. ამასთანავე ჩემი მეუღლეც ხიხონიდან არის და შესაბამისად ეს ქალაქი სამუდამოდ იქნება ჩემს მოგონებებში".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული