თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში მყოფ ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას ჰაიფას "მაქაბის" რომ შეუერთდა, უკვე გაცნობეთ. ქართველმა მცველმა ებრაელთა გუნდში პირველად უკვე ითამაშა "ზალცბურგის თასის" გათამაშებაში, რომელშიც "მაქაბის" გარდა, ბუქარესტის "დინამო", მოსკოვის "ლოკომოტივი" და ვენის "აუსტრია" მონაწილეობენ. კაშიამ ჰაიფელთა რიგებში ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
"მაქაბის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რუმინელებთან მატჩში, ჰაიფელთა გუნდის თავკაცმა ელიშა ლევიმ ტესტირებაზე მყოფი სამი ახალი ფეხბურთელი გამოსცადა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო გურამ კაშია, რომელზეც ასე დაწერეს
- თამაშს კარგად კითხულობდა, მაგრამ თანაგუნდელებთან კოორდინაცია აკლდა, რაც ბუნებრივიაო. კაშიას ტრანსფერის თაობაზე ლევი საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრიული შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.
"ზალცბურგის" თასის გათამაშებაზე ჰაიფას "მაქაბი" მომდევნო შეხვედრას დღეს, 30 ივნისს მალხაზ ასათიანის მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამართავს.
დავით ცაბაძე