პირველად ამიერკავკასიაში - სფფ უეფას მასშტაბურ სემინარს მასპინძლობს

AutoSharing Option
22-23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო დონეზე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლებს.

საუბარია უეფას ეგიდით გასამართ სემინარებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ ამიერკავკასიაში პირველად ტარდება და მისი მასპინძლობის პატივი, ჩვენს რეგიონში, პირველად, სწორედ, ჩვენს ქვეყანას ერგო.

სემინარებზე, რომელიც სასტუმრო "რედისონში" გაიმართება, განხილული იქნება უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები.

სემინარებს უშუალოდ გაუძღვებიან უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი - ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი - ფილიპ რასმუსენი. ასევე, სხვა ოფიციალური პირებიც უეფადან.

უეფას სემინარებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს აზერბაიჯანის,
სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ბელორუსის, ბულგარეთის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვას, მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, სერბეთისა და უელსის წარმომადგენლები ეწვევიან. უფრო კონკრეტულად კი, ლიცენზირების მენეჯერები და ფინანსური ექსპერტები.

აღნიშნული სემინარები, ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად, ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში და მასში მუდმივად მონაწილეობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

სფფ-ს კარგა ხანია ჰქონდა სურვილი, საქართველოც გამხდარიყო ამ ღონისძიების მასპინძელი და ძალიან სასიამოვნოა, რომ წლეულს, უეფამ სწორედ ჩვენ მოგვანიჭა მასპინძლობის პრიორიტეტი. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური თანხმობა გასული წლის შემოდგომაზე მოგვცა და სფფ-შიც იმ დროიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურდა, ეს შანსი მაქსიმალურად გამოეყენებინა და უეფასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ამ სემინარების ფარგლებში, უეფას ექსპერტები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთანაც გამართავენ ერთ სამუშაო შეხვედრას.

როგორც სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელმა - ბაქარ ჟორდანიამ განაცხადა, ასეთი მასშტაბის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ სამომავლოდ, სფფ-ს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება ექნება და იმედია, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მასპინძლობასაც შევძლებთ.

ჩვენი სტუმრები თბილისში 21 თებერვალს ჩამოვლენ. სფფ-ს დაგეგმილი და გათვალისწინებული აქვს მცირე კულტურული პროგრამაც. კერძოდ, სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ ჩვენს დედაქალაქს და მოინახულებენ ეროვნულ მუზეუმს.

უშუალოდ სემინარები კი, 22 თებერვალს, დილიდან დაიწყება. 23 თებერვალს, დაგეგმილია ქართული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამავე საღამოს, სემინარები ოფიციალურად დასრულდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული