გია გურულის ახალი ეტაპი ბათუმის "დინამოში"

AutoSharing Option
ფოტო: 1990 წელი. საქართველო-ლიტვა 2:2. გია გურული (ბურთით) ვალდას ივანაუსკასის წინააღმდეგ

საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ამდენი "საინტერესო დაბრუნება" არასდროს მომხდარა: 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე ჩვენს პირველობას ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები უბრუნდებიან. დავით მუჯირი, ზურაბ მენთეშაშვილი, გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ზურაბ არზიანი, მათე ვაწაძე, - აი, არასრული ჩამონათვალი იმ ფეხბურთელებისა, სხვადასხვახნიანი პაუზის მერე რომ დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში.

ამ შემთხვევაში უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ და როგორ შეიძლება ნეიტრალურ ქომაგსაც არ ახარებდეს პლეი აუტში მოასპარეზე ბათუმის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელის, 38 წლის ამირან
მუჯირის
დაბრუნებაც.

თუმცა მხოლოდ ფეხბურთელები როდი ბრუნდებიან: მეორე ეტაპიდან უმაღლეს ლიგაში არცთუ მცირე პაუზის შემდეგ კვლავაც გამოჩნდნენ საკუთარი ხელწერის მქონე სპეციალისტები, გოჩა ტყებუჩავა და გიორგი დევდარიანი.

და აი, ორი დღის წინ ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი დაბრუნებაც შედგა: ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად გია გურული დაინიშნა!

გია გურულს საქართველოს ჩემპიონატში (არცერთ ლიგაში) მწვრთნელის რანგში არასდროს უმუშავია. თუმცა წლების განმავლობაში უცხოეთში (საფრანგეთში) საქმიანობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდულ და ბავშვთა გუნდებს ავარჯიშებდა.

"დიდ ფეხბურთში" გურული-მწვრთნელის დებიუტი დღეს შედგება და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ასპარეზზეც ისეთივე წარმატებული კარიერა ექნება, როგორიც ფეხბურთელობისას ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, გია გურულის დონის ცენტრფორვარდი რომ ჰყავდეს საქართველოს დღევანდელ ნაკრებს, ამაზე უკეთესი რა უნდა გვენატრა...

გია გურული სამწვრთნელო კარიერას ბათუმის "დინამოში" იწყებს, თავის პირველ პროფესიულ კლუბში - 1981 წელს პერსპექტიულმა ფორვარდმა იმდროინდელ საკავშირო მეორე ლიგაში ასპარეზობისას უდიდესი გამოცდილება სწორედ ამ გუნდში მიიღო.

17 წლის თავდამსხმელის (ფეხბურთის "ანბანს" მშობლიურ ჭიათურაში რომ ეზიარა და მერე გლდანის სკოლა-ინტერნატში გააგრძელა დაოსტატება) შესაძლებლობები ნოდარ ახალკაცს როგორ გამოეპარებოდა და 1982 წლის დასაწყისიდან გია გურული თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა!

მალე საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა იმდროინდელ თბილისის "დინამოში" მართლაც "არანორმალური" კონკურენცია იყო და გია გურულსაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად.

კონკურენცია კი შემთხვევით არ გვიხსენებია და ამის დასტურად 1986 წლის სეზონიც გამოდგება, როცა თბილისის "დინამოს" თავდასხმის ხაზში ერთიმეორეზე უკეთესმა შემტევებმა მოიყარეს თავი (რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ჩელებაძე, ვალერი გაზაევი, გრიგოლ ცაავა, მიხეილ მესხი-უმცროსი, გია გურული)!

გია გურული ტიპური ცენტრფორვარდი გახლდათ - ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი უპრობლემოდ შედიოდა მეტოქეებთან ძალისმიერ ორთაბრძოლაში, ორივე ფეხით ძლიერი და ზუსტი დარტყმა ჰქონდა. თავით თამაშში ხომ, საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმდროინდელ საკავშირო უმაღლეს ლიგაში!

განსაკუთრებულად შთამბეჭდავად 1987 და 1988 წლების სეზონში ითამაშა: ევროტურნირებზე სოფიის "ლოკომოტივის" კარში გატანილი ულამაზესი გოლიც (35 მეტრიდან უცნაური ტრაექტორიით რომ გაგზავნა მეტოქის კარის "ცხრიანში") ბევრს ემახსოვრება და ის პერიოდიც, "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი რომ გახლდათ.

სამწუხაროდ, 1988 წლის მიწურულს, გარკვეულ მიზეზთა გამო, "დინამოს" დატოვება მოუხდა (მანამდე საკავშირო უმაღლეს ლიგაში 104 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა) და მომდევნო სეზონი საკავშირო პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა.

იმდროინდელ "გურიას" მართლაც ჩინებული შემადგენლობა ჰყავდა და სხვა ლიდერებთან (მერაბ ჟორდანია, ოთარ კორღალიძე, გოჩა ტყებუჩავა, ბესიკ ფრიდონაშვილი, დავით ცომაია, ლევან ბარათაშვილი, მამუკა აბუსერიძე, ბადრი დანელია) ერთად გია გურულმაც ლომის წილი შეიტანა ლანჩხუთელთა წარმატებაში - გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

ამასობაში კი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ოღონდ გურული კვლავ "დინამოში" (იმდროინდელ "იბერიაში") დაბრუნდა. სხვათა შორის, დინამოელთაგან საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი სწორედ გურულმა გაიტანა (მეორე ტურში, რუსთავის "გორდასთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, 12 000-ამდე გულშემატკივარი რომ ესწრებოდა). სულ იმ სეზონში 23 ბურთი გაიტანა და "გორდას" თავდამსხმელ მამუკა ფანცულაიასთან ერთად პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

აი, ამის შემდეგ კი გურულმა კარიერა უცხოეთში გააგრძელა (ერთ-ერთმა კი არა, ალბათ, პირველმა ქართველმა ფეხბურთელმა ეროვნული ჩემპიონატიდან) - ორი სეზონი კატოვიცეს გკს-ს (პოლონეთი) ღირსებას იცავდა, 1992 წლიდან კი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის "ლე ავრში" ჩაირიცხა!

სხვათა შორის, 2009 წლამდე სწორედ გურული გახლდათ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ვისაც კი როდისმე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში უთამაშია (მერე ეს "ესტაფეტა" ახალგაზრდა მეკარემ გიორგი მაკარიძემ გადაიბარა); თანაც, თამაშსაც ხომ გააჩნია: გურული "ლე ავრის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ და სწორედ მაშინ იყო, "მარსელის" და საფრანგეთის ნაკრების სახელგანთქმულმა მცველმა ბაზილ ბოლიმ ყველაზე უხერხულ მეტოქეთა შორის, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ფორვარდი რომ დაასახელა!

გიამ "ლე ავრის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები კი საფრანგეთის ქვედა დივიზიონის გუნდებში ("დიუნკერკი", "კალე") გაატარა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

2004-05 წლებში კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფრანგი სპეციალისტის, ალენ ჟირესის ასისტენტი გახლდათ.

დაბოლოს, ერთობ მტკივნეულ თემაზეც: არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ გია გურული საქართველოს ნაკრებისთვის შესაფერისად ვერ გამოვიყენეთ. აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, როცა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე და ჩინებულ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს მხოლოდ ორ ოფიციალურ მატჩში (ორივეჯერ - არასრულად) მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

სულ კი გია გურულმა საქართველოს ნაკრებში ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. თანაც, ის ერთადერთი გოლი მართლაც განსაკუთრებულია: 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა (ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ) და ჩვენებურთაგან პირველი გოლი სწორედ გია გურულმა გაიტანა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული