ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს" - კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი თუ ივო შუშაკი?

AutoSharing Option
ვინ იქნება თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი? ინფორმაცია ყოველდღე იფილტრება და რეალური კონტურებიც იკვეთება. როგორც გაირკვა, ომარ თეთრაძის კანდიდატურა გამოირიცხა - მისი ვარიანტი განიხილეს, მაგრამ პირადად არავინ დალაპარაკებია.

საბოლოოდ, თეთრაძე რუსეთის პირველი ლიგის გუნდთან დაწყებულ მოლაპარაკებაზე გადაერთო, 21 აპრილს მოსკოვში გაფრინდა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ერთ-ერთ ამბიციურ კლუბს ჩაიბარებს.

თუმცა ცდებით, თუ გგონიათ, რომ მას საქართველოში დაბრუნება არ სურს. თავისუფალ დროს სულ საქართველოშია და შვილებს ქართულ გარემოში ზრდის. სპეციალისტი, რომელსაც რუსეთში აფასებენ, აღიარებენ, ქართველების სიყვარულს გადააყოლეს. ომართან საუბრის შემდეგ კი დაგვრჩა
შთაბეჭდილება, რომ საქართველოში იგნორირების გაუგებარ მიზეზებს ძალიანაც განიცდის.

და ივო შუშაკი? ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წლების წინ თბილისის "დინამოს" და ორიოდე მატჩში საქართველოს ნაკრებსაც წვრთნიდა. მშვენიერი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა და უნდა ითქვას, რომ მისი კანდიდატურაც განიხილება.

შუშაკის გარდა, კიდევ ერთ უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურაც გამოიკვეთა: ლაპარაკია სლოვაკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე.

ვაისი 1964 წლის 22 სექტემბერს ბრატისლავაში დაიბადა. იყო საკმაოდ წარმატებული მოთამაშე, თამაშობდა ჩეხეთ-სლოვაკეთის და სლოვაკეთის ნაკრებებში, მონაწილეობდა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ვლადიმირ ვაისმა მწვრთნელად სახელი 2005/06 წლების სეზონში გაითქვა, როდესაც სლოვაკური "არტმედია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ეტაპზე გაიყვანა. შემდეგი ორი სეზონი რუსეთში იმ დროისთვის ამბიციურ და მდიდარ მოსკოვის ოლქის "სატურნს" წვრთნიდა. 2007 წელს ისევ "არტმედიას" დაუბრუნდა, 2008 წლის ივნისში კი სლოვაკეთის ნაკრები ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯგუფში სლოვენიას, ჩეხეთს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და პოლონეთს აჯობა და პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თავი არც იქ შეურცხვენია. ახალ ზელანდიასთან დაზავებისა (1:1) და პარაგვაისთან მარცხის შემდეგ (0:2) იტალიას სძლია (3:2), "სკუადრა აძურა" ჯგუფში ჩატოვა და მერვედფინალში გავიდა. თუმცა ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი ვაისისთვის კატასტროფული გამოდგა. სლოვაკებმა ტურნირი ჩინებულად დაიწყეს. შინ მაკედონიას, მოსკოვში კი რუსეთს 1:0 მოუგეს, მაგრამ ერევანში სომხებთან (1:3) წაგებამ გეგმები აურიათ. მდგომარეობა მაინც გამოასწორეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ, მაგრამ სომხებთან მეორე მარცხით (ჩვენმა მეზობლებმა ჟილინაში 4:0 მოიგეს) დაქვეითდნენ და საბოლოოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

წელს, 30 იანვარს, ვაისი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კომპენსაციის სახით სამი თვის ხელფასი მიიღო და საქმიანობა ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელა, რომელსაც 2011 წლიდან შეთავსებით ავარჯიშებდა.

ვაისის ისტორია რაღაცით ჩვენი დავით მუჯირი-უმცროსის ისტორიას ჰგავს. ეტყობა, გვარში სხვა სახელს არ ცნობენ: ვაისის მამაც ფეხბურთელი იყო, მასაც ვლადიმირი ერქვა და 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე გახლავთ. მწვრთნელმა ვაისმა შვილსაც ვლადიმირი დაარქვა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელია, გამოდიოდა "მანჩესტერ სიტიში", "ბოლტონში", "რეინჯერსში". ახლა კი 22 წლის ნახევარმცველი "ესპანიოლის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

47 წლის ვაისს თბილისის "დინამოს" გარდა, რუსეთში მოსკოვის "დინამო" იწვევს, რაც "უორლდ სპორტის" რუსულენოვან გამოცემასთან თავადაც დაადასტურა.

ვაისისა და შუშაკის გარდა, კვლავაც აქტუალურია კახა ცხადაძის კანდიდატურაც. მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "დინამოს" ცხადაძეს ჩააბარებენ, ხოლო ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კი გიორგი ჩიხრაძე გახდება, რომელიც ამჟამად ზაქათალას "სიმურგის" დამრიგებელია.

ვლადიმირ ვაისი

Sportall.Ge

მოთამაშის კარიერა

1984-86 "ხურბანოვო" 0 (0)
1986-93 "ინტერი" (ბრატისლავა) 126 (28)
1993 "სპარტა" (პრაღა) 4 (1)
1993-94 "პეტრა" დრნოვიცე 14 (2)
1994 "კოშიცე" 24 (1)
1995 "დუნაისკა სტრედა" 31 (4)
1996-2000 "არტმედია პეტრჟალკა" 59 (7)

ეროვნული ნაკრებები
1988-90 ჩეხეთ-სლოვაკეთი 19 (1)
1993-95 სლოვაკეთი 12 (1)

სამწვრთნელო კარიერა
1996-2000 "არტმედია პეტრჟალკა" მოთამაშე-მწვრთნელი
2000-06 "არტმედია პეტრჟალკა"
2006-07 "სატურნი" (მოსკოვის ოლქი)
2007-08 "არტმედია პეტრჟალკა"
2008-12 სლოვაკეთის ნაკრები
2011- "სლოვანი"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
OLIMPIAKOSIS TREINERI GANTAVISUFLDA ....IQNEB GANIXILOS DINAMOM :)))))
0
გარსია დააბრუნეთ,ვერავინ ვერ დაალაგებს ეხლა სიტუაციას დინამოში ალექს გარსიას გარდა,გუნდს ეს ადამიანი უნდა და იქნებ იმათაც მოუსმინოთ ,რა შეუგნებელი ხალხი ხართ (((((((((((((((
irina
14:46 23-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული