რომან ფიფია: კახა ცხადაძის დანიშვნა თბილისის "დინამოში" რეალურია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მარტვილში მისთვის უხერხულ მეტოქეს, მარტვილის "მერანს" 3:1 მოუგო, რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სამეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი დაიბრუნა.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ძალიან ბედნიერი ჩანდა და ინტერვიუ ამ ტალღაზე ჩამოვართვით.

- როგორც იქნა, გაიმარჯვეთ და აშკარად კმაყოფილი ჩანხართ...
- რა თქმა უნდა, რადგან ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის ფრედ დასრულება და ფინალურ რვიანში არმოგება "დინამოს" არ შეეფერებოდა. ჩვენ არ გვეკადრებოდა ის თამაში, რასაც ბოლო პერიოდში ვაჩვენებდით და ის ადგილი, რომელიც ამჟამად გვიკავია. არადა, ბიჭებს
თამაში შეუძლიათ და ეს დღესაც გამოჩნდა.

- მაშინ რატომ არ თამაშობდნენ?
- ალბათ, იყო მწვრთნელთან დაკავშირებული პრობლემა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს "დინამომ" კარგი ფეხბურთი იმ გუნდთან აჩვენა, რომელთანაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. მარტვილში თამაში ნებისმიერისთვის ძნელია. გაიხსენეთ, პირველ ეტაპზე რა დამაჯერებლად გამოიყურებოდა. იქ "ზესტაფონმა" 4:4 ითამაშა, ჩვენ კი მოვიგეთ და თანაც, შთამბეჭდავად.

კარგი თამაშისთვის მწვრთნელსა და ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. 3 ქულის მოპოვება იმიტომაც იყო რთული, რომ მარტვილში ძალიან ცუდ მოედანზე ვითამაშეთ.

"მერანი" კარგი გუნდია, ძალიანაც მესიმპათიურება, მაგრამ მიმაჩნია, რომ უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილე მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამაში, უპირველესად, ხარისხიან სარბიელს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ, რა მოედანზე ვითამაშეთ? ბურთის დამუშავება, გაჩერება და გაგორება შეუძლებელი იყო.

საერთოდ, დროა, მოედნის ხარისხთან დაკავშირებით კრიტერიუმები გამკაცრდეს. ეს ჩვენს კლუბებსაც წაადგება, მოთამაშეთა ზრდასაც და ჩემპიონატსაც, რადგან კარგი საფარი ფეხბურთს უკეთ წარმოაჩენს და უფრო სანახაობრივს ხდის.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი მონდომებული დინამოელები მეორე ეტაპზე არ მახსენდება...
- ბიჭებთან ვისაუბრეთ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ვფიქრობ, თავადაც კარგად ხვდებიან, რას წარმოადგენს "დინამო", რომ ეს არ არის საქართველოსთვის რიგითი კლუბი და სხვებზე მეტი მოეთხოვებათ. "დინამო" ერთია, მაგრამ თითოეულს ჰყავს ოჯახი და მეგობრები.

- ამით გინდათ თქვათ, რომ ცუდი თამაშით გუნდში დარჩენას ბევრი ვერ დაიმსახურებს? არის კიდეც ინფორმაცია, თითქოს სეზონის შემდეგ "დინამოს" ბევრი დატოვებს...
- ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა დარჩენილ შეხვედრებშიც უნდა დაამტკიცოს, "დინამოში" დარჩენას რომ იმსახურებს.

- არის დიდი საფრთხე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზეც ვერ გავიდეს...
- ეს იქნება უბედურება, მაგრამ ვეცდებით, რომ სამეულში მოვხვდეთ და ევროპის ლიგა გავინაღდოთ.

- დაბოლოს, ამტკიცებენ, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია...
- (იცინის) ყველაფერი რეალურია.

- ყველაფერი რეალური როგორ არის? ვაისის კანდიდატურა განიხილეთ, მაგრამ უარი თქვით...
- (იცინის) მისი კანდიდატურაც რეალური იყო. სხვათა შორის, სამი გერმანელი მწვრთნელის კანდიდატურა შემოგვთავაზეს და მაგაზეც ვფიქრობდით. ახლა ცხადაძეზეც გადავერთეთ.

- როგორც ვიცი, პრინციპული საკითხი იყო, "დინამო" ქართველს უნდა გაეწვრთნა თუ უცხოელს და გადაწყვეტილება ქართველის სასარგებლოდ მიიღეთ, გუნდის სპეციფიკას უკეთ გაიგებსო...
- დიახ, ვფიქრობ, რომ "დინამო" ის გუნდია, რომელიც ქართველმა უნდა გაწვრთნას. ის უფრო ღრმად გაიგებს ჩვენს პრობლემებს და უკეთ მიხვდება, როგორ მოაგვაროს.

- გაიგებს თუნდაც ჩვენი ფეხბურთელების უცნაურ და სხვებისთვის გაუგებარ მენტალიტეტს?
- დიახ, სწორედ ასე მიმაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
და რა გავაკეთოთ ეხლა ვიაროთ დიღომში და ბაზას უყოროთ და დავტკბეთ? ვინც არ უნდა ჩამოიყვანოს ფიფიამ დინამოში,ეგ ისე უსამართლოდ მოექცა ადამიანებს,ასე მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარი იზამდა,რომ არაფერი არ ეშველება გუნდს და ყველა ის ადამიანი მეცოდება ვისაც მასთან მუშაობა მოუწევს !!! და ცხადაძეს სიამოვნებით გავაფრთხილებდი რომ შეცდომა არ დაუშვას და მასთან არ ჩამოვიდეს სამუშაოდ! თორემ წინამორბედების ბედს გაიზიარებს სულ მცირე დროში. და ფულით კიდე საქმეს ვერ გააკეთებ თუ ცოდნა არ გაქვს და ოდნავ მაინც არ გესმის ფეხბურთი!
irina
19:24 30-04-2012
0
იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია და იმაზე მეტი ადამიანი მყავს დინამოში ვიდრე შენ ! ეს ისე და მეორეც უსამართლობას ღმერთი არ აპატიებს ,ასე რომ დაველოდოთ და აგერ ნახავთ რაც მოხდება!
irina
19:25 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული