ვლადიკავკაზის "ალანიას" გოჩა ხოჯავა, ლაშა სალუქვაძე და შოთა გრიგალაშვილი მიჰყავს?

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიაში", შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელები კვლავ ვიხილოთ. გოჩა ხოჯავამ "ლელოსთან" ინტერვიუში ჯერ კიდევ გორის "დილაში" ჩარიცხვის დროს თქვა, რომ ვლადიკავკაზელები ზაფხულში გადასვლას სთავაზობდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ვლადიკავკაზური კლუბი სხვა მოთამაშეებითაც დაინტერესდა: ხოჯავას გარდა, კლუბის სელექციონერებს გორის "დილადან" ცენტრალური მცველის, ლაშა სალუქვაძისა და საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" ცენტრალური ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილის წაყვანაც სურთ.

მათ გარდა, "ალანიას" ინტერესის სფეროში კიდევ რამდენიმე მოთამაშეა, მაგრამ ამ სამეულის ტრანსფერი პრიორიტეტულია.

ხოჯავასა და სალუქვაძეს "დილასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებათ, მაგრამ გორელთა თავკაცები მათ დატოვებაზე ზრუნავენ, რადგან მომდევნო სეზონში
ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებენ. ამდენად, ძნელი სათქმელია, ეს ტრანსფერები არის თუ არა რეალური.

"ზესტაფონთან" კონტრაქტის ვადა უსრულდება გრიგალაშვილსაც. 25 წლის საყრდენი ნახევარმცველით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ, მათ შორის, საქართველოშიც, მაგრამ მას კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურს და "ზესტაფონთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თავს იკავებს.

ამჟამად ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტი ცნობილი სპეციალისტი ვალერი გაზაევია, რომლის ხელმძღვანელობითაც "ალანიამ" 1995 წელს რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა. მაშინ გუნდში ქართული ფეხბურთის შვიდი აღზრდილი თამაშობდა - სოსო გრიშიკაშვილი, ზაზა რევიშვილი, მურთაზ შელია, ინალ ჯიოევი, ომარ თეთრაძე, ბახვა თედეევი, მიხეილ ყაველაშვილი; აგრეთვე, თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ზაურ ხაპოვი. სელექციაში კი გაზაევს ვლადიმერ გუცაევი ეხმარებოდა. იმ სეზონში ყაველაშვილი 12 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

აქვე ვიტყვით, რომ საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოსვლის ისტორიაში "ალანიას" საუკეთესო ბომბარდირი 58 გოლით ქართველი გიორგი კაიშაურია, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კი თბილისში დაბადებული ყაზბეგ ტუაევი. რუსეთის ჩემპიონატებშიც საუკეთესო შედეგი ჩვენებურს, გიორგი დემეტრაძეს ეკუთვნის - 1999 წელს გიორგიმ მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო და ბომბარდირი გახდა.

წლების წინ ვლადიკავკაზის "ალანია" ქართველების ტრამპლინად იყო ქცეული, მაგრამ ოდესღაც პროვინციული კლუბის დაწინაურებაში ბევრმა ჩვენიანმა შეიტანა წვლილი: ზემოთ დასახელებულთა გარდა, კლუბში თამაშობდნენ გოჩა ჯამარაული, კახა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, მამუკა წერეთელი, მიხეილ ფოცხვერია, ლევან სილაგაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ჩალაძე... 90-იანი წლების შემდეგ "ალანიაში" 22-მა ქართველმა ითამაშა.

მაგრამ 2008 წელს, ცხინვალში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ქართულ-ოსური საფეხბურთო პარტნიორობა შეწყდა და ჩვენი მოთამაშეებით თითქმის აღარ ინტერესდებოდნენ. ამის ფონზე გაგვიკვირდა, შარშან გასინჯვაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ივანე კანდელაკი და აპოლონ ლემონჯავა რომ მიიწვიეს.

ქართველების მიმართ ინტერესს ყოველთვის იჩენდა გაზაევიც, მაგრამ 10 წლის წინ, რატომღაც, მოხდა ისე, რომ ჩვენებურებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა.

იყო ასეთი ფაქტი: როდესაც მოსკოვის ცსკა ჩაიბარა, ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი შესთავაზეს და კატეგორიული უარი განაცხადა. მას შემდეგ ქართველებს ახლოსაც არ იკარებდა. ერთადერთი გამონაკლისი ლევან კობიაშვილი იყო, რომელსაც "შალკედან" ცსკა-ში გადასვლას სთავაზობდა.

ამჟამად "ალანიაში" მხოლოდ გურამ თეთრაშვილი ირიცხება და ისიც კლუბის დუბლშემადგენლობაში თამაშობს. ჩვენი გულშემატკივრისთვის უცნობი 24 წლის ცენტრალური მცველი რუსეთის მოქალაქეა. "ალანიაშია" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი ნახევარმცველი სანჟარ ტურსუნოვი, რომელიც კლუბს ქართველების დეპორტაციის შემდეგ მალე დაემშვიდობა.

ამჟამად გუნდს პრეზიდენტის ვაჟი, ვლადიმირ გაზაევი ავარჯიშებს. "ალანია" 93 ქულით პირველი ლიგის საუკეთესო რვიანში მესამე ადგილზეა, ლიდერ "მორდოვიას" 4 ქულით ჩამორჩება. ასევე 93-ქულიანი "ნიჟნი ნოვგოროდი" კი ვლადიკავკაზელებს მხოლოდ მოგებების მეტი რაოდენობით უსწრებს.

"ალანიას" გარანტირებული აქვს პლეი ოფში მონაწილეობა, თუმცა დარჩენილ ორ ტურში მოვლენათა სასურველი განვითარების შემთხვევაში ვლადიკავკაზელები პრემიერლიგაში გადათამაშების გარეშე დაბრუნდებიან.

"ალანიამ" ქართველებისკენ გამოიხედა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეეჰ ზესტამ მაინც თუ ვერ შეინარჩუნა ეგ ფეხბურთილი, მაშინ გასაგები არის რომ უფროსობა ფულის გაკეთებაზე უფრო ფიქრობს ვიდრე გუნდის
TaroSochi
14:43 07-05-2012
0
თუკი ქართული კლუბები უკვე რუსულებთან ფეხბურთელებზე დავობენ და ეჭიდებიან მათ ტრანსფერებზე, მაშინ ძალიან კარგად მიგვდის საქმე :)
Борис Акунин
16:08 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული