ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა. ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
"ტიროლთან" ფიასკომ ყველა გამოგვაფხიზლა... საკუთარ მომავალზე უფრო სერიოზულად დავფიქრდი. ოცნება იმაზე, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა, რადიკალურ გადაწყვეტილებას მოითხოვდა... რაც მთავარია, შეცდომა არ უნდა დამეშვა.

თურქეთში ყველაფერი მოგვარებული
იყო და ამ შანსის კარგად გამოყენება შეიძლებოდა. იქ ფეხბურთში დიდი ფული იდებოდა, რომ იტყვიან, ფეხბურთის ბუმი იყო. ბევრი ცნობილი მწვრთნელი მუშაობდა: გერმანელი დაუმი, ბრაზილიელი პერეირა, ლეო ბენჰაკერი, საუნესი და ა.შ. ამიტომ თურქეთი ტრამპლინად ნამდვილად კარგი ქვეყანა იყო. ადაპტაცია გავლილი მქონდა და თითქმის მთელი თურქეთი მელოდა. ეს იყო პოზიტიური მხარე, მაგრამ რამდენიმე კითხვის ნიშანი მაინც არსებობდა და ცოტა ართულებდა საქმეს.

მაშინ ბოსმანის ცნობილი წესი არ მოქმედებდა და ამიტომ ჩემი "ტრაბზონში" გადასვლა იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ "დინამო" სასურველ თანხას მიიღებდა. ამის შემდეგ უკვე "ტრაბზონს" გაუჩნდებოდა სურვილი, დიდი ფასი დაედო და ხელი შეეშალა ჩემი ევროპაში გადასვლისთვის. ჩემი მიზანი ხომ, პირველ რიგში, ევროპულ გრანდში თამაში იყო.

"დინამოს" დირექტორატში აზრი ორად გაიყო. ზოგი თვლიდა, რომ დიდი გუნდის გაკეთება შესაძლებელი იყო. მეორე მხარე საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამო ამას შეუძლებლად მიიჩნევდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტრაბზონში პირობებზე მოსალაპარაკებლად უნდა ჩავსულიყავით.

"ტრაბზონსპორში" ცვლილება დაგვხვდა. პრეზიდენტ სადრი შენერის ნაცვლად, მისი მოადგილე ფარუკ ოზაკი დაინიშნა ჯაფერ ხაზაროღლუსთან ერთად. სწორედ მან ითავა ჩვენი მასპინძლობა. ტრაბზონში ტყუპები, რეზი, ჩემი თამუნა, ჩვენი მეგობარი დათუნა ჭელიძე, "დინამოს" დირექტორატის ორი წევრი - ნუკრი კაკილაშვილი და რომიკო შოთაძე ჩავედით.

არ ვიცი, დიეგო მარადონას როგორ ხვდებიან ნეაპოლში, ტრაბზონში კი ჩვენი საქმე ასე იყო - ათასობით გულშემატკივარმა ერთხმად დაიწყო არჩილის და შოთას ყვირილი. პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ხელში აგვიყვანეს... სასტუმრომდე ძლივს მივაღწიეთ...

საოცარი გრძნობა დამეუფლა. არ ვიცი, ამ გრძნობას, ამ ემოციას რა დავარქვა. ძალიან ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. უბრალოდ, მინდოდა, რომ ყველა ჩემს გულშემატკივარს ენახა ეს ყველაფერი და დარწმუნებულიყო, რომ ჩვენ თურქეთში, მართლაც, საოცრად პოპულარულები ვიყავით. მთელი თურქეთი დარწმუნებული იყო, რომ მოლაპარაკებები მალე და დადებითად დასრულდებოდა.

მეორე დღეს "ტრაბზონსპორთან" გავმართეთ მოლაპარაკებები და თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით, ერთის გარდა, - რა ეღირებიან აჩი და შოთა, როცა მათ "ტრაბზონთან" კონტრაქტი დაუსრულდებათ?! ჩვენ კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავისუფლებას ვითხოვდით. ამ საკითხზე ვერა და ვერ შევთანხმდით. არც ჩვენ ვიხევდით უკან და არც ისინი.

მოლაპარაკებები ჩაიშალა. თურქები გულგატეხილები იყვნენ, მაგრამ მაინც თბილად, მამაშვილურად გვეპყრობოდნენ. თბილისში ჩარტერული რეისითაც კი გამოგვიშვეს. დამშვიდობებისას "ტრაბზონის" პრეზიდენტმა ფარუკ ოზაკმა გვითხრა, - ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა, იქნებ დაფიქრდეთ და დაბრუნდეთ ტრაბზონშიო.

თბილისში კიდევ ერთხელ კარგად ავწონ-დავწონეთ ყველაფერი, მაგრამ მაინც არაფრის დათმობას არ ვაპირებდით. გამოსავალი ჩემმა თამუნამ იპოვა... "ო, თამუნია, თამუნია..."

- "ტრაბზონსპორთან" თქვენი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, რაც კლუბს თქვენში აქვს გადახდილი, ზუსტად იმდენივე მოითხოვოს იმ გუნდისგან, რომელსაც თქვენი აყვანა მოუნდებაო.

ტრაბზონში ნოემბერში დავბრუნდით. კლუბმა თამუნას მოფიქრებული წინადადება მიიღო, ყველაფერზე შევთანხმდით და წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. "ტრაბზონმა" ჩვენში მილიონნახევარი მარკა გადაიხადა. ამ ხნის განმავლობაში მე და აჩი 750 000 გერმანულ მარკას მივიღებდით, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. ფეხბურთელების უმრავლესობა სიხარულით შეხვდა ჩვენს დაბრუნებას, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც ცხვირი ჩამოუშვეს, რადგან ძირითადში ადგილს დაკარგავდნენ.

ქენან ისკანდერმა და ჯაფერ ხაზაროღლუმ ამჯერადაც ყველაფერი გააკეთეს, რომ საუკეთესო პირობებში გვეცხოვრა. ზღვის პირას ორი დიდი ვილა დაგვიქირავა აუზით. მეზობლებიც არაჩვეულებრივი გვყავდა. მოკლედ, ყველა ცდილობდა ჩვენთვის ხელი შეეწყო, რომ კარგად გვეთამაშა.

ჩემი მეგობარი ალათინა გაერეთლი უზომოდ ბედნიერი იყო. ისე ვუყვარდით, რომ ქალაქში მასაც ულოცავდნენ ჩვენს დაბრუნებას... მზად იყო, ჩვენთვის ყველაფერი გაეკეთებინა. სუსტი თამაშის გამო, თუ ვინმე გვაკრიტიკებდა, ფარივით გადაგვეფარებოდა და ჩვენს გამართლებას ცდილობდა.

მთელი სეზონი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თვრამეტ მატჩში 12 გოლი გავიტანე, ხოლო თურქეთის თასზე დიდი ხნის ოცნება ავუსრულეთ ჩვენს გულშემატკივარს.

ფინალში "გალათასარაის" შევხვდით. პირველი მატჩი სტამბულში გვქონდა და 3:2 დავამარცხეთ. ორი გოლი მე გავიტანე. მეორე თამაშიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა... გავიმარჯვეთ ანგარიშით - 1:0. გოლი ორჰანმა გაიტანა. ამ გამარჯვებას ტრაბზონი ცხრა წელი ელოდა და ჩვენთან ერთად მთელი ქალაქი ზეიმობდა. მთელი ღამე ისმოდა სროლის ხმა. ქალაქს საერთოდ არ დაუძინია, დიდი თუ პატარა ქუჩაში იყო გამოსული.

ასეთმა წარმატებამ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დაგვარწმუნა. იმასაც მივხვდით, რომ თავისუფლად შეგვეძლო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩვენი გულშემატკივრის დახმარებით, აუცილებლად გავხდებოდით ჩემპიონები! ამიტომაც ყველა მოუთმენლად ელოდა მომდევნო სეზონს.

მეც პირობა დავდე საქვეყნოდ, რომ აუცილებლად გავხდებოდი ლიგის ბომბარდირი, თანაც პენალტების გარეშე.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ ტენიან ამ არველაძეებს ყველგან. ერთი ტაკიმასხარა ოჯახია რა.
ქართველი
18:58 11-05-2012
0
კიდე დადეთ რა ძაან საინტერესო წიგნია!!!
lashaa
20:00 11-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული