ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე, იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
"ბეშიქთაშთან" საშინაო
მატჩის დროს მარჯვენა მუხლში უცნაური ტკივილი ვიგრძენი და შეცვლა ვითხოვე...

საავადმყოფოში წავედი და სურათი გადავიღე. ექიმებმა მენისკის დაზიანება დამიდგინეს და ექიმ ბლენტ ზერენთან გამგზავნეს იზმირში... მან ოპერაცია გამიკეთა და რამდენიმე კვირით თამაში ამიკრძალა.

მოჩქარეს მოუგვიანდესო... ეს ანდაზა კი გამეგო, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობდა, ალბათ, არ ვიცოდი... კიჭა, ჯემალი და დათო, ჩემი პირად ექიმი, სულ მაფრთხილებდნენ, ნუ ჩქარობ, ნუ ხარ სულსწრაფი, ცოტა კიდევ მოითმინე და მერე ითამაშეო.

მე კი არავისი მესმოდა... ოთხი კვირა საუკუნედ მეჩვენა და პირდაპირ მოედანზე გავვარდი... თან საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დღეში ინგლისის ნაკრებთან უწევდა თბილისში თამაში და იმის დაშვებაც კი არ მინდოდა, რომ მათ უჩემოდ უნდა ეთამაშათ. მით უმეტეს, რომ ამ ციკლის პირველი მატჩი იტალიასთან, ტრავმის გამო, უკვე გამოტოვებული მქონდა.

არავის დავუჯერე, ოთხი კვირის თავზე "ტრაბზონში" "ქოჯაელისპორთან" სათამაშოდ გამოვედი და 76 წუთი ვითამაშე. ამის შემდეგ აჩისთან ერთად თბილისში წავედი. ფეხი ისე გამისივდა, რომ ვეღარ დავდიოდი. საქართველო კი ერთ-ერთ მსოფლიო გრანდს მასპინძლობდა და საგანგებოდ ემზადებოდა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველას ეგონა, რომ მოვიგებდით. ბიზნესმენებმა სხვადასხვა პრიზიც კი დააწესეს, - მანქანის ჩათვლით, რომელიც იმას შეხვდებოდა, ვინც ინგლისელების კარში პირველ გოლს გაიტანდა!

ჩემი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ფეხი ვერაფრით დავაცხრეთ. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა, ამ თამაშის გამოტოვებით მთელ ჩემს გუნდს ვღალატობდი და ამავე დროს, ვფიქრობდი, რომ ჩვენს თაობას კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა.

ერთი მხრივ, ალბათ, კარგია ასეთი მიდგომა, მაგრამ ძალიან შევცდი. თამაშის წინ სამი გამაყუჩებელი ნემსი გავიკეთე. 58-ე წუთზე შემცვალეს. ისე ვითამაშე, როგორც ყველამ, - გიო ქინქლაძის გარდა... მხოლოდ გიომ შეძლო კლასის ჩვენება!

0:2-ით დავმარცხდით. საოცარი გუნდი ჰყავდათ - ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან ძლიერი, ხოლო შემსრულებლები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები: სიმენი, კემპბელი, ადამსი, პოლ გასკოინი, დევიდ ბექჰემი, ფერდინანდი, ალან შირერი, ნიკი ბატი, იან რაითი, ტედი შერინგემი და ბევრი სხვა...

ამ შემადგენლობის მიუხედავად, გულშემატკივარმა ისეთი ამბავი მოაწყო სტადიონზე, რომ ასეთი ლანძღვა-გინება და ამისთანა გადარევა ვერც მე და ვერც სტაჟიანმა გულშემატკივარმა ვერ გაიხსენა... მოკლედ, ჩათვალეს, რომ 20-22 წლის ბიჭებს ეს გუნდი უნდა დაგვემარცხებინა!

არც სპორტულმა პრესამ დაგვინდო. ჩივაძეს კინაღამ ინფარქტი დაემართა და გადადგა... მე "ტრაბზონში" დავბრუნდი... შემდეგი ორი თვე მუხლის მორჩენას მოვანდომე და მხოლოდ საზამთრო შეკრებაზე შევუერთდი გუნდს.

ანტალიაში გატარებული დღეებისგან არაფრით განსხვავებულ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი და აჩის ოთახის კარები გაიღო და გოჩა ჯამარაული შემოვიდა, რომელიც მანამდე თბილისის "დინამოში" თამაშობდა...

ის, რომ "ტრაბზონსპორთან" გააფორმა კონტრაქტი, სწორედ მისგან შევიტყვეთ. ეს გარიგება გასაიდუმლოებული იყო და ამიტომ არაფერი ვიცოდით.

ქართველების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა და ჩვენც მეტად გავხალისდით!.. ბევრს ვიცინოდით და ვხუმრობდით, ყველაზე მეტს გიორგი ნემსაძეზე. თურქები იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რა გინდათ ამ წესიერი ადამიანისგან, რას ერჩით, რა დაგიშავათო?! მაგრამ ასეთი ურთიერთობა ჯერ კიდევ "დინამოდან" მოდიოდა და ტრადიცია "ტრაბზონშიც" გაგრძელდა.

თურქეთში ლეგიონერთა რაოდენობა ლიმიტირებული იყო; გუნდს მოედანზე მხოლოდ სამი უცხოელის გაყვანა შეეძლო და "ჯამარას" მოსვლის შემდეგ ქართველები ერთმანეთის კონკურენტები გავხდით.

გულახდილად ვიტყვი, ეს კონკურენცია მე არ მეხებოდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ისევ ისეთივე მეგობრული დარჩა, როგორიც ადრე იყო.
Sportall.Ge
მეორე წრე "გენჩლერბირლიგი" 4:1 - გამარჯვებით დავიწყეთ. გულშემატკივარმა "ჯამარა" კარგად მიიღო. მეც ტრავმის შემდეგ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი და გოლიც გავიტანე. მე, "ჯამარამ" და ნემსაძემ სრულად ვითამაშეთ. აჩი კი ჯერ მზად არ იყო.

თებერვალში კლუბის კონგრესი გაიმართა და "ტრაბზონის" ახალი პრეზიდენტი აირჩიეს - გავლენიანი და მდიდარი ფიგურა, მეჰმედ ალი ილმაზი.

კლუბის დირექტორატიც შეიცვალა... წავიდა ფარუკ ოზაკი, ქენან ისკანდერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის, ჯაფერ ხაზაროღლუ, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში გვერდში გვედგა. სრულიად უცხო ხალხი მოვიდა, სხვადასხვა ქალაქიდან და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

პირველივე მარცხის შემდეგ სტამბულში "ბეშიქთაშთან", რომელიც 3:0-ით დამთავრდა, კლუბის პრეზიდენტმა შენოლ გიუნეში დაითხოვა.

ახლაც მახსოვს გიუნეშის გამოსათხოვარი კრება, მისი აცრემლებული თვალები. მეც ძალიან გამიჭირდა... მან პირველმა მაზიარა პროფესიონალიზმს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელი გამეთქვა და დიდი ფეხბურთი მეთამაშა...

სიტყვის დასრულების შემდეგ მივედი და გადავეხვიე... ორივეს თვალები ცრემლებით გვქონდა სავსე...

გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული