რამდენიმე თვის წინ იცოდა ყველამ, რომ თასი გორის "დილას" უნდა მოეგო!

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ვეტერან ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილს ვთხოვეთ. კავშირი "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ისევ შვეიცარიაში ცხოვრობს და მიაჩნია, რომ იქიდან უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ქართულ ციხეში უმოქმედოდ მყოფს:

- ის უმსგავსობა, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, იმ უსამართლობის, არაკომპეტენტურობისა და არასერიოზულობის ლოგიკური შედეგია, რაც ჩვენს ფეხბურთში და, პირველ რიგში, ქვეყანაში არის გამეფებული...

როდესაც ხელისუფლებას შესაძლებლობას ვაძლევთ, ვისაც მოისურვებს, ის დანიშნოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

ალბათ, გახსოვთ, როგორი დაპირებები ჰქონდა ზვიად სიჭინავას - პროფესიონალებს შემოვიკრებ, საფეხბურთო
სამყაროს გავაერთიანებ, ყველას მოვუსმენო, თუმცა... აღმასკომის სამარცხვინო არჩევნები გავიხსენოთ - დელეგატებს სიაში მიყოლებით რომ შემოახაზვინეს 18 კანდიდატი!

იმიტაციაც კი ვერ შეძლეს, თითქოს მართლა არჩევნებს ატარებდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ ანაღვლებთ. რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ - აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოებასთან, გულშემატკივართან.

სამწუხაროდ, ფეხბურთის ბედი ჩვენთან მხოლოდ საფეხბურთო საზოგადოებაზე არ არის დამოკიდებული. ადამიანებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აზრის გამოხატვა, თავიანთი საქმის კეთება. სამართლიანობის გარეშე, რაც უნდა პროფესიონალი იყო, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ, რადგან სულ ზეწოლის ქვეშ იქნები, ვალდებულებები გექნება.

სამარცხვინოა, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ყველამ იცოდა, რომ საქართველოს თასი გორის "დილას" უნდა მოეგო! ვის რად უნდა ასეთი ფეხბურთი? თუ გვინდა, რომ ნამდვილი ფეხბურთი ვნახოთ, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ, შიში უნდა დავძლიოთ. საბოლოოდ, მაინც პოლიტიკურ პროცესებამდე მივდივარ, რადგან ყველანაირი ხერხი მოვსინჯეთ მე და ჩემმა მეგობრებმა.

კარიერის დასრულების შემდეგ დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენი საფეხბურთო გამოცდილება საქართველოსთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ყრუ კედელს შევეჯახეთ - კედელს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.

- საქართველომ "ევრო 2020"-ის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი...
- ვინ შეიძლება იყოს წინააღმდეგი, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს, მაგრამ წინასწარ ხომ უნდა იმსჯელო, მოიფიქრო, რა რესურსი აქვს ქვეყანას? ხომ არ შეიძლება ყველაფერი პიარზე იყოს აგებული და დაუფიქრებლად აკეთო განცხადებები?

თურმე, თვალი უნდა დახუჭო იმაზე, რომ ხელისუფლება პირდაპირ ერევა ფეხბურთში, რომ სამარცხვინო არჩევნები გაქვს, რომ საკუთარ აზრს თავისუფლად ვერ გამოხატავ, რომ არის გარიგებული მატჩები, სამარცხვინო დებულება...

მეც და ჩემს მეგობრებსაც ეს წლები დაკარგულად მიგვაჩნია, რადგან ბევრჯერ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოს უამრავი ტურნირისთვის ემასპინძლა. მაგრამ იარლიყი მოგვაწებეს, რომ ოპოზიცია ვართ, ქართული ფეხბურთის მტრები...

რასაც ვაკეთებდით - ბავშვების ტურნირებზე წაყვანა იქნებოდა თუ სხვა რამ, ვცდილობდით, ჩვენი სახელი არ დარქმეოდა და მერე იმ გუნდებს პრობლემა არ შექმნოდათ.

არ ვიცი, კიდევ რა სისულელე უნდა გააკეთონ, რა შეცდომა დაუშვან, რომ მივხვდეთ, როგორი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. თუ გული შეგტკივა ქართულ ფეხბურთზე, დღეს აღარ არის გაჩუმების დრო!

- კახი კალაძის გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?
- ნორმალურ ქვეყანაში კახი კალაძისნაირი კარიერის მქონე ადამიანები პოლიტიკაში არ მიდიან. იგივე შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილზეც - კაცზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში უანგაროდ ეწეოდა უპრეცედენტო ქველმოქმედებას.

ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება არანორმალური გარემოს გამო მიიღეს. მათ არ შეუძლიათ, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრონ და უყურადღებოდ დატოვონ ის, რაც მათ სამშობლოში ხდება.

იმ ხალხის უფრო მიკვირს, ვინც ამ უსამართლობას ეგუება, თორემ არც კახასგან და არც ბატონი ბიძინასგან ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამკვირვებია.

ყველანაირი სიმდიდრის ფასი კაპიკია, თუ თავისუფალი არ ხარ!

- თქვენი მეგობარი და კავშირ "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია. თქვენც ხომ არ აპირებთ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას?
- შეძლებისდაგვარად მეც ვმონაწილეობ პროცესებში. როცა კავშირი "ჩვენი ფეხბურთი" დავაფუძნეთ, ჩვენი მიზანი იყო, ისეთი ხალხი შემოგვეკრიბა, რომ ამ უსამართლობას აღვდგომოდით წინ. აუცილებელი სულაც არ არის, მაინცდამაინც რომელიმე ორგანიზაციის წევრი ვიყო. ჩემი პოზიცია მაქვს და განვაგრძობ საქმიანობას. რა თქმა უნდა, ლევანთან ერთადაც ვარ და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი დამოკიდებულებაა: მე თუ ვარ, შენ არ უნდა იყო, შენ თუ ხარ, მე ვერ ვიქნები და ა.შ. არადა, როცა სივრცე გათავისუფლდება, გაცილებით ბევრი მცოდნე, პროფესიონალი ადამიანი იქნება საჭირო.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალაუფლების მოპოვების შემდეგ დიდი წარმოდგენა გაუჩნდათ საკუთარ თავზე და ფეხბურთის კურატორობა მოინდომეს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქვეყნის პირველ პირს ან შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემზე მეტი ესმის ფეხბურთის.

მილიარდერები რომ არიან და ჰობივით აქვთ საფეხბურთო კლუბები საზღვარგარეთ, ისინიც კი იცავენ წესებს. აბა, რომელიმემ სცადოს მსაჯის მოსყიდვა ან სხვა მსგავსი მაქინაცია. ესენი კი თავიანთი წესებით მოქმედებენ ფეხბურთში. მე ვიცი, რა არის ნამდვილი ფეხბურთი და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არის იმის საშუალება, გულშემატკივარმაც იცოდეს...

პირველად ვამბობ ამას, მაგრამ ცოტა რომ გადამეხვია ჩემი პრინციპებიდან, ნამდვილად მქონდა შანსი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ან სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ვყოფილიყავი! მაგრამ არა მხოლოდ ჩემს, საერთო პრინციპებსაც ეწინააღმდეგებოდა ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში, პიროვნულად შეიძლება გამემარჯვა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ქართული ფეხბურთის გამარჯვება! ამ გზაზე მყოფი ფეხბურთი წინ ვერ წავა და ეს გამოჩნდა კიდეც.

რაც შეეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, ბიძინა ივანიშვილმა უკვე შეძლო ხალხის გაერთიანება. ახლაც, არა ემოციურად, არამედ მიზანმიმართულად მოქმედებს. 27 მაისს თბილისში გაიმართა მრავალათასიანი აქცია, ხვალ-ზეგ მთელ საქართველოს მოედება საპროტესტო ტალღა. სხვაგვარად გამორიცხულია. ეს ისეთი მუხტია, რომ ყველა გაერთიანდება. არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუჭირონ მხარი. ივანიშვილი საშუალებას მისცემს ყველას, საკუთარ თავში გაიმყაროს რწმენა, დაიჯეროს - მე შემიძლია შევცვალო ჩემი ქვეყნის მომავალი!

სულ მიკვირს იმ ხალხის, ვინც დღეს კიდევ ჭოჭმანობს. ოჯახის წევრებს როგორ უყურებენ თვალებში? ნუთუ არ უნდათ თავისუფლება? წყნარ გარემოში რომ გაზარდონ შვილები და განათლება მიაღებინონ? ბიძინა ივანიშვილმა, იცით, რა დააჩქარა? ხელისუფლებამ ნიღაბი ჩამოიხსნა და აღარც ცდილობს თავისი სახე დამალოს, ისე აშკარაა უკვე ყველაფერი...

- საქართველოში ჩამოსვლას როდის აპირებთ, თქვენი დაპატიმრების საფრთხე ისევ არის?
- საქმის გართულებას ვერიდები და ჯერჯერობით არ ჩამოვდივარ. გისოსებს მიღმა უაზროდ ყოფნას მირჩევნია, თუნდაც უცხოეთში ვიყო, მაგრამ თავისუფალი და აქედან ვაკეთო ჩემი საქმე. ვცდილობთ ფონდის შექმნას, რათა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად დავეხმაროთ პროცესებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ ჩაერთოს და გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები საქართველოში.

მგონია, რომ ამით უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ, ვიდრე გარკვეული პერიოდის ციხეში გატარებით და ერთგვარი გმირობის ჩვენებით. აქამდე ამაზე არ მილაპარაკია, პირველად ვამბობ: უკვე რამდენიმე წელიწადია, მეურვეობა ავიღეთ ჩემი მეგობრის, გუბაზ დოლიძის გუნდზე. ორი წლის წინ შვეიცარიაში ჩამოვიყვანეთ ეს ბიჭები, ტურნირში მონაწილეობდნენ, შარშანაც იყვნენ. იმ გუნდიდან ექვსი ბიჭი გამოდიოდა 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც მაისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა...

განვაგრძობთ ამ ბავშვების დახმარებას. იცით, რამდენი ნიჭიერი ქართველი ბავშვი იჩაგრება? შეიძლება იმათზე გაცილებით ნიჭიერები, ვინც ელიტრაუნდში ითამაშა, მაგრამ რადგან მათ მომზადებას - ფიზმომზადებას, აღდგენას და ა.შ. ვერ ვახერხებთ, იკარგებიან.

წარმოიდგინეთ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა გუნდი და ფიზმომზადების მწვრთნელი არ ჰყავდათ. ეს ისეთი რამ არის, მაგალითად, შვეიცარიელებისთვის ახსნას რომ შევეცადოთ, ვერ გაიგებენ. გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრები, იცით, როგორ იყო ჩასული სლოვენიაში? სკოლის რვა მასწავლებელი ახლდათ. ორი კვირა უწევდათ შეკრებაზე ყოფნა, მაგრამ სასწავლო პროცესს რომ არ ჩამორჩენოდნენ ბავშვები, თავისუფალ დროს სასკოლო პროგრამით ამეცადინებდნენ...

ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა

ლევან ყიფიანი: ფეხბურთს პრემიერ-მინისტრი კურირებს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყაველაშვილი მართალია და ვეთანხმები 100%-ით. რათ გვინდა ასეთი ფული და ჩემპიონატი სადაც წინასწარ დაგეგმილია ვინ მოიგებს თამაშს.
ნემსაძემ მოიგო ფედერაციის არჩევნები და ნახევარ საათში გაათავისუფლეს!
მიდით ბიჭებო ამოიღეთ ხმა და საზოგადოებას დაანახეთ თქვენი პოზიცია.
buqsa
13:45 02-06-2012
0
თქვენი იმედი მაქვს თორე არვიცი ეხლა რა მდგომარებაა საქართველოში ფეხბურთში და საერთოდ ყველაფერში ყველამ იცის
mato
15:39 30-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული