ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის

AutoSharing Option
გია გურულმა "ბათუმი" გასული სეზონის ბოლოს ჩაიბარა, როცა გუნდი პირველი ლიგიდან პლეი ოფში იყო გადასული. გურულის გაწვრთნილმა "ბათუმმა" მიზანს უწია, უმაღლეს ლიგაში მოხვდა.

გურული ახალბედა მწვრთნელი არ არის, საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის თანაშემწედ მუშაობდა.

გურულს საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია აქვს, იყო თბილისის "დინამოს", საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, უთამაშია პოლონეთში და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონშიც.

გურული ბოლო წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა და იქიდან მივიდა "ბათუმში". როგორი იყო ევროპი
დან დაბრუნებული გურულის პირველი შთაბეჭდილებები ქართულ ფეხბურთზე - ინტერვიუ აქედან დავიწყეთ...

- დადებითი და უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს, საფრანგეთიდან "ბათუმში" რომ მივედი, ნამდვილად არ ყოფილა ისე, რომ მეთქვა - ეს სად მოვხვდი?!

სამშობლოში დაბრუნებულს განსაკუთრებული სიუპრიზები არ მქონია, პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ ფეხბურთელები გულისყურით ეკიდებოდნენ ჩემს დავალებებს და ძალიან მონდომებულები იყვნენ.

- უარყოფით მხარეებზე რას გვეტყოდით?
- როგორ გითხრათ... სავარჯიშო პირობები უკეთესი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. ანგისას სტადიონზე გვიწევს ვარჯიში...

- ინფრასტრუქტურა მართლაც მნიშვნელოვანია და უკვე ოფიციალურ დონეზეც ითქვა, რომ ამ მხრივ უკვე არის მნიშვნელოვანი წინსვლა აჭარაში...
- სტადიონის პროექტი უკვე არსებობს, როგორც შევიტყვე, დაახლოებით ორ თვეში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება, 2014 წლისთვის ბათუმს ახალი სტადიონი ექნება აეროპორტთან, ზღვის პირას.

- ეს სამომავლო საქმეა, გუნდის მაღალ დონზე შენახვა კი არანაკლებ აქტუალური საკითხია. ამ მხრივ რა ვითარებაა?
- ხელფასი და პრემიები "ბათუმში" დიდი არ იყო, გუნდი ხომ ჯერაც პირველ ლიგაში თამაშობდა წინა სეზონში. უმაღლესში გადასვლის შემდეგ კი პირობები ორჯერ უკეთესი იქნება - ასეთი ლაპარაკი იყო...

- მომავალ სეზონში "ბათუმის" მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება თუ უფრო შორსმიმავალი გეგმები გაქვთ?
- უმაღლესში ადგილის შენარჩუნება - საკითხი ასე არ დადგება, მიზანი კარგი, შინაარსიანი ფეხბურთის თამაში იქნება.

- გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერება იგეგმება? რა კუთხით აპირებთ სასელექციო საქმიანობის წარმართვას?
- "ბათუმი" ახალგაზრდული გუნდია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა. მეტწილად ახალგაზრდებს დავიმატებთ, ფეხბურთელებს აჭარის გარდა სხვა რეგიონებშიც მოვძებნით. გუნდი 15 ივნისს შეიკრიბება, "ბათუმიდან" ჯერ არავინ არ წასულა.

- საფრანგეთში B კატეგორიის სამწვრთნელო დიპლომი აიღეთ. როგორც შევიტყვეთ, საფრანგეთი არ არის ჟირას კონვენციის წევრი და იქაური დიპლომი სხვა ქვეყნებში არ მოქმედებს...
- მასეა, ფრანგული სამწვრთნელო დიპლომი საერთაშორისო არ არის, საფრანგეთშიც ვერ იმუშავებ მწვრთნელად სხვა ქვეყნის დიპლომით.

მიმაჩნია, რომ ფრანგული სამწვრთნელო მეთოდიკა საუკეთესოა, ფრანგული ბავშვთა საფეხბურთო სკოლა კი ერთ-ერთი ძლიერია.

როგორც უნდა იყოს, საქართველოში მომიწევს B და A ლიცენზიების აღება.

- ყველაზე უფრო რა არ მოგეწონათ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში?
- ბევრი რამ არ მომეწონა, ყველაზე უფრო, საქმისადმი მიდგომა. მოედანი, ბაზა... ინფრასტრუქტურა მართლაც მისახედია. მიუღებელია, რომ საფეხბურთო სკოლაში ბავშვი ფულს იხდის.

ევროპაში უმაღლესი ლიგის გუნდებს თავიანთი აკადემია აქვთ, სადაც ბავშვი გადასახადის გარეშე დადის ფეხბურთზე. არის კიდევ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და იქაც უფასოა ბავშვის ფეხბურთზე სიარული.

ალბათ დროა, რომ საქართველოშიც ასე იყოს. ჩვენთან ზოგს ბევრი საფეხბურთო სკოლის შექმნით ჰგონია, რომ საქმე წინ წავა, არადა პირიქითაა, რაც უფრო ნაკლები იქნება სკოლა, მით უფრო კომპაქტურად მოხდება ნიჭიერების თავმოყრა, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა რაოდენობა ხარისხს სულაც არ განაპირობებს.

- ქართული გუნდებიდან ყველაზე უფრო რომელი მოგეწონათ?
- ჩემპიონატის ბოლოსღა მომიწია საქმეში ჩართვა და არ მინდა რომელიმე გუნდის გამოყოფა. ვუყურე "ტორპედო" -"ზესტაფონს" (2:1) და ქუთაისელთა თამაში მართლაც მომეწონა, კარგი გუნდი ჰყავს "ზესტაფონს", "დილას" და "დინამოს" კარგი თამაშებიც ვნახე.

- საქართველოს ნაკრებში გიმუშავიათ, ჟირესი უფრო ლეგიონერებზე აკეთებდა აქცენტს. ახლანდელი გადმოსახედიდან რას გვეტყოდით, არის საქართველოში სანაკრებოდ საინტერესო ფეხბურთელები?
- ასეთები არიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტყუილუბრალოდ არ მიჰყავთ უცხოურ კლუბებს. ჟირესს ლეგიონერებზე ჰყავდა გუნდი აწყობილი, ამ ფაქტს ვერ გავექცევით... მოკლედ, დელიკატური თემაა.

- როგორ ფიქრობთ, ჟირესს შეცდომები არ დაუშვია ჩვენი ნაკრების მწვრთნელობისას?
- ვფიქრობ, ჟირესს შეცდომები არ დაუშვია. საქმე იმაშია, რომ ჟირესი პროფესიონალია, მაგრან იქედან ვერ მიიღო იგივე - ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობას ვგულისხმობ.

- სანაკრებო თემას მივყვეთ. ლევან ყენიამ პრესაში გააკეთა განცხადება, სანამ თემურ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში არ ვითამაშებო...
- რატომ არ ათამაშა ქეცბაიამ ყენია თურქეთთან? კი მაგრამ, მწვრთნელი რომ დიდი ხნით უთამაშებელ ფეხბურთელს ნაკრებში იწვევს, მისგან მადლობას არ იმსახურებს?

მე არავის ვიცავ, უბრალოდ სიმართლის მხარეს ვარ. ისიცაა, რომ ნაკრებში აღარ ვმუშაობ და შიდა სამზარეულოში არ ვარ ჩახედული, რაც გარედან ჩანს, იმის მიხედვით ვამბობ ამ ყველაფერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საცურაო აუზებს ვერ მიაკარებ ბავშვებს ისეთი ძვირია.სპორტი აუცილებელია ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი. .მერე რა ღირს ფეხბურთი , კალათბურთი, ცურვა. იარონ დეპუტატის შვილებმა და საკმარისია აგვაშენებენ.
1
ნარკომანების გამოსწორებას სპორტი გახადონ უფასო ბავშვებისთვის რომ ჯანსაღი ახალგაზრდობა გაიზარდოს.
nini
13:45 03-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული