ყველა ეს ფეხბურთელი "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიაში გუბაზ დოლიძის, ჯუბა ბურჯანაძის, ნორმენ ტარტარაშვილისა და ლევან სულაძის აღზრდილი და დაოსტატებულია. მათი აღზრდილია ასევე ბაქოში, "კასპიის თასზე" გამარჯვებული საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ორი წამყვანი თავდამსხმელი, ილია კერძევაძე და გიორგი ბერიძე.
გუბაზ დოლიძემ, რომელიც თავის დროზე საკმაოდ წარმატებული მეკარე იყო, სამწვრთნელო კარიერა
მის ნააზრევს მონოლოგის რეჟიმში გთავაზობთ და, ვფიქრობთ, წარმატებული ქართველი მწვრთნელის პოზიცია საინტერესო და ყურადსაღები უნდა იყოს.
- "ოლიმპის" გარდა, სხვა საფეხბურთო სკოლებშიც მიმუშავია, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ხელმძღვანელობას და მე საქმისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა გვქონდა. "ოლიმპში" კი მუშაობის შედარებით ნორმალური პირობები მაქვს და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გარკვეულ შედეგებსაც ვაღწევ.
დღემდე გვერდში მიდგას ჩემი გამზრდელი მწვრთნელი ზურაბ მაისურაძე, რომელსაც, ჩემი სხვა კოლეგების მსგავსად, დიდ მადლობას ვუხდი.
თუმცა "ოლიმპისა" და კიდევ რამდენიმე საფეხბურთო სკოლის მუშაობა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას სჭირდება.
პირდაპირ ვამბობ - სანამ ბავშვისთვის ფეხბურთზე სიარული უფასო არ გახდება, მანამდე ქართული ფეხბურთის წინსვლა შეუძლებელი იქნება და საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ყოველთვის ასეთ გაუგებარ და უშინაარსო ფეხბურთს ითამაშებს.
პირადად ვიცნობ არაერთ ნიჭიერ ბავშვს, რომლებმაც უსახსრობის გამო ფეხბურთს თავი დაანებეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთიდან თუნდაც ერთი ბავშვი გავრიყოთ და არც იმის უფლება გვაქვს, რომ ბავშვს დიაგნოზი ათი-თერთმეტი წლის ასაკში დავუსვათ და ვთქვათ - ამისგან ფეხბურთელი გამოვა, ამისგან კი არა. არავინ იცის, გარდატეხის ასაკში ვის რა მონაცემები აღმოაჩნდება.
ასე რომ, სანამ ფეხბურთი საქართველოში არ გახდება მასობრივი, მანამ სერიოზული წარმატებების იმედი არ უნდა გვქონდეს.
რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევაა და არა - კანონზომიერება.
სამწუხაროდ, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით ვერც სახელმწიფოს ნებას ვხედავ და ვერც - ფეხბურთის ფედერაციისას. კარგია, ინფრასტრუქტურული პროექტები რომ ხორციელდება და სტადიონები შენდება, მაგრამ უპირველესად, საფუძველს უნდა მივხედოთ, თორემ საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება და უამრავ პოტენციურ დიდ ფეხბურთელს დავკარგავთ.
პირველ ეტაპზე ამას სოლიდური თანხები არ სჭირდება. თავიდან სამი-ოთხი უფასო საფეხბურთო სკოლაც რომ გაკეთდეს, ეს სულ არაფერს მაინც აჯობებს. თუმცა სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებლად მეჩვენება, რადგან კერძო სკოლებს უფასო კონკურენტების არსებობა ხელს არ აძლევთ.
სამწუხაროდ, ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა არის ფულის საჭრელი საამქრო. წნეხში არიან ბავშვებიც და მწვრთნელებიც. მწვრთნელის საქმე არ არის, რომ ბავშვს გადასახადის დროულად მოტანა მოსთხოვოს. არადა, რეალურად ასე ხდება და უამრავი საჩითირო სიტუაცია იქმნება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში იმიტომ გვყავდა დღევანდელთან შედარებით ძლიერი ფეხბურთელები, რომ ისინი სწორედ მასობრივი ფეხბურთის აღზრდილები იყვნენ.
მე რომ ფეხბურთზე დავდიოდი, ჩემმა მშობლებმა მოგვიანებით გაიგეს, იმიტომ, რომ მათგან ფული არ დამჭირვებია. დღეს კი 50-60 ლარის გადახდის საშუალება ყველას არ აქვს. ზოგს ურჩევნია, შვილს ფეხბურთის ნაცვლად ინგლისური ასწავლოს. რა თქმა უნდა, ინგლისურიც საჭიროა და მისი ფეხბურთთან შეთავსება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ რადგან მშობელს მეტი საშუალება არ აქვს, იძულებულია, ფეხბურთზე უარი თქვას. არადა, შეიძლება, მისი შვილის სახით მომავალ ვარსკვლავს ვკარგავდეთ.
ფაქტია, რომ ფეხბურთი ღარიბების სპორტად რჩება და ტრაგედიაა, გაჭირვებულ ბავშვებს ფეხბურთელობის შანსი რომ ესპობათ.
ცალკე საკითხად გამოვყოფდი მწვრთნელთა ლიცენზირებას. ძალიან კარგია, სწავლების პროცესი საქართველოშიც რომ მიმდინარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მწვრთნელს არ აქვს იმის საშუალება, რომ B ლიცენზიის კურსებში 800 ლარი გადაიხადოს. გარდა ამისა, მეცადინეობის გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ მწვრთნელი იძულებულია, ერთი თვის განმავლობაში საქმეს მოსწყდეს. სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ მოვახერხე B ლიცენზიის აღება და ჯერ მხოლოდ C ლიცენზიას ვფლობ.
თუმცა, საბედნიეროდ, ქართულ კურსებზე დაუსწრებლობის კომპენსირებას საზღვარგარეთ ვახერხებ ხოლმე. მიხეილ ყაველაშვილის დახმარებით, არაერთხელ ვიყავი შვეიცარიული "ბაზელის" აკადემიაში და იქაურ ასაკობრივ გუნდებში სტაჟირება გავიარე, რამაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ასევე დავესწარი ჰოლანდიური "ვიტესის" ვარჯიშებს და იქაურ მეთოდიკასაც დავაკვირდი. ყაველაშვილის გარდა, მადლობას ვუხდი ლევან ყიფიანს, რომელიც ჩემს პროფესიულ განვითარებაში ასევე დიდ როლს თამაშობს.
მიხეილ ყაველაშვილის დახმარებით უახლოეს პერიოდში "ოლიმპის" აკადემიაში ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოვა, რომელიც გარკვეულ პერიოდს ჩვენთან დაჰყოფს და ბევრ რამეს გვასწავლის. წასვლის წინ კი მთელი წლის სამოქმედო გეგმას დაგვიტოვებს.
სამწუხაროდ, საქართველოში საფეხბურთო ფიზმომზადების სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ გვყავს. არ ვაჭარბებ და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ფიზმომზადების მწვრთნელი რომ გაჰყოლოდა, ჩემპიონები გავხდებოდით.
რაც შეეხება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს, მათთვის კარიერის მთავარი ეტაპი ახლა იწყება. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ჩემს აღზრდილ ფეხბურთელებს თავში არაფერი აუვარდებათ. საქართველოს ნაკრების წევრები "ოლიმპის" აკადემიაში ყოველ დილას 7 საათზე მოდიან და დარბიან. ისინი საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად უდგებიან, ვიდრე ევროპის ჩემპიონატამდე.
ახლა მთავარია, ამ ბიჭებმა დროულად გააღწიონ საქართველოდან და ნორმალურ ევროპულ კლუბებში მოხვდნენ. საკუთარ თავზე კი ისინი აუცილებლად იმუშავებენ. მთავარია, გარემომ არ შეუშალოთ ხელი.
საკუთარ მომავალზე კი ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ. ის ნამდვილად ვიცი, რომ უმაღლეს ლიგაში არ ვიმუშავებ. იქ ისეთი სიბინძურეები ხდება, რომ საერთოდ არ მაქვს სურვილი, იმ საშინელებების მონაწილე ვიყო. ის კი არადა, თუ ქართულ ფეხბურთში ვითარება არ გამოსწორდა, ჩემს აღზრდილ 17-წლამდელებს ცოტას კიდევ მივხედავ და როცა დავინახავ, რომ მათ დიდი ფეხბურთისკენ საბოლოო ნაბიჯები გადადგეს, ხელს სხვა საქმეს მოვკიდებ.
თუმცა ჯერ მაინც არ ვკარგავ იმის იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
სურათზე: მიხეილ ყაველაშვილი (მარცხნივ) და გუბაზ დოლიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გეშლება,პაპუნაშვილი ბავშვობიდან გუბაზთან იყო,სხვა მვრთნელი არ ჰყოლია.