გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს გავესაუბრეთ ტრანსფერებზე, მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე და ცხადია, გვერდი ევრო 2012-ს ვერ ავუქციეთ.

- მოსამზადებელი ეტაპი ყველაზე ადრე დაიწყეთ...
- დიახ, 1 ივნისს შევიკრიბეთ და პირველ ეტაპს 12 ივნისს იმერეთის ნაკრებთან შეხვედრით დავასრულებთ.

- ამ გუნდში საინტერესო ფეხბურთელები აღმოაჩინეთ?
- რამდენიმე მოთამაშე მართლაც ძალიან მომეწონა და ვაკვირდები. გარდა იმისა, რომ საკონტროლო მატჩი გვჭირდებოდა, ეს შეხვედრები სასელექციო კუთხითაც სასარგებლოა.

- "ტორპედო" ევროთასებზე 8-წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშებს. რა იქნება თქვენი მიზანი?
- რაც შეიძლება მეტი
ეტაპის გავლა გვინდა, მაგრამ რეალობასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კენჭისყრაზე. ჩვენ განუთესავებში მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. თუნდაც ის რად ღირს, რომ შესაძლო მეტოქეებში ჰოლანდიური "ტვენტეა".

შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს თამაშები ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილების მიღებასა და სრულყოფაში დაეხმარება.

- "ტორპედო" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა - სია კიდევ გაგრძელდება?
- ჯერ წასულებზე გეტყვით: ისინი რომ წავიდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ თამაში არ შეუძლიათ. ოთხივეს წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება კითხვას, სასელექციო პროცესი გრძელდება და თუ ჯანელიძის მსგავსად, წასვლას სხვებიც მოინდომებენ, დაფიქრება დაგვჭირდება.

- თქვენს გაწვრთნილ გუნდში ლეგიონერები ადრეც თითქმის არ იყვნენ. სათანადო დონის მოთამაშეებს არ გთავაზობენ თუ ჯერ "ტორპედო" არაა ისეთი მდიდარი კლუბი, სოლიდურ მოთამაშეებს რომ შეწვდეს?
- სიმდიდრე აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს არის საკლუბო პოლიტიკა. კლუბიც მზად უნდა იყოს და ლეგიონერმაც ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ლეგიონერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უფრო დიდ და პატრიოტულ საქმედ მიმაჩნია, ნიჭიერ ახალგაზრდებს ადგილზე რომ მოვძებნით და გავზრდით.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით?
- ელგუჯა გრიგალაშვილთან კონტრაქტი ადრე გავაფორმეთ. მერე ბექა ტუღუში დავიმატეთ. ახლა კი დათა სიჭინავასა და ზაზა ჭელიძეს ვაკვირდებით და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

დავიბრუნეთ მერაბ გიგაურიც, რომელიც ავსტრიულ შეკრებაზე უკეთ გაეცნობა ჩვენს მოთხოვნებს და ალბათ, დარჩება. მათ თავის გამოჩენის საშუალება საკონტროლო შეხვედრებში მიეცემათ.

- ახალ სეზონში რა იქნება "ტორპედოს" მიზანი - ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გუნდი მზად არის?
- კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ევროპალიგისა და ჩემპიონატის დაწყებამდე კი ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყდება, რა მიზანს დავისახავთ და წარმატებად რას მივიჩნევთ. თუმცა, პირადად მე, ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია.

- ევროპის ჩემპიონატზეც ვთქვათ. ფავორიტად რომელი ნაკრები მიგაჩნიათ?
- ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ მეეჭვება, ტიტული შეინარჩუნოს. უპირატესობას კი გერმანიას მივაკუთვნებ, რომელიც საკონტროლო შეხვედრებსა და პირველ ტურში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

თუმცა ჯერ ყველა ნაკრების თამაში არ მინახავს და ისედაც გაუმართლებელი იქნება პორტუგალიის, საფრანგეთის, ინგლისის ჩამოწერა; იგივე იტალიის, რომელმაც, პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა.

გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგი! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" სეზონისთვის მზადება მოგებით დაიწყო

ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან
მკითხველის კომენტარები / 4 /
უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მთავარი მწვრთნელი ასე არც უნდა ფიქრობდეს და არც საუბრობდეს...
ნიჭიერი ახალგაზრდების ადგილზე მოძებნა და გაზრდა ტორპედოს მთავარი მწვრთნელის საქმე არ უნდა იყოს, ამისათვის არსებობს საფეხბურთო სკოლა, ჭაბუკთა გუნდი, დუბლები და ა.შ.
მითუმეტეს არაფერ შუაშია ამასთან პატრიოტიზმი და არც სიამაყით აღსანიშნავი არაა ის რომ ასეთი საკლუბო პოლიტიკა აქვს გუნდს...
Walkabout
13:21 12-06-2012
0
არც მთლად ასეა საქმე, ტორპედოს მესვეურებმა ფულის ყადრი იციან :)), ამიტომაც არ მოჰყავთ უცხოელები. ესენი ბიზნესმენები არიან და ბიზნესის პრინციპებით უდგებიან ყველაფერს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მირწევა უნდათ, მაგრამ ვაი რომ ასე არაა ფეხბურთი მომართული. ვერავინ იტყვის რმო ფხაკაზეებს ფეხბურთი არ უყვართ ან ფული არაა აქვთ, თუმცა ზედმეტს არასოდეს დახარჯავენ. (გვარიც ხელს უწყობთ, იმერლები მიხვდებიან რაზეც ვამბობ :))))...
იმედია არავის ეწყინება
გივი
14:49 12-06-2012
0

სიახლეები პოპულარული