ქართველები და ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი დროც მოვა...

AutoSharing Option
12 ივნისიდან უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე ევრო 2012-ის მეორე ტური დაიწყება; უფრო ზუსტად, გადამწყვეტი მატჩების დრო დგება: დიდია იმის ალბათობა, რომ რამდენიმე გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატი სწორედ ამ ეტაპზე დასრულდეს.

ამას გარდა, სწორედ მეორე ტურის შეხვედრებში გამოჩნდება, თუ რამდენად რეალურია ამა თუ იმ ნაკრების საჩემპიონო ამბიცია და ასე შემდეგ.

მოკლედ, ჩემპიონატი ამიერიდან გახურდება და იმედი დავიტოვოთ, რომ მეოთხედფინალების დაწყებამდე კვლავაც ვნახავთ ისეთი დონის სანახაობას, როგორიც თუნდაც ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება იყო.

აი, იმაზე კი რა მოგახსენოთ, უახლოეს მომავალში რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმაც
იასპარეზოს. თუმცა მთლად პესიმიზმიც ნუ შეგვიპყრობს: მომდევნო ჩემპიონატზე (2016 წელს) ხომ გუნდების გაზრდაა მოსალოდნელი, კიდევ ოთხი წლის მერე კი (2020 წელს), შესაძლოა, სულაც მასპინძლის როლშიც (მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად) ვიყოთ!

ოღონდ არავინ თქვას, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა პიარ-აქციაა და ყოველგვარ რეალობას არის მოკლებულიო! აი, ნახავთ, სულ მოკლე დროში იმაზე უკეთესი სტადიონები თუ არ გვექნება, პოლონეთსა და უკრაინაში რომ არის. ეგ კი არა, მალე, ალბათ, ჩვენი შეშურდებათ და დონეცკის "დონბას-არენაზე" უკეთეს სტადიონებს შეხვდებით საქართველოს ყველა კუთხეში!

და, აი, მაშინ კი საწუწუნო აღარავის ექნება (ქართველ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ "დაუნახავ" ჟურნალისტებს): უმაღლესი ხარისხისა და ხასხასა მოედნებზე ფეხბურთის თამაში წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი! თანაც, უამინდობაც ვერაფერს დააკლებს და დეკემბერ-თებერვალში ყველასათვის მოულოდნელად თოვლი თუ წამოვა, დისკომფორტიც არავის შეექმნება!

მოკლედ, დრო სჭირდება ყველაფერს, ანუ ცოტა მოცდა მოგვიწევს და ვინ იცის, საქართველოს ნაკრებს იქნებ ერთხელ მაინც მოუწიოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა...

ხუთი იმედაცრუება
საქართველოში დღესდღეობით, ვიდრე სხვა ქვეყნების ნაკრებებს ვქომაგობთ (ესპანეთს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ჰოლანდიას, პორტუგალიას, ინგლSportall.Geისს და ასე შემდეგ), ისიც გავიხსენოთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ხუთჯერ რომ გვქონდა და ხუთივეჯერ ხელი მოგვეცარა.

უფრო ზუსტად, საქართველოს ნაკრები ხუთჯერ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ყველა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება გველოდა.

არადა, სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მართლაც ღირსეულად ჩავატარეთ და 15 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ.

სამწუხაროდ, იმის მერე საქართველოს ნაკრების შედეგები უფრო და უფრო უარესდებოდა და, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენთვის შესარჩევი ეტაპი... სამი-ოთხი ტურის მერე მთავრდებოდა!

ჰო, საქმეს არაფერი შველოდა: არც ნაკრების მწვრთნელთა პერმანენტული (ხანდახან - გამართლებული, ხანდახან - გაუმართლებელი) ცვლა, არც შედარებით იოლ ჯგუფში მოხვედრა და არც რეალობას მოკლებული ამბიციები. თავად განსაჯეთ: 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჯგუფში ბოლო ადგილზე დავასრულეთ (არადა, ვერავინ იტყვის, ძლიერი მეტოქეები გვყავდაო). ამის მერეც (2004, 2008, 2012 წლების შესარჩევებში) ჯგუფში ან ბოლო ადგილი უნდა დაგვეკავებინა, ანაც - ბოლოსწინა.

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ლატვიისა და სლოვენიის ნაკრებები გადიოდნენ, ხოლო ბოსნიას, ჩერნოგორიასა და ესტონეთს (!) ამ მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ (პლეი ოფში მარცხდებოდნენ).

არადა, დრო იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უქართველებოდ წარმოუდგენელი იყო.

რაღა თქმა უნდა, იმ დროს ვიხსენებთ, როცა ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ...

საამაყოდ გასახსენებელი
ევროპის პირველი ჩემპიონატი (იმ დროს "ევროპის თასი" ერქვა) 1960 წელს ჩატარდა და დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული ფორმატიც ჰქონდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა და საფრანგეთში ჩატარებული ტურნირი საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფით დამთავრდა!

Sportall.Geამ გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა: გივი ჩოხელმა, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა (ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა).

1964 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა კვლავ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ესპანეთთან წააგო - სამწუხაროდ, ამჯერად ქართველ ფეხბურთელებს ფინალურ ეტაპზე არ უასპარეზიათ.

სამაგიეროდ, 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი გაემგზავრა: ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია, თუმცა არც ნახევარფინალში (იტალიასთან) და არც მესამე ადგილისათვის მატჩში (ინგლისთან) ამ ოთხეულს თამაში არ მოუწია.

განსხვავებული სიტუაცია იყო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ბელგიამ რომ უმასპინძლა: ნახევარფინალში უნგრელების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, ხოლო გივი ნოდია მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

ძოძუაშვილმა და ხურცილავამ ფინალური მატჩიც შეუცვლელად ჩაატარეს, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მართლაც უძლიერეს ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ფრანც ბეკენბაუერთან, გერდ მიულერთან, პაულ ბრაიტნერთან, ული ჰიონესთან, გიუნტერ ნეტცერთან და იუპ ჰაინკესთან ერთად რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავაც მოხვდნენ! და კიდევ: მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ!

აი, ამის შემდეგ კი დღემდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს უთამაშია: თენგიზ სულაქველიძეს (1988 წელს), კახა ცხადაძეს, ახრიკ ცვეიბას (1992 წელს) და ომარ თეთრაძეს (1996 წელს)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეთი ნაბიჯებით არ მგონია კიდევ დიდხანს შევძლოთ ვითამაშოთ ევროპაზე ანდაც მსოფლიოზე.ჩემი სუბიეკტური აზრია.
jorj
21:49 12-06-2012
0
დინამოს სტადიონს რომ ავეჯის მაღაზიები მიაშენეს ამ სტადიონით გინდათ ჩემპიონატის მასპინძლობა?
DATO
16:36 12-06-2012
0

სიახლეები პოპულარული