ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
შესარჩევის პირველი შეხვედრა 1:4-ით წავაგეთ. ის ერთადერთი გოლი, ლევან კობიაშვილის გადაცემით, მე გავიტანე თავით და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გოლია ჩემს სანაკრებო კარიერაში - ბურთი ცხრიანში აღმოჩნდა! ანგარიში გავათანაბრე, მაგრამ მერე სამი უპასუხო გოლი გავუშვით...

რადგან ახალი ციკლი იწყებოდა, მატჩის წინ კრება გაიმართა და ბიჭებმა ჟორდანიას სთხოვეს - გაგვარკვიე, ნაკრებში როგორი პრემიალური სისტემა არისო. მე და გიო ქინქლაძე კრებას გვიან შევუერთდით, რადგან იგი დაგეგმილი არ ყოფილა. მერაბ ჟორდანიამ თქვა, თუ ფინალურ ეტაპზე გახვალთ, პრემიებს მაშინ მიიღებთო. ფეხბურთელები კი ითხოვდნენ, პრემია თითოეული მატჩისთვის დაწესდესო.

კამათის ბოლოს ჟორდანიამ ძალიან გამაღიზიანებლად გვითხრა, ნაკრებში სულ წარუმატებლად გამოდიხართ, ერთ-ორ თამაშს თუ მოიგებთ და პრემია მოგინდებათო.

მე მანამდე ხმა არ ამომიღია, მაგრამ ეს რომ თქვა, ვეღარ მოვითმინე და დავიწყე - რადგან წარუმატებლობის ბევრი მიზეზი არსებობდა, რომელზეც მერაბთან ადრეც ბევრჯერ მისაუბრია და მათ შორის რამდენიმე ჩამოვთვალე. კერძოდ, ნაკრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობა, სამედიცინო-სარეაბილიტაციო სისტემის არქონა, მეკარეების პრობლემა და მწვრთნელების ხშირი როტაცია. ფულსა და პრემიებზე საერთოდ არაფერი მითქვამს.

კარგი სავარჯიშო პირობები ჩვენ არა გვაქვს, სამედიცინო აპარატურას ვერა და ვერ ვეღირსეთ და ამიტომაც, თუ რამე გვეტკინება ნაკრებში, ვერავინ ახერხებს გამოჯანმრთელებას. კარგი მეკარე პრობლემაა; საქართველოს ნაკრები ათი წელია, რაც არსებობს და ერთი კარგი უცხოელი მწვრთნელი ვერ მოიწვიეთ-მეთქი. ფულზე საერთოდ არაფერი მითქვამს.

ამ კრებას მწვრთნელები არ ესწრებოდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არ იყო ჩვენი მეკარე დავით გვარამაძეც. თითქოს სპეციალურად შეიკრიბნენო.

მეორე დღეს ვიღაცამ ყველაფერი ჩივაძეს უამბო - კრება არველაძემ მოიწვია, შენ და გვარამაძეს არცკი დაგიძახესო. ჩივაძემ ეს ყველაფერი შვეიცარიასთან თამაშიდან რამდენიმე კვირაში, სატელეფონო საუბრისას მითხრა - შენგან ამას არ ველოდი, ზურგს უკან რაღაცეები გილაპარაკიაო (?!).

ტელეფონი ხელში გამიშეშდა, ძალიან შევწუხდი. ადამიანს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საუბარი მას არ ეხებოდა, ვაწყენინე და ყველაფრის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა.

ვუპასუხე - თუ მართლა გჯერა ამის, მე თავის მართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ, რომ ჩამოვალ, აუცილებლად დაგელაპარაკები-მეთქი.

რამდენიმე თვე გავიდა და ჩივაძე მიხვდა, რომ ყველაფერი ბოროტი ენების ბრალი იყო. მეც, ალბათ, უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, შეიძლება ყველას სწორად ვერ გაეგო ჩემი ნათქვამი, რადგან მე, როგორც ყოველთვის, საერთო სატკივარზე ვსაუბრობდი.

"ჩივას" და "ყიფოს" ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ ჩემს ცხოვრებაში და თუ როდისმე მათ რამე ვაწყენინე, კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო. მათგან სითბოს და მხარდაჭერის მეტი არასოდეს არაფერი მახსოვს!.. ეს ის ორი ადამიანია, ვინც ჩემი საქმე შემაყვარა და მაჩვენა, როგორი უნდა იყოს ქართული ფეხბურთი, რითი შეიძლება მოხიბლო მსოფლიო, რომ შენზე ცოტათი მაინც აალაპარაკო.

შვეიცარიის მერე თბილისში ირლანდიასთან 1:2 წავაგეთ (ტრავმის გამო არ მითამაშია), ხოლო შვეიცარიას 0:0 ვეთამაშეთ (ჩივაძემ მეორე ტაიმში შემიშვა მოედანზე). ამ ორი თამაშის წარუმატებლობას ჩივაძის გადადგომა მოჰყვა.

მერაბ ჟორდანიამ ნაკრების დროებით მწვრთნელად ხორვატ ივო შუშაკს უხმო, რომელიც მაშინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელი იყო. ნაკრებს თბილისში რუსეთთან უნდა ეთამაშა. ეს საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი იყო.

საქართველოში ჩამოსვლა ძალიან გაძნელდა. გლაზგოდან წამოსულს პარიზში მომიწია ღამის გათენება და თბილისში გვიან ჩამოვედი. აეროპორტიდან პირდაპირ სავარჯიშოდ წავედი და მარტომ ვივარჯიშე. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთე, რომ თამაშისთვის მზად ვყოფილიყავი.

ამ თამაშს დიდი ემოციური, ეროვნული და, ალბათ, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა - განსაკუთრებით ვემზადებოდი. თამაშის დღეს ჩემთან ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი მოვიდა და მითხრა - მგონი, ძირითადი შემადგენლობის სიაა კედელზე გამოკრული და შენ არ წერიხარო. იქვე იყო გიორგი დემეტრაძე, რომელმაც ძალიან ცინიკურად თქვა - მერე რა, თუ შოთა ძირითადში არ იქნებაო.

დემესთვის არაფერი მითქვამს, ეს იქვე თქვა და არა ზურგს უკან. ძალიან განვიცადე, სასტარტოში რომ არ ვიყავი. ამდენი ხანი ნაკრებში ვთამაშობდი, შუშაკი კი ახალი მოსული იყო, არცკი დამლაპარაკებია.

"უნდა გეთქვა ჩემთვის, ივო, ამას თუ აპირებდი, ჯერ ხომ წესია საქმე და მერე საქმეა - საქმე!.."

მაგრამ შუშაკს ცნობილი ქართველი მწერლის ეს გამონათქვამი არც წაუკითხავს და არც გაუგია. ამიტომ დავავლე ჩანთას ხელი და შეკრებიდან წამოვედი.

ჩემი შეჩერება მხოლოდ გია ნემსაძემ სცადა. დიღმის ბაზის ჭიშკრამდე გამომყვა, მაგრამ ვერ მომერია, წასვლა ვერ გადამათქმევინა.

თუ მიდიხარ, არავის აინტერესებს შენი პრობლემა, ვინ ხარ, რა დამსახურება გაქვს. იმ დროს გგონია, რომ ბევრს უხარია კიდეც. მე კი არა, დავით ყიფიანი და მიხეილ მესხი ისე გაუშვეს "დინამოდან", ერთხელ არ მოუკითხავთ!.. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მაინც მკვდარი ვიყავი...

შუშაკს არაფერს ვთხოვდი, უბრალოდ, უნდა ეთქვა, რომ ჩემს დაყენებას არ აპირებდა. ეს ნორმალურია, მსოფლიოში ბევრი ცნობილი მწვრთნელი აკეთებს ასე, რაც იმას გულისხმობს, რომ ასაკს და დამსახურებას პატივს სცემენ.

მალხაზ ასათიანის გოლით საქართველომ რუსეთს 1:0 მოუგო. მატჩს ტელევიზიით ვუყურე და ძალიან მომინდა, მეც ვყოფილიყავი ამ ძალიან გემრიელი გამარჯვების მონაწილე. მთელი საქართველო ზეიმობდა ამ გამარჯვებას და ჩემს წასვლას ბევრმა ყურადღება ამიტომაც არ მიაქცია.

წარუმატებლობის შემთხვევაში, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

არასწორად მოვიქეცი და მეგონა, მომდევნო მატჩისთვის შუშაკი აღარ გამომიძახებდა, მაგრამ მაინც გამომიძახა. ირლანდიაში - 2:0 წავაგეთ. ძალიან მონდომებული ვიყავი და ალბათ ურიგოდ არ მითამაშია. პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა. გარეთ გამოვედი ჰაერზე და მეორე ტაიმის დაწყებამდე გარეთ დავრჩი. თამაშის შემდეგ კი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, კინაღამ მოვკვდი!..

ივო შუშაკი თავს დამტრიალებდა გასახდელში. ვთხოვე, დამტოვეთ-მეთქი, მაგრამ არა, შენთან უნდა ვიყოო. სისხლის ღებინება დამეწყო და მერიდებოდა. საავადმყოფოში გადამიყვანეს... აღმოჩნდა, რომ ეროზიებისგან კუჭის კედლები მქონდა დამსკდარი, რაც ხანგრძლივად გამაყუჩებლების მიღების შედეგი იყო.

მეგონა, ვკვდებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. შემეშინდა კიდეც, მაგრამ მადლობა ირლანდიელებს - დიდი ყურადღებით მომიარეს.

სამი დღე საავადმყოფოში დამტოვეს და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ჩემი მგზავრობა უსაფრთხო იყო, მხოლოდ მაშინ გამომიშვეს. მკურნალობა და, ამავდროულად, მკაცრი დიეტა დამინიშნეს, რაც აქტიური სპორტსმენისთვის ძალიან რთულია.

ივო შუშაკი ნაკრებიდან წავიდა (!)... მერაბ ჟორდანია ცაიტნოტურ სიტუაციაში აღმოჩნდა. იმ დროისთვის საქართველოში მწვრთნელობა არავინ ისურვა. უცხოელი მწვრთნელის მოსაწვევად კი დრო აღარ იყო. ჰოდა, გადაწყვიტა, ციკლის ბოლომდე თვითონ ყოფილიყო ნაკრების მწვრთნელი.

სამი თამაში გველოდა ჟორდანიას ხელმძღვანელობით.

პირველი თამაში შინ, ალბანეთთან გვქონდა. შემადგენლობის შერჩევისას მან დახმარება მე, მიშა ყაველაშვილს და თემურ ქეცბაიას გვთხოვა. ჩვენც დიდი მონდომებით ჩავერთეთ ნაკრების მომზადებაში. საყრდენ ნახევარმცველად გია ნემსაძეს და კობის უნდა ეთამაშათ, თავდასხმაში - მე და მიხეილ აშვეთიას, ჩვენს უკან კი დიდი არჩევანი იყო: დარასელია, ქინქლაძე, დემეტრაძე, გახოკიძე, ასათიანი, ჯამარაული და იაშვილი.

მერაბ ჟორდანია ჯამარას და იაშვილს ენდო. პირველი ტაიმი 3:0-ით მოვიგეთ, მე ორი გოლი გავიტანე.

თამაში ყველას უნდოდა. გასახდელში მე და ჯამარამ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ტაიმის მეთხუთმეტე წუთზე გამოვსულიყავით. თბილისში მოგებული თამაშიდან გამოსვლა, ალბათ, არავის მოუნდებოდა, განსაკუთრებით მე, რომელსაც თავისუფლად შემეძლო ჰეთ-თრიკიც კი შემესრულებინა, მაგრამ ამით სხვასაც მივცემდით თამაშის საშუალებას, რაც ყველას საბრძოლო განწყობას შემატებდა და გულნატკენი არავინ დაგვრჩებოდა.

ასეც მოვიქეცით და ჩვენს მაგივრად დემეტრაძე და ქინქლაძე შემოვიდნენ. ერთი იძულებითი შეცვლაც გავაკეთეთ, რადგან ქემოკლიძემ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად ალექსანდრე რეხვიაშვილმა ითამაშა.

საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და მზადება უკვე ალბანელებთან, ტირანაში საპასუხო შეხვედრისთვის დავიწყეთ. გამგზავრების წინ გოგა გახოკიძემ ცალკე გამიყვანა და მეუბნება - რატომ ურჩიე ჟორდანიას, რომ მე არ ვეთამაშებინე, ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართო?!

თავიდან ვერც მივხვდი, რას მეუბნებოდა. ვიცოდი, რომ გოგას ძალიან უნდოდა თამაში. ვარჯიშებზეც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. დალაპარაკება რომ მთხოვა, ვიფიქრე, რახან ცოტას თამაშობს, წასვლა უნდა და რითი დავარწმუნო, რომ ეს არასწორი მიდგომაა. მეც ხომ ასევე მოვიქეცი რუსეთთან მატჩის წინ და ალბათ მისი გადაბირება გამიჭირდება-მეთქი.

ძალიან დავიბენი, ალბათ შემეტყო კიდეც. ბევრი არ მილაპარაკია, ერთი ვუთხარი - ვიღაცამ მოგატყუა, ჟორდანიასთვის არაფერი მითქვამს და თუ ჩემი არ გჯერა, საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა-მეთქი.

ვინ უთხრა და ვინ მოატყუა, მოიკლა თავი და არ გამიმხილა. მერე ერთმანეთს გადავეხვიეთ, დარწმუნდა, რომ მართალი ვიყავი. მოკლედ, რაც უნდა მეფიქრა გუნდსა და განწყობაზე, მაინც არაფერი გამომივიდა.

ვერ გავიგე, საიდან მოდის ამდენი ტყუილი და ბოროტება, ყოველთვის დაუფარავად ვამბობდი იმას, რაც მაწუხებდა და რასაც წარმატებისთვის საჭიროდ ვთვლიდი. გოგას არც ტირანაში მოუწია თამაში. როცა მწვრთნელმა მესამე შეცვლა გააკეთა და გახოკიძე არც მაშინ შეუშვა მოედანზე, ვერ მოითმინა და ჟორდანიას ჩხუბი აუტეხა.

ის შეხვედრა 1:3 წავაგეთ. ჩხუბი გასახდელში თამაშის შემდეგაც გაგრძელდა. მე კი ჩემი მეექვსე გოლი გავუტანე ალბანელებს, ქინქლაძის დარტყმულს კარის ხაზზე მივუსწარი და ანგარიში 2:1 გავხადე.

ახალი ციკლისთვის ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ისევ საძებარი გახდა... ჩემს მეგობარს, თურქ აგენტ ბაირამ თუთუმლუს ვთხოვე, იქნება კარგი მწვრთნელი შეგვირჩიო-მეთქი. თუთუმლუმ ანრი მიშელი და სრეჩკო კატანეცი გამოგვიძებნა. დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ ჟორდანიამ ბოლო მომენტში მიშელ პლატინის მეგობარი - ალენ ჟირესი ამჯობინა.

"ევრო 2008"-ის შესარჩევის წინ ხელისუფლებამ დოტაცია გამოყო და ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები უფრო სახელიან სპეციალისტს ჩააბარა - კლაუს ტოპმიოლერი მოიწვია.

საქართველოს "ტოპის" ძალიან დიდი იმედი ჰქონდა. გერმანელი, ცოტა არ იყოს, გვიან მიხვდა, ან მიხვდა თუ არა, ეგეც ბოლომდე ვერ გავარკვიე, რომ ტაქტიკური განათლების მხრივ, ევროპის წამყვან ლიგებში და რუსეთ-უკრაინა-საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყო და დავალების მიცემისას მათთან უფრო მეტი ინდივიდუალური მუშაობა იყო საჭირო.

ამას ისიც დაერთო, რომ ყველა თამაშში ტრავმების თუ დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდებოდა.

ყველა აქ ჩამოთვლილი მიზეზი და, ალბათ, ბევრი სხვაც, რის თქმასაც ახლა ვერ ვახერხებ, საბოლოოდ მიზეზთა-მიზეზი გახდება, რის გამოც მე ნაკრებიდან წავალ...

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო როინ, ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც მოიყვანეთ
Tornike
13:33 15-06-2012
0
წადი შენი კარგიც წახვალ ტორე გამოგეკიდებოდა ვინმე ხო იცით. შტქვენ და თვენმა უფროსმა ზმამ გადახარით ქარტული ფეხბურთი
roini
16:03 12-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული