ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ის, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, ჩემთვის სულ რამდენიმე ხანში რეალობად გადაიქცევა. მე დიდი ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის წევრი გავხდები.

1997 წლის ზაფხულში თბილისიდან არსად წავსულვარ. "დინამოს" ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს, ოღონდ ეს ზაფხული განსხვავებული იყო - მე ხომ "აიაქსში" მივდიოდი...

"აიაქსი" თითქმის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიდიოდა, ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი.

მაინტერესებდა, რამდენით ჩამოვრჩებოდი მათ, ვინც ყოველ წელს ლიგის ფინალს თამაშობდა.

ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო - ყოჩაღ, აბა, შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო. ერთი რჩევაც მომცა - გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, ისე მოიქეცი, თითქოს დიდი ხანია, "აიაქსში" თამაშობო. ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო.

ჰოლანდიის დედაქალაქში მე, აჩი, მერაბ ჟორდანია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი), ერვინ კაზაკოვსკი და ჩემი მენეჯერი - ივან ბენეში ჩავედით. "ამსტერდამ არენაზე" მარტინ ოლდენჰოფი და არი ვან ოსი გველოდებოდნენ. სწორედ ისინი განაგებდნენ საფინანსო საქმეებს. იმ ოთახში მიგვიპატიჟეს, სადაც "აიაქსის" თასები იყო გამოფენილი, ოთხი - ჩემპიონთა ლიგის, ორი - საკონტინენტო, ორი - ევრო სუპერთასი და ერთი - უეფა.

არ ვიცი, საგანგებოდ შეგვიყვანეს თუ არა, მაგრამ ამის შემყურეს ნერვიულობა გამიორმაგდა. კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ოთახმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მზად ვიყავი, ყველანაირი კონტრაქტისთვის მომეწერა ხელი.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გადაწყდა - მეორე დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში მოვაწერდი ხელს.

ეს ყველას გამარჯვება იყო!.. ქართული ფეხბურთი დაუბრუნდა ევროპას!.. მეორე დღეს, კონტრაქტზე ხელმოსაწერად, ლამაზად გამოვეწყვე და ცერემონიამაც ასევე ლამაზად ჩაიარა...

ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დამისვეს, რომელთაგან ერთი დამამახსოვრდა: "აიაქსში" ბევრი ცნობილი თავდამსხმელი თამაშობდა, თქვენ რომელს გინდათ, რომ მიბაძოთო? მე ვუთხარი: ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი თავი წარმოვაჩინო და არავის მივბაძო-მეთქი.

საღამოს ყველანი რესტორანში წავედით... ჩემი ოჯახის ახლობელი, თაზო ანდღულაძეც შემოგვიერთდა, რომელიც ამსტერდამში საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ამაღლებულ ხასიათზე ვიყავით და კარგადაც მოვილხინეთ.

მეორე დღეს თაზომ კარგი საჩუქარი გაგვიკეთა - მე და აჩი თბილისში თავისი ხარჯებით გამოგვაფრინა. თბილისში ყველა ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა... რეკავდნენ ქართველი ჟურნალისტები, ყველას დეტალურად აინტერესებდა ამსტერდამის ამბები. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი მკითხა - პირველ გუნდში მოაწერე ხელი თუ მეორეშიო.

ზოგისთვის ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა ის, რომ ქართველი ევროპულ გრანდში ითამაშებდა. რამდენიმე ვაიგულშემატკივარმა ისიც კი თქვა, ამსტერდამში ბალიში წაიღოს, თორემ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ერთი ადგილი ეტკინებაო.

ეს ის ხალხია, ვისაც სპორტთან საერთო არასდროს ჰქონია, სპორტულ პიჟამაში ჩაცმულიც კი არავის უნახავს, მხოლოდ ცინიზმით გამოირჩევიან და არასდროს არაფერი უკეთებიათ. სტადიონზეც, ალბათ, მხოლოდ საგინებლად დადიან და ტოტალიზატორშიც ჩვენს წაგებაზე დებენ ფსონებს.

გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთის ასეთმა მიდგომამ კარგი მოტივაცია გამიჩინა.

ჩემი თამუნა რვა თვის ფეხმძიმე იყო და ყველა მოუთმენლად ველოდით გიორგუნას დაბადებას. ივლისი იწყებოდა და ყველაფერი მოსაგვარებელი მქონდა: სახლი, ექიმი, დაზღვევა... არ ვიცოდი, სად იმშობიარებდა თამუნა და ბევრი სხვა რამ, რაც ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლას სჭირდება.

გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... როგორ შევედი გასახდელში, როგორ ჩამოვართვი ყველას ხელი, მარტო ჩემს სახელს ვიმეორებდი... თითქმის ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო... ამ ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა... ეტყობა, საწყლად გამოვიყურებოდი, ყველა გარეთ გავიდა და სირბილისთვის მოემზადა.

რონალდ დე ბურმა ფეხის ზომა მკითხა და თავისი ბოტასები მომიტანა. ალბათ, სწორედ აქ დაიბადა ჩვენი დიდი მეგობრობა, რომელიც ჩემთვის დღემდე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ვარჯიშის მოყვარული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ რაც "აიაქსში" ხდებოდა, ასეთი არსად მენახა. ვარჯიშები თამაშებს ჰგავდა, დაძაბულობა და კონცენტრაცია ზუსტად თამაშის სიტუაციებს უტოლდებოდა. ყოველდღიურ ასეთ მიდგომას და ვარჯიშს მიუჩვეველი ვიყავი და ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა.

პირველ ეტაპზე ჩემთვის ყოველი ვარჯიში თამაშივით მნიშვნელოვანი იყო. უჩვეულოდ ადრეც კი ვიძინებდი, რომ მეორე დღეს თავი ყოჩაღად მეგრძნო. გუნდში შესრულების ხარისხი იმდენად მაღალი იყო, ამის შემჩნევა ყველასთვის ადვილი იყო. ვარჯიში იმდენად ხარისხიანად სრულდებოდა, რომ შავზე თეთრივით ჩანდა, ვინ არ იყო მზად.

შეკრების პირველ კვირას ამსტერდამში გავდიოდით, მერე ესპანურ-ინგლისური ტურნე გვქონდა. "რეალთან" თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა, 2:1-ით დავმარცხდით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, როგორ უყვარდა და აფასებდა ფენომენალურ ფეხბურთელს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, მიქაელ ლაუდრუპს ხალხი.

ინგლისში "ნიუკასლ იუნაიტედს" შევხვდით, სადაც თემურ ქეცბაია თამაშობდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის, როდესაც ჩემი ქართველი, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ძმაკაცის წინააღმდეგ მიწევდა თამაში. მაშინ მათ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ: ფრანგი - დევიდ ჟინოლა, კოლუმბიელი - ფაუსტინო ასპირილია, ალან შირერი, თემური და ბევრი სხვა.

პირველ ტაიმში მინიმუმ სამი გოლი უნდა გაგვეშვა, მაგრამ "ნიუკასლმა" ვერ გამოიყენა კარგი საგოლე მომენტები. მე მორტენ ოლსენმა მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგზე გადამწია და საკმაოდ კარგადაც ვითამაშე. ორი გოლი ჩემი გადაცემით გავიდა - ბენი მაკარტიმ გაიტანა. თამაში 3:0-ით მოვიგეთ და, რაღა თქმა უნდა, მე და "ქეცბამ" "მაიკებიც" გავცვალეთ.

ტურნირები კარგად მოვიარე და ამსტერდამში დავბრუნდი. როგორც იქნა, სახლი "არენის" მახლობლად, "სლოუტენში" ავიღეთ და, რომ იტყვიან, დავლაგდით... 15 აგვისტოს "არენაზე" ბრაზილიურ "გრემიოს" მივიღებდით და ჩემი საშინაო დებიუტიც შედგებოდა.

ჩემი და თამუნას საგულშემატკივროდ მთელი ოჯახი ჩამოვიდა. 15 აგვისტო ჩვეულებრივად გათენდა... მე დილიდანვე გუნდს შევუერთდი. სასტუმროში წავედით და თამაშისთვის მზადება დავიწყეთ.

დღის 2 საათი იქნებოდა, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს - თამუნას მშობიარობა დაეწყოო... სასწრაფოდ სამშობიაროში გავვარდი. ჩემებიც იქ დამხვდნენ... მაწყნარებდნენ, რადგან ყველაფერზე ვნერვიულობდი, მაგრამ თამუნამ აქაც ყველა გააოცა და სულ რაღაც ერთ საათში ჩემი გიორგუნა მოევლინა ქვეყანას!.. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!. მე მამა გავხდი!.. კიჭამ ამ ფაქტის აღსანიშნავად სასმელის ძებნა დაიწყო და თაზო ანდღულაძესთან ერთად ძალიან მალე, სრულად გაიარეს ყველა სადღეგრძელო...

ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ სასტუმროში დროზე ადრე დავბრუნდი. ჯერ არავინ მელოდა, ყველას ეგონა, რომ მშობიარობა, როგორც ყოველთვის, გაიწელებოდა და, როდესაც დამინახეს, ღადაობა დამიწყეს - რა იყო, ბიჭო, ბავშვი ზანგი ხომ არ დაიბადა, დააგდე და ასე მალე გამოვარდიო. ბოლოს კი ყველამ ერთად მომილოცა და ჩემს პირველ შვილს, გიორგუნას, ბედნიერება უსურვა.

თამაშამდე კარგად დამეძინა და მობილიზებაც შევძელი. მინდოდა "არენაზე" მოსულ გულშემატკივარს პირველივე მატჩში დაენახა, რომ ამსტერდამში მუზეუმების დასათვალიერებლად არ ვიყავი ჩასული, თუმცა მთლად უმუზეუმობაც არ ივარგებდა...

მეორე ტაიმი სრულად ვითამაშე. ბოლო წუთამზე 0:1-ს ვაგებდით, როცა ლაუდრუპის მარცხნიდან ჩამოწოდებულ ბურთს ვარდნაში, თავით შევუცვალე მიმართულება... მეკარე უძლური აღმოჩნდა და 1:1!..

15 აგვისტო ჩემს ცხოვრებაში დიდი ასოებით ჩაიწერა - მამა გავხდი. დღემდე გიორგუნა ჩემს საუკეთესო გოლად მიმაჩნია, თუმცა "აიაქსში" ჩემი დებიუტიც ლამაზი გოლით აღვნიშნეთ.

სახლში ყველანი უზომოდ ბედნიერნი დავბრუნდით და ჩემს თამუნასთან და გიორგუნასთან ერთად, ოცნებების რეალურად ახდენას კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"