გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

AutoSharing Option
გასული სეზონი "ვიტ ჯორჯიასთვის" არცთუ წარმატებული გამოდგა: გუნდი, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონობისა და ევროსაგზურისთვის იბრძოდა, უმაღლეს ლიგაში ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებითღა დარჩა.

კლუბის პრეზიდენტს გურამ რუხაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით და გასული სეზონის შეჯამებასთან ერთად, "ვიტ ჯორჯიას" პერსპექტივებსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგები ნამდვილად არ უნდა შეეფერებოდეს კლუბის ამბიციებს...
- შედეგი, რა თქმა უნდა, არ იყო სასურველი. "ვიტ ჯორჯიას" არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, მაგრამ მაინც უფრო მაღალი ადგილი უნდა დაგვეკავებინა.

ჩვენი მიზანი უმაღლესი ლიგის
რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო, რათა შემდეგ ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა.

სამწუხაროდ, პლეი აუტის ამარა დავრჩით და იმის მიუხედავად, რომ ეს გათამაშება წარმატებით დავიწყეთ, საქმე მაინც ისე წაგვივიდა, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი მხოლოდ ბოლო ტურში გადავჭერით.

ყველაფრის მიუხედავად, განვლილმა სეზონმა გარკვეული სარგებელი მაინც მოგვიტანა - ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ასეთ მძიმე ბრძოლებში დიდი გამოცდილება მიიღეს. მომავალ სეზონში ერთი წლით უფრო გამოცდილი გუნდი გვეყოლება და უკეთესი შედეგების იმედებიც გვექნება.

- მაინც რა იქნება "ვიტ ჯორჯიას" მიზანი მომავალ სეზონში?
- უნდა მოვხვდეთ უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო გუნდში და იმის იმედიც გვაქვს, რომ ევროტურნირებზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.

- ვიცით, რომ გარკვეული წინადადებები მიიღეთ გიორგი ჯანელიძის თაობაზე. მისი ტრანსფერი ხომ არ მომწიფდა?
- სავსებით შესაძლებელია, მან "ვიტ ჯორჯია" მალევე დატოვოს. მის მსურველ კლუბებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ საკმაოდ რეალური შემოთავაზებები მივიღეთ.

დიდია იმის შანსიც, რომ ლაშა კასრაძის ტრანსფერიც განხორციელდეს. მისი ერთ-ერთი მსურველი უკრაინის პრემიერლიგის კლუბი გახლავთ.

"ვიტ ჯორჯიას" სატრანსფერო პოლიტიკა კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ ფეხბურთელებს ყოველთვის ხელს ვუწყობთ კარიერულ წინსვლაში. არ დავმალავ, რომ ტრანსფერებით კლუბის ბიუჯეტი ივსება, მაგრამ ადამიანურ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენს აღზრდილ ფეხბურთელებს უკეთეს დონეზე თამაშსა და უკეთეს ცხოვრებაში ყველანაირად ხელს ვუწყობთ.

- ბოლო წლებში "ვიტ ჯორჯიადან" საზღვარგარეთულ კლუბებში წასული ფეხბურთელების რიცხვმა იკლო. ამ ტენდენციას რით ახსნით?
- არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" პრობლემაა. ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნამ იკლო, რადგან ჩვენი ფეხბურთი ევროპულს განვითარების ტემპებით კიდევ უფრო ჩამორჩა.

- დღეს თუ ახერხებს "ვიტ ჯორჯია" საკუთარი ფეხბურთელების ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას?
- რა თქმა უნდა, ევროპული მასშტაბებისგან შორს ვართ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ქართული საზომებით საშუალოზე უკეთესი პირობები გვაქვს. "ვიტ ჯორჯიაში" ხელფასები წინსწრებით გაიცემა, მოწესრიგებულია პრემიების სისტემაც.

"ვიტ ჯორჯიაში" თამაშის სურვილი ფეხბურთელებს აქვთ და ჩვენთან კონტრაქტი ბევრისთვის სასურველია. ხოლო იმას, ვისაც პერსპექტივა აქვს, რომ უფრო კარგ პირობებში ითამაშოს, როგორც გითხარით, ხელს ყველანაირად ვუწყობთ.

- გადავინაცვლოთ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. ვიცით, რომ "მცხეთა პარკის" კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულებულია. რა სამუშაოები შესრულდა და რა იგეგმება უახლოესი პერიოდისთვის?
- ჩვენს სტადიონზე დაიგო მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ტრიბუნაზე დავამონტაჟეთ ორი ათასი ცალი ინდივიდუალური სკამი, სრულად მოვაწესრიგეთ ვიპ-ლოჟა და გასახდელები. სამუშაოების მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია მეორე ტრიბუნის აგება და ღამის განათების დამონტაჟება.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმ პირობებში, როცა "ვიტ ჯორჯიას" საშინაო თამაშებზე მაყურებელი არ დადის, მეორე ტრიბუნის აშენება კუდაბზიკობად მიმაჩნია.

- მაყურებლების სიმცირე თითქმის ყველა ქართული კლუბის თავისტკივილია. თქვენ თუ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას და საამისოდ რაიმე გზა ხომ არ გიპოვიათ?
- არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მგონია, რომ მაყურებლების მოზიდვის ეფექტურ გზებს მივაგენით. ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში ყველაფერს შეიტყობთ.

- წლებია, "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბში განსაკუთრებული ცვლილებები არ ხდება. მომავალ სეზონშიც ასე იქნება თუ რაიმე სიახლეს უნდა ველოდოთ?
- მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ასე რომ, კარდინალურ ცვლილებებს არ გვეგმავთ. მერაბ კოჭლაშვილის მუშაობით კმაყოფილი ვარ და "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონშიც იგი იქნება.

ზურაბ ბერიძე "ვიტ ჯორჯიას" ჭაბუკთა გუნდების კოორდინატორად დავნიშნეთ, დუბლშემადგენლობას კი კვლავ კოჭლაშვილის ასისტენტი რამაზ სვანაძე გაწვრთნის.

- რამდენად დამაკმაყოფილებელია "ვიტ ჯორჯიას" დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა გუნდების დონე?
- ვფიქრობ, სავსებით დამაკმაყოფილებელია, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. ჩვენმა დუბლებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს, 1994-95 წლებში დაბადებულთა გუნდი კი, რომელსაც ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ კობიაშვილი წვრთნის, თავის ასაკში მეორე ადგილზე გავიდა.

- უნდა ჩამოყალიბებულიყო "ვიტ ჯორჯიას" ბავშვთა სკოლა. რა სტადიაზეა ეს საკითხი?
- ამისკენ ეტაპობრივად მივდივართ. ჩვენ დავაარსეთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "მცხეთა", რომელიც ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული და მომავალი სეზონიდან ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი სახელით ითამაშებს.

- რამდენიმე დღის წინ კლუბების წარმომადგენლებმა მომავალი ჩემპიონატის რეგლამენტზე იმსჯელეს. რამდენად მისაღებია თქვენთვის საბოლოო გადაწყვეტილება?
- ვფიქრობ, თორმეტგუნდიანი უმაღლესი ლიგა და გუნდების ექვსეულებად დაყოფა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. მერწმუნეთ, უმაღლესი ლიგიდან რომ გავვარდნილიყავით, მაინც იგივეს გეტყოდით.

არ მესმის, რატომ ქმნის ზოგი კლუბი ტრაგედიას პირველ ლიგაში თამაშისგან. ჩვენთვის სპორტული პრინციპი უმთავრესია. უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ ვერ შეგვენარჩუნებინა, პირველ ლიგაში ვითამაშებდით და ელიტაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებდით.

მთავარია, მომავალ სეზონში არ მოხდეს ისეთი უარყოფითი ფაქტები, რასაც ვერ გავექეცით. ყრილობაზე ვთქვი, რომ ძალიან ცუდი რამ იყო რეგლამენტში გაპარული ხარვეზი, რამაც საჩემპიონო დავამდე მიგვიყვანა. თასის ფინალშიც დიდი უსიამოვნება მოხდა და არც ის იყო კარგი, გუნდმა საქართველოს სუპერთასზე დუბლშემადგენლობით რომ ითამაშა.

- როგორც გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ პროფლიგა კლუბების თანხმობით დაიშალა. ახლად შექმნილი პროფლიგისგან რას ელით?
- მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო, ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა პროფლიგის გაუქმება გამოიწვია. ახლა კი სახელმწიფოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეს ინიციატივა აქვს და პროფლიგის აღდგენას მივესალმები.

ქართული კლუბების უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად შექმნას პროფლიგა. ასე რომ, დღევანდელი რეალობა ასეთია - კლუბების პოზიცია თანხვედრაში უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციასთან.

გურამ რუხაძე: სპორტული პრინციპი უმთავრესია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული