ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
სეზონის პირველი მატჩი სახლში, "ვიტესთან" გვქონდა. ოლსენმა ძირითადში არ დამაყენა და როცა ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ - 4:1 იყო, მხოლოდ მაშინ შემიშვა.

ძალიან მალე, დინ გორეს პასით, ჩემი პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე და "აიაქსური" ათვლაც დაიწყო...

შემდეგ თამაშშიც არ მერგო ადგილი ძირითადში და როცა "ფორტუნა სიტარდთან" მეორე ტაიმში შესულმა ორი გოლი გავიტანე, ორივე მიქაელ ლაუდრუპის საუცხოო გადაცემით, ეს საკმარისი აღმოჩნდა მორტენ ოლსენისთვის... ამის შემდეგ ყველა შეხვედრა, მისი ხელმძღვანელობით, ძირითადში ჩავატარე.

ერთხელ, პრინციპული თამაშის შემდეგ, ოლსენმა მისაყვედურა. ჰოლანდიურად მელაპარაკებოდა და კარგად მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა, რომელიც სირბილს ნიშნავს. გაბრაზებული ჩანდა და ვიფიქრე, ეტყობა, ჩემი მოძრაობით ან კონდიციით უკმაყოფილოა-მეთქი. არადა, იმ თამაშზე მართლაც ბევრი ვირბინე, არ გავჩერებულვარ.

ვერაფერს მივხვდი. ვიფიქრე, ეს თუ ჩემი ასეთი თამაშითაც არის უკმაყოფილო, მაგის მოსაწონად შეიძლება ვერც ვითამაშო-მეთქი. ყველაფერი კი პირიქით აღმოჩნდა. თურმე ოლსენმა მითხრა - შენ გიჟი ხომ არა ხარ, რამდენს დარბიხარ, ეგრე ხომ არც ენერგია შეგრჩება და ვერც გოლის გატანისთვის იქნები მზადო!..

გულზე მომეშვა, დავწყნარდი და აი, მაშინ კი ვიფიქრე, რომ ჩემი "აიაქსური" კარიერა ნამდვილად შეიძლებოდა წარმატებული გამხდარიყო.

44 თამაშში - 37 გოლი დავაგროვე და "ოქროს ბუცს" სულ ცოტათი ავცდი. გუნდის წარმატებაში დიდი როლი ვითამაშე. იმ სეზონში "აიაქსმა" რამდენიმე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ყველა აიაქსელისთვის პრინციპულ შეხვედრაში, "ფეინორდთან" - 4:0 მოვიგეთ და აქედან ერთი გოლი მე გავიტანე, სამი დანარჩენი კი ჩემი გადაცემებით გავიდა.

"ფეინორდთან" ჩემმა წარმატებულმა თამაშმა გულშემატკივარი ბოლომდე დაარწმუნა, რომ მე ნამდვილ "აიაქსელობას" შევძლებდი. გულშემატკივარმა მიმიღო და "აიაქსური" კარიერის ბოლომდე არ მივუტოვებივარ.

ჩემპიონატის და თასის გარდა, ჩვენ უეფაზეც საკმაოდ კარგად გამოვდიოდით. "მარიბორი" ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით - 9:1 დავამარცხეთ!.. მე ჰეთ-თრიკი გავაკეთე.

შემდეგ იყო "ბოხუმი", სადაც ორი გოლი გავიტანე - ერთი სახლში და ერთიც გერმანიაში. წილისყრამ იტალიური "უდინეზე" გვარგუნა. ამსტერდამში მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ - 1:0. გოლი პორტუგალიელმა დანიმ გაიტანა, ხოლო საპასუხო შეხვედრისთვის დავშავდი, ერთ-ერთ ვარჯიშზე სანდი ოლისე დამეჯახა და ჩემი იტალიაში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

გუნდს იტალიაში მაინც წავყევი. ბოლო ვარჯიშზე გამაყუჩებელი ნემსი გავიკეთე და ისე ვივარჯიშე. ტკივილმა მიკლო - გადაწყდა, რომ თამაშის წინ ნემსს გავიკეთებდი და ისე ვითამაშებდი. მეორე დღეს შვიდი ნემსის გაკეთება მომიწია, რომ ტკივილი საერთოდ გამქრალიყო.

თამაშის დამთავრებას 25 წუთი აკლდა, ანგარიში 2:0 იყო "უდინეზეს" სასარგებლოდ. ოლსენმა სიბონი შემოიყვანა და მე მარცხნივ გადამწია. სულ რამდენიმე წუთში ორი მცველი ჩამოვიშორე და ძალზე საჭირო გოლი გავიტანე!.. ამ თამაშს ამსტერდამში ჯემალი და აჩი უყურებდნენ. ჩემი გოლის შემდეგ ორივე ტელევიზორის წინ თამაშის ბოლომდე მუხლებზე იდგა და ღმერთს მატჩის არსებული ანგარიშით დამთავრებას ევედრებოდა!..

ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე გავედით.

ზამთრის შესვენებამდე კიდევ ერთი პრინციპული მატჩი ვითამაშეთ ჩვენს უშუალო კონკურენტ პსვ-სთან და 3:4-ით დავმარცხდით. ანგარიში მე გავხსენი, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენზე უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

საშობაო არდადეგებს მთელი ევროპა ზეიმობს და ამ დროს ყველაფერი განსაკუთრებით ლამაზია, მაგრამ ჩვენ მაინც თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. მართალია, ჩემი ქალაქი ჯერ კიდევ დანგრეული იყო, მაგრამ როგორიც უნდა იყოს, ის ჩემია და ყველას მირჩევნია... რამდენი ხნითაც არ უნდა ვიყო წასული, ყოველთვის თავისი სითბოთი, სილამაზით და, რაც მთავარია, გემრიელად იცის დახვედრა და გულში ჩახუტება... ამიტომაც ყოველთვის მიჭირს მასთან განშორება და ყოველთვის უბედნიერესი ვარ მასთან შეხვედრით...

იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი "მაიკა"? "ბრედასთან" პირველი მატჩის შემდეგ მე და აჩიმ რომ გავცვალეთ... დღემდე არ გამირეცხია. მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...

ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერც აჩი და ვერც მე ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია, გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის.

თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც პრესას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მიუძღვნა ტყუპებს.

ბოლოს ჩვენებმა "ბრედას" გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ "აიაქსი" ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი "აიაქსთან" გამარჯვება დარჩებოდა.

თამაში მაინც "აიაქსის"გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა ვერაფრით გამოვიჩინეთ თავი, ალბათ, გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზე რაღაც დაბნეულები დავრბოდით.

სეზონი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა, ჩემპიონობას ვეღარავინ შეგვეცილებოდა. მართალია, უეფას თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" დაგვამარცხა, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, როტერდამში, ჰოლანდიის თასის ფინალში პსვ გაგვენადგურებინა და დუბლი შეგვესრულებინა.

რონალდ ვატეროუსი, არტურ ნიუმანი, ფილიპ კოკუ, იაპ სტამი, ლუკ ნილისი, ზენდენი და მწვრთნელი - დიკ ადვოკაატი. ამ გუნდის დამარცხება 5:0-ით შევძელით. მე ერთი - მართალია, მეხუთე, მაგრამ ამ თამაშის ყველაზე ლამაზი გოლი გავიტანე...

უკან დაბრუნებულებს მთელი ამსტერდამი გვეგებებოდა... საოცარი სანახაობაა, როდესაც ათასობით გულშემატკივარი შენს სახელს ყვირის და გაღმერთებს!.. ვგრძნობდი, რომ ყველა იმ შეძახილის, აპლოდისმენტის და დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი გმირი მეც ვიყავი!.. ეს ჩემი ოცნების ახდენა იყო, ის ოცნება ამიხდა, რისთვისაც ძალიან ბევრი რამ დავთმე!.. ზეიმი წვეულებაში გადაიზარდა და... ჩემს მაგიდაზე ცეკვით დასრულდა...

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდებოდა და, რაღა თქმა უნდა, უმეტესობა თავიანთი ნაკრებების ღირსებას დაიცავდა. მანამდე კი კომერციული ტურნე იყო ჰონგ-კონგში, სადაც თავისუფალი დრო ბევრი გვექნებოდა. ასეთი სახის მოგზაურობისას შეიძლება უფრო კარგად გაიცნო ბიჭები, თუნდაც ისინი, ვისთანაც მთელი სეზონი ითამაშე. ხელმძღვანელობაც მეტ თავისუფლებას გაძლევს. შეგიძლია - რესტორანში წახვიდე, ქალაქში გაისეირნო... მაინც შებოჭილი ვიყავი, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სანახევროდ ოფიციალური თავისუფლება.

დილის ექვს საათზე უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა და როდესაც ოთახის კარი გამოვაღე, დავინახე - ჩვენებს ღვინის დაცლილი ბოთლები დაუწყვიათ და ფორთოხლით ხელში, სასტუმროს კორიდორში, ბოულინგს თამაშობენ... ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი და ამდენი გადარეული კარგი სანახავი იყო... მეც სასწრაფოდ გადავიცვი "მაიკა" და მათ შევუერთდი...

ღამე არავის გვეძინა, ხან რომელ ბარს ვსტუმრობდით და ხან რომელს... გადაუღებელი წვიმების გამო თამაშიც გადაიდო, რასაც ყველა სიხარულით შეხვდა. საკმაოდ კარგი დრო გავატარეთ, ბიჭებსაც დავუახლოვდი...

Sportall.Geჩემი პირველი სეზონი ამ მოგზაურობით დასრულდა. გადაწყდა, რომ მიქაელ ლაუდრუპი დაგვტოვებდა, რამაც ყველა დაგვამწუხრა. მასთან თამაში ხომ ყველასთვის დიდი სიამოვნება იყო. თან მე ჩემსას ვდარდობდი, ვინ მომამარაგებდა იმ საოცარი გადაცემებით, რომლებითაც მიქაელმა ასე გამანებივრა. მისი გადარწმუნება ვერავინ შეძლო. მეც შევეგუე ამ ფაქტს, აბა, სხვა რა გზა მქონდა.

საქართველომ ღირსეულად მიმიღო... "სარბიელის" გამოკითხვით, ერთხმად, საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს და შვებულებაც ისეთივე კარგი და ლამაზი აღმოჩნდა, როგორიც მთელი წინა სეზონი.

მომდევნო წელს თურმე ჩემთვის ბევრი გამოწვევა მოჰქონდა... პირველი და უმნიშვნელოვანესი - გიო ქინქლაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელშიც "აიაქსმა" რეკორდული თანხა - 16 000 000 გადაიხადა და ჩემპიონთა ლიგა.

ვინმეს ათი წლის წინ რომ ეთქვა, არველაძე და ქინქლაძე "აიაქსში" ერთად ითამაშებენო, ალბათ ასათიანზე გააქანებდნენ, მაგრამ ცხოვრება ბევრ სხვა გამოწვევებში გვითრევდა და მეც დიდი მონდომებით ველოდი მათ...

თბილისში გატარებული ეს შვებულებაც განსაკუთრებული იყო. მთელი თბილისი ჩემსა და გიოზე ლაპარაკობდა. მომდევნო თაობებისთვის ეს საუკეთესო მაგალითი იქნება იმისა, რომ ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს და მისთვის ბევრი რამის დათმობა შეუძლია - აუცილებლად აუხდება ოცნება!..

ეს იყო სტიმული ყველა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულისთვის და მათი მშობლებისთვის. ხშირად მსმენია, ვინმეზე უთქვამთ - იმიტომ ვერ ითამაშა, რომ მწვრთნელს არ მოსწონდაო... ან მამამისს მწვრთნელისთვის მისაცემი ფული არ ჰქონდაო. არასდროს მჯეროდა ამისთანა ლაპარაკების და არც დავიჯერებ, რადგან ის, რაც ქართულ ფეხბურთში მოხდა, ამის უტყუარი დასაბუთებაა.

ჩვენგან ვინმემ როდისმე ფული აიღო?! პირიქით, მილიონები დაუჯდათ ჩვენი გადაბირება და ორი ქართველი - ევროპულ გრანდში მიგვიწვიეს.
გიოს ბევრი პრობლემა ადვილად მოვაგვარეთ. მე ყველაფერში გარკვეული ვიყავი. სანამ სახლს მოძებნიდა, ერთად ვცხოვრობდით.

ის, რომ ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე შემეძლო, ყველამ ნახა. მე ის მახარებდა, რომ მთელი ევროპა დაინახავდა, ქართველებს გოლის გატანის გარდა, ფეხბურთის მოედანზე სასწაულების კეთებაც შეუძლიათო, რომ დრიბლინგი ჩვენთან ქართული ცეკვაა და თანაც ყველასგან განსხვავებული... რომ წარმოვიდგენდი გიოს "აიაქსის" მაისურით, მის სასწაულ თამაშს, თვალწინ ფეხზე დამდგარი "არენა" წარმომიდგებოდა.

ეს ის გულშემატკივარია, რომელიც პიტ კეიზერს, იოჰან კრუიფს, შაკი შვარცს, მარკო ვან ბასტენს, ფრანკ რაიკარდს, იარი ლიტმანენს, დე ბურებს და დენის ბერკამპს უკრავდა ტაშს... ვგრძნობდი, რომ ჩვენი დრო იყო!.. დიახ, ჩვენი - ჩემი და გიოსი!..

ლიგის საკმაოდ ძლიერი ჯგუფი გვერგო: "პორტო", "ოლიმპიაკოსი", "ზაგრები". ამ გუნდებთან გასვლითი თამაშები ყოველთვის ძალიან რთულია... მოკლედ, მოუთმენლად ველოდით მის დაწყებას.

ჩვენები ცდილობდნენ, ხშირად ჩამოსულიყვნენ და ყველაფერში დაგვხმარებოდნენ. კიჭას არცერთი მნიშვნელოვანი თამაში არ გაუცდენია, ხან ბრედაში იყო, ხან ამსტერდამში.

დანიაში ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ "ბრონდბიუსთან" და 4:1 დავამარცხეთ. ოლსენმა გიო მარცხენა ფლანგზე დააყენა. პირველი გოლიც მისი პასით გავიტანე და ამის შემდეგ გიომ სასწაულები მოახდინა... ოთხი კაცი მოატყუა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.

გასახდელში მთელი გუნდი ოვაციებით შეხვდა. მხოლოდ მე ვიძახდი - ეს არაფერია, ჯერ სადა ხართ, ნამდვილი გიო თქვენ არ გინახავთ-მეთქი... ამან ყველა კიდევ უფრო გაახარა, ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა... და სწორედ ამ დროს დავშავდი, საზარდულის ქრონიკული ტკივილი დამეწყო.

მდგომარეობა ყოველდღე მიუარესდებოდა... ჰოლანდიის სუპერთასზე პსვ-სთან 0:2-ით დავმარცხდით. ეს გიოს დებიუტი იყო.

საზარდულმა ექვსი კვირა გამომატოვებინა, მაგრამ მანამდე ტრადიცია მაინც არ დავარღვიე და "ტილბურგს" ერთი გოლი გავუტანე. "აიაქსმა" 2:0 გაიმარჯვა. იძულებითი შესვენების შემდეგ ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ვითამაშე და რამდენიმე გოლიც გავიტანე. ამსტერდამში, საკმაოდ რთულ მატჩში, "პორტოს" 2:1 ვძლიეთ... და როცა ვიფიქრე, ტრავმებს მოვერიე და ნელ-ნელა ჯანზე მოვდივარ-მეთქი, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩზე, "ოლიმპიაკოსთან" ისე დავშავდი - ათი წელი გავიდა და მუხლი დღესაც მაწუხებს... თამაშიდან მეოცე წუთზე გამოვედი და... დიდი ხნით დავემშვიდობე ფეხბურთს...

ჩემს კარიერაში ეს მატჩი ყველაზე ცუდი გასახსენებელი აღმოჩნდა. ექიმებმა ხრტილისა და უკანა ჯვარედინა იოგის დაზიანება დამიდგინეს, მაგრამ რატომღაც ოპერაციის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. "აიაქსს" კიდევ ბევრი პრობლემა ჰქონდა.

თავდაპირველად გიოს მარცხნიდან ათამაშებდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა. მას თავის საყვარელ ადგილზე სურდა თამაში, სადაც იარი ლიტმანენი თამაშობდა. ყოველთვის ვცდილობდი ამეხსნა გიოსთვის - ამ რანგის გუნდში, სადაც გათამაშებენ, იქ უნდა დაამტკიცო, რომ მაგარი ხარ, მაგრამ მან ასე არ მოინდომა.

ამას გარდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - ძმები დებურების სასამართლო იყო. მათ ლუის ვან გაალი "ბარსელონაში" ეპატიჟებოდა და საქმე სასამართლომდე მივიდა. კლუბში არასასურველი ატმოსფერო სუფევდა. ყველას ესმოდა, რომ ძალით ფეხბურთელს ვერავინ დატოვებდა, თანაც მაშინ, როცა "ბარსელონასნაირი" გუნდი ეპატიჟებოდა.

ლისაბონში, "პორტოსთან" დამარცხების შემდეგ, ოლსენი გაუშვეს და მის მაგივრად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, იან ვოუტერსი დაინიშნა, რომელიც მანამდე "აიაქსი 2"-ს წვრთნიდა.

გუნდი მეორე წრისთვის მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკაში მიდიოდა, სადაც ახალმა მწვრთნელმა გიო სიაში არ შეიყვანა. ამით ნათელი გახდა, რომ ვოუტერსს გიო არ სჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, რომ ჩვენი ლამაზი, საერთო ოცნება არ ახდა...

"რეინჯერსში" თამაშისას ვერ მოვითმინე და ვოუტერს ვკითხე, რატომ არ სცადა, სულ პატარა შანსი მიეცა გიოსთვის. ვიცი, რომ კარგად ხედავდა მის პოტენციალს. მიპასუხა - თუ ფეხბურთელს თვითონ არ უნდა, მე ვერაფერს შევძლებო. ეს პასუხი საკმარისი არ იყო ჩემთვის, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი და ვერც ვერაფერს შევცვლიდი...

სამხრეთ აფრიკით ძალიან მოვიხიბლე. სასწაული ადგილებია, ასეთი ეგზოტიკური სილამაზე მანამდე არსად მენახა. კეიპთაუნში ის ციხეც მოვინახულეთ, სადაც ნელსონ მანდელამ ოცდაშვიდი წელი გაატარა და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას არასდროს შეწყვეტდა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს და რომ ყველა ერთი ღმერთის შვილია. საკანი, სადაც იჯდა, ძალიან პატარა იყო, ერთი პაწაწინა ვითომ ფანჯრით, რომელშიც მხოლოდ ცხვირი და ტუჩები თუ გაეტეოდა იმისთვის, რომ გესუნთქა.

ბეტონის იატაკზე ასეთივე ზომის ნახვრეტი იყო - გასაგებია, რისთვისაც... ახლა ეს ციხე მუზეუმად არის გადაკეთებული და მისი დათვალიერება ყველას შეუძლია.

"აიაქსი" დებურებმაც დატოვეს და ჰოლანდიაში დაბრუნებულებს თავი მაინცდამაინც არაფრით გამოგვიჩენია. გიო ქინქლაძე მეორე გუნდში ვარჯიშობდა. ეჩხუბებოდნენ, ჰოლანდიური ენის გაკვეთილებს ნუ აცდენო. არ ვიცი, ძალით უშლიდნენ ნერვებს, თუ რა იყო.

წინა სამატჩო განაცხადს აღარც კი ვამოწმებდით, ვიცოდით, რომ გიო არ იქნებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი თამაშის წინ, "ვიტესთან", გიომ სტადიონზე დამტოვა და თვითონ ქალაქში წავიდა. გასახდელში შესულს გიოს "მაიკა" შემეფეთა და გაკვირვებისგან დინ გორეს ვკითხე - რა, გიო განაცხადშია-მეთქი?! რაზეც, დადებითი პასუხი მივიღე.

გავგიჟდი, ვიფიქრე, ყველა გადაირევა, რომ გაიგებენ - ქინქლაძე თამაშზე არ გამოცხადდაო!.. ქალაქში მის საძებნელად გავვარდი. ვიპოვნე, მაგრამ კრებაზე დაგვაგვიანდა. განრისხებულმა ვოუტერსმა ორივე გამოგვიშვა ოთახიდან... მე მითხრა - შეგიძლია სახლში წახვიდეო. თამაშიდან დათხოვნილი ვიყავი...

საშინლად დავიბოღმე, მაგრამ იქ კამათი არ დამიწყია. კრების დამთავრებას დაველოდე და მასთან სალაპარაკოდ შევედი. ვთხოვე, რომ მოესმინა და მერე მიეღო გადაწყვეტილება. ვუთხარი, რომ გიო ჩემთვის მხოლოდ თანაგუნდელი არ იყო... და რომ ხვალ მთელი ევროპა შეიტყობდა, რომ გიო თამაშზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, გიო მომეძებნა და მომეყვანა. თან ისიც ვუთხარი, როცა მას ჰოლანდიურის გაკვეთილები აქვს, ხუთი კაცი მაინც ვახსენებთ, რომ არ გააცდინოს-მეთქი. კაცს ორი-სამი თვეა არ უთამაშია, არავინ გააფრთხილა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ განაცხადში იყო შეყვანილი და ეს გაუგებრობა მარტო გიოს ბრალი არ არის-მეთქი...

მართალია, განრისხებული იყო, მაგრამ კარგად მომისმინა, მითხრა - შენზე უფრო ვარ გაბრაზებული, ვიდრე გიოზეო, პროფესიონალი ხარ და პირველ რიგში შენს თავზე უნდა გეფიქრაო...

ბოლოს გადაწყდა, რომ დამტოვებდა, ოღონდ სასტარტოში აღარ ვიყავი. ადგილი მხოლოდ სათადარიგო სკამზე შემხვდა. გიო კი საერთოდ დაითხოვა თამაშიდან. იმის მერე, რაც გადაგვხდა, ამითაც კმაყოფილი დავრჩი.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ოთხმოცდამეერთე წუთზე ვოუტერსმა მინდორზე შემიყვანა და გოლის გატანაც მთხოვა. დავალება შევასრულე და "აიაქსმა" გაიმარჯვა. თამაში რომ დასრულდა, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა გადავუხადე.

სეზონის ბოლო მატჩს "აიაქსი" საკუთარ მინდორზე "რკს"-ს ეთამაშებოდა. ამ მატჩში "ამსტერდამ არენა" მის ორ დიდ ლეგენდას ემშვიდობებოდა - დენი ბლინდი უკანასკნელად შეიბამდა მკლავზე კაპიტნის სამკლაურს... ის კარიერას ასრულებდა... მეორე იარი ლიტმანენი იყო - ბარსელონაში გადადიოდა.

რა თქმა უნდა, სტადიონი გადაივსო და მთელი თამაშის განმავლობაში მათ სახელებს ყვიროდნენ. პირველი გოლი ლიტმანენმა გაიტანა და კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი, რომელიც დიდი გულისტკივილით აცილებდა მას.

მატჩის დამთავრებას რამდენიმე წუთი აკლდა, როცა რიხარდ ვიჩგეს გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოვჩნდი, მეკარე ჩამოვიცილე და, როდესაც ბურთის ცარიელ კარში დარტყმა გადავწყვიტე, იარი ლიტმანენი წამომეწია. მივხვდი, რომ ძალიან უნდოდა კიდევ ერთი გოლის გატანა. წამითაც არ დავფიქრებულვარ, გადავაწოდე და... იარიმ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა...

მთელი არენა ფეხზე იდგა და ტაშს გვიკრავდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აპლოდისმენტების უმეტესობა ჩემს მიერ გაკეთებულ ჟესტს მოჰყვა - აბა, ლიტმანენის გოლი ამსტერდამში არავის უკვირდა. დინ გორემ კი თამაშის შემდეგ მითხრა: არ მეგონა, ზანგებსაც თუ აყრიდათ ბუსუსები, შენი ამ საქციელის შემდეგ მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარაო...

აჩის "ბრედა" უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდა. ამიტომ მას "აიაქსი" უნდა დაემარცხებინა, ხოლო მათ უშუალო კონკურენტს არ უნდა მოეგო. აჩიმ საუცხოო გოლი გაუტანა ვან დერ სარს, მაგრამ მაკარტის გოლმა "ბრედას" გამარჯვების საშუალება არ მისცა და აჩის "ბრედაც" "დაგვებრიდა"!..

ამდენი იმედგაცრუების შემდეგ "აიაქსმა" თასის ფინალში "სიტარდის" დამარცხება შეძლო და ცოტა გამოუსწორა გულშემატკივარს ხასიათი.

შვებულებაში გაორებული გონებით წავედი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი და მით უმეტეს, ასეთი ცუდი საფეხბურთო სეზონის შემდეგ დასვენება წამალივით საჭირო იყო. თან ტრავმა ძალიან გამირთულდა და მუხლის მდგომარეობა ყველაფერს მამწარებდა.

"აიაქსის" ფიზიოთერაპევტმა და ჩემმა მეგობარმა პიმ ვან დორტმა საშვებულებოდ პერსონალური სავარჯიშო პროგრამაც კი გამიკეთა, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდებოდი, რომ ფეხს ქირურგიული ჩარევა დასჭირდებოდა.

ჩემი ოჯახი ყველანაირად ცდილობდა, ფსიქოლოგიურად მოვეძლიერებინე. მიუხედავად იმისა, რომ აჩი და რეზი - ორივე ფეხბურთს თამაშობდა, იმ წუთებში მაინც მე მჭირდებოდა გამხნევება. ამიტომ ყველა ჩემი პრობლემით იყო დაკავებული.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰ როგორ ველოდი იმ დროს, შოთასი არ იყოს , რომ ორივენი ამსტერდამ არენას აღაფრთოვანებდნენ..მაგრამ ამაოდ...ქინქიმ , როგორც ვიცი შეგნებულად არ ითამაშა მარცხენა ფლანგზე ჩვეულად და მაგიტომაც დარჩა მეორე გუნდში და საერთოდ მაგიტომ გაიფუჭა კარიერა...
daTo
12:07 16-06-2012
1
ქინქლაძეს მანჩესტერის გულშემატკივრებმა წერილი რომ მიწერეს არ მიგვატოოვო რომ წავიკითხე ცრემლი მომადგა , კაცურად მოიქცა მაგრამ კარიერა გაიმრუდა...ქართველის გარდა ამას არავინ გააკეთებდა...
feola
18:46 15-06-2012
1

სიახლეები პოპულარული