პელეს თასი ნაციონალების მხარდაჭერას ელის

AutoSharing Option
თვეზე ცოტა მეტი რჩება საერთაშორისო ტურნირის "პელეს თასის" თბილისურ გათამაშებამდე, რომელიც ფეხბურთის მეფის თანხლებით უნდა ჩატარდეს - საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებთა მონაწილეობით. როგორც ცნობილია, ტურნირის ორგანიზებაზე ნიკო პატარქალიშვილი ზრუნავს. დავინტერესდით, თუ როგორ მიდის მზადება ხსენებული ტურნირისთვის და გვარდება თუ არა ორგანიზაციული პრობლემები:

- ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ტურნირი ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთსაც დიდად წაადგება, - გვითხრა პატარქალიშვილმა, - და რა თქმა უნდა, წაადგება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსაც, ხელს შეუწყობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებასა
და ტურიზმის განვითარებას. პელეს სტუმრობის შემთხვევაში საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდება. ასეთი მნიშვნელობის პროექტი, წესით, აქამდეც ორგანიზებული უნდა იყოს. დრო აღარ ითმენს, სამხრეთამერიკულ მხარესთან ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ თუ ჩვენთან პროცესი არ დაჩქარდა, არაფერი გამოვა. ამიტომ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერისთვის მივმართე.

- კონკრეტულად ვის ესაუბრეთ?
- მმართველი პარტიის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის თანაშემწეს. ჩვენი დიდი სურვილია, ტურნირის ორგანიზება ქვეყნის პრეზიდენტის პატრონაჟით ჩატარდეს. გვთხოვეს საქართველოს პირველი პირის მიმართ წერილობითი მიმართვა და ეს წერილიც წარვადგინეთ. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა და ტურნირის საორგანიზაციო შტაბში წარმომადგენლის შეყვანაც ვთხოვეთ.

- როგორც გავიგეთ, ორგანიზატორები მალე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს უნდა შეხვდეთ...
- მის ასისტენტსაც ველაპარაკეთ, თავად მინისტრს კი 24 სექტემბერს უნდა შევხვდეთ. იმედია, მხარდაჭერას მივიღებთ.

- ჩვენი მხრიდან საქმე მძიმედ მიდის. სამხრეთამერიკულ მხარეს რა რეაქცია აქვს?
- სამივე მხარე თანახმაა, ისინი დათქმულ ვადებში ჩამოვლენ. მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. მოუთმენლად ელიან სამთავრობო დონეზე ქართული მხარისგან დასტურს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული