ვეტერანი შემტევი, რომელიც ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა, "ლელოს" რესპონდენტია და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საუბრობს.
- თუ გამართლდა შენი ის იმედები, რითაც "ზესტაფონში" მიხვედი?
- შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამართლდა. საქართველოს ჩემპიონობა ძალიან მინდოდა და ამას 13-წლიანი პაუზის შემდეგ უკვე "ზესტაფონის" შემადგენლობაში მივაღწიე.
ეს ჩემი ჩანაფიქრის პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპი კი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაშია
შემთხვევით ვისარგებლებ და "ზესტაფონსაც" და სხვა ქართულ კლუბებსაც ევროასპარეზზე ქართული ფეხბურთის პრესტიჟის ღირსეულად დაცვას ვუსურვებ. ასევე, იმედს გამოვთქვამ, რომ ევროთასებს მიღმა დარჩენილი "დინამო" კრიზისს მალე დაძლევს.
- ისე მოხდა, რომ გასულმა სეზონმა "ზესტაფონისთვის" ვერც უარყოფითი ემოციების გარეშე ჩაიარა...
- ჩვენი უმთავრესი მიზანი ჩემპიონობა იყო და ამ ტიტულმა ყველა უსიამოვნება დაჩრდილა, მაგრამ, ბუნებრივია, ის უსიამოვნო ეპიზოდები, გასულმა სეზონმა რომ მოგვიტანა, დიდხანს არ დაგვავიწყდება.
რაც საქართველოს თასის ფინალში მოხდა, ეს ქართული ფეხბურთის დიდი სირცხვილია. "ზესტაფონს" წარმატების მიღწევის ყოველგვარი შანსი მოესპო, "დილას" კი იმის საშუალება არ მიეცა, რომ ტიტულისთვის ნაღდ ბრძოლაში ეთამაშა.
დარწმუნებული ვარ, ამას "დილას" ფეხბურთელებიც განიცდიან.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის აბსურდულ ფორმატს, ამაზე უკვე კომენტარიც ზედმეტია. შევდივარ "მეტალურგის" ფეხბურთელების მდგომარეობაში, რომლებმაც მძიმე ემოციური შოკი მიიღეს. არანაკლებ დათრგუნულები ჩვენც ვიყავით.
- საჩემპიონო ტიტულის გარდა, რა შეგძინა "ზესტაფონში" გატარებულმა პერიოდმა?
- მოხარული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გავაკეთე. მქონდა როგორც უცხოური, ასევე სხვა ქართული კლუბების ვარიანტი. საქართველოში დაბრუნება მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი; "ზესტაფონზე" კი არჩევანი, უპირველესად, სპორტული მოტივაციით შევაჩერე.
მე საქართველოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ; თანაც, ვფიქრობ, რომ ამ გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვარ და ყოველივე ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
- შესწევს "ზესტაფონს" რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე მისვლის ძალა?
- ამის შანსი ნამდვილად გვაქვს. ბიჭები საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან და ყველანი ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჯგუფურ ეტაპზე შევაბიჯოთ.
"ზესტაფონი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ გასული სეზონის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დააგროვა და აღარ უნდა განიცადოს ისეთი დასანანი მარცხი, როგორიც შარშან "შტურმთან" იწვნია.
- ევროტურნირებზე განსაკუთრებული როლი უნდა ეკისრებოდეთ შენნაირ გამოცდილ ფეხბურთელებს...
- ევროთასებზე თბილისის "დინამოსა" და უცხოური კლუბების შემადგენლობაში საკმაო რაოდენობის მატჩები ჩამიტარებია და გოლებიც მრავლად გამიტანია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, მოახლოებული ევროსეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგეს ჩემს კარიერაში.
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს გეწურება. რა გეგმები გაქვს ამის შემდეგ?
- წლის ბოლოს საკუთარ მომავალზე კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიმსჯელებ. თუ შევატყობ, რომ "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელი ვარ, კონტრაქტს აუცილებლად გავახანგრძლივებ. მთავარია, სასურველ დონეზე ვითამაშო, თორემ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვჩქარობ.
- რამდენიმე თვის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვი, რომ "ზესტაფონი" შენს აქტიურ საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელი კლუბი იქნება...
- დიახ, ეს მართლაც ასე მოხდება, თამაშს "ზესტაფონის" ფეხბურთელის რანგში დავასრულებ.
- ალბათ, ისიც გადაწყვეტილი გექნება, რა საქმეს მოჰკიდებ ხელს ფეხბურთელობის შემდეგ...
- 99 პროცენტის სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რა სტატუსით. ჩემი დიდი სურვილია, ქართულ ფეხბურთს ვემსახურო და იმედი მაქვს, ეს წარმატებით გამომივა. ერთ პროცენტს კი იმ შემთხვევისთვის ვიტოვებ, თუ ფეხბურთიდან ვინმემ გამაგდო (იცინის).
- ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერების დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მათგან "ზესტაფონს" მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაშურეთ. ამას რით ახსნი?
- ალბათ, ბევრი თბილისელისთვის მოუხერხებელია ზესტაფონში თამაში. შესაძლოა, მათ "დილა" და "დინამო" მეტს სთავაზობენ და ამ არჩევანისთვის ვერავის დავძრახავ. ჩემთვის კი, როგორც ვთქვი, სპორტული ფაქტორი გადამწყვეტია და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღე.
- საქართველოს ჩემპიონატის დონეში მცირე პროგრესს მაინც თუ ხედავ?
- ქართული კლუბების უმეტესობას მატერიალურად არ ულხინს და ამის კვალობაზე კიდევ ნორმალური დონე გვაქვს. უკეთესი ჩემპიონატისთვის კი გაცილებით უკეთესი პირობებია საჭირო.
სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლესი ლიგის მატჩები ასეთ საშინელ სტადიონებზე არ უნდა იმართებოდეს - რა თქმა უნდა, ყველა მოედანს არ ვგულისხმობ, მაგრამ ბევრგან თამაში საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.
ქართველი ფეხბურთელები უკეთეს პირობებს იმსახურებენ. ამის გამო დღეს თითქმის ყველა საზღვარგარეთ წასვლას ცდილობს.
- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ასპარეზობასა და პერსპექტივებზე რას იტყვი?
- სამწუხაროა, რომ ისეთ პერიოდში, როგორიც სეზონის ბოლოა, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შედარებისთვის, ჩვენმა მეტოქე თურქეთმა დროის ამავე მონაკვეთში ხუთჯერ ითამაშა.
მესმის, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას სპარინგ-პარტნიორების მოძიების მეტი საშუალება აქვს, მაგრამ ჩვენს ფედერაციას მაინც მეტი აქტიურობა მართებდა - მით უმეტეს, ისეთ პერიოდში, როცა ფეხბურთელებსაც მეტი დრო აქვთ და იმის საშუალებაცაა, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ნახო.
ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს წარმატებას მთელი სულით და გულით ვუსურვებ. შვედეთის ნაკრებმა საფრანგეთის დამარცხებით გვიჩვენა, რომ გრანდებთან წარმატებით ბრძოლა შეიძლება და ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ.
- ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესახებაც გაგვიზიარე საკუთარი აზრი...
- ევრო 2012 გადამწყვეტ ფაზაში შედის და, ვფიქრობ, ნეიტრალური გულშემატკივრის მოლოდინს აბსოლუტურად ამართლებს. ჩემი პროგნოზით, ფინალში ერთმანეთს კვლავ ესპანეთი და გერმანია შეხვდებიან, თუმცა არც სხვა გუნდების წარმატება გამიკვირდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ასეთ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე არა რომელიმე უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს ნაკრების ქომაგობა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, იმის იმედი არ მაქვს, რომ ევრო 2020-ს ვუმასპინძლებთ. ამაზე უფრო რეალისტური ამოცანა ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური სპორტული პრინციპით მოიპოვოს.
დავით მუჯირი: საჩემპიონო ოცნება ამიხდა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას