"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I:
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ადრიანსემ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ეგვიპტელი მიდო, ტომაშ გალაშეკი და ბრაზილიელი მაქსველი მოიყვანა.
მათი უმეტესობა ახლა მსოფლიო ვარსკვლავია...
ამავე დროს, ახალი წესებიც შემოიღო, მაგალითად, ჭამის დროს გაზეთების კითხვა აიკრძალა. კიდევ კარგი, ტუალეტში ყოფნის დროს არ აკრძალა კითხვა, თორემ მართლა მთელ გუნდს გადაიკიდებდა.
ვინც თამაშის წინ არ ივარჯიშებდა, მეორე დღეს არ ათამაშებდა. ჩემი აზრით, სწორედ ამან შეუშალა ხელი წარმატების მიღწევაში.
მწვრთნელთა საბჭოში იყო ჯონ შხიპი, რომელიც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ. მის გარდა, კოს პიტერ ბუფეც ეხმარებოდა. ბუფე და კო ყოველთვის ერთ აზრზე იყვნენ და ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ბუფეს კოსგან განსხვავებული აზრი არასდროს მოგვისმენია... ხოლო ჯონ შხიპი ყოველთვის აფიქსირებდა საკუთარ აზრს, თუნდაც ის რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო მთავარი მწვრთნელის პოზიციისაგან.
ესეც, ალბათ, აიაქსური ფილოსოფიაა - მწვრთნელთა საბჭოში განსხვავებული აზრის მქონე მწვრთნელის ყოლა, რადგან ორი განსხვავებული აზრი ჭეშმარიტებას ადვილად პოულობს და პრობლემების გადაჭრის დროსაც, ალბათ, უფრო ეფექტურია. გადამწყვეტი სიტყვა, რაღა თქმა უნდა, ადრიანსეს ეკუთვნოდა და მან თავდასხმაში მე და მახლასი დაგვაყენა - მე ცოტა უკნიდან, რასაც "აიაქსში" 10 ნომერს ეძახიან, ხოლო მახლასი 9-ზე.
ამან თავისი შედეგი გამოიღო - ორივემ ერთად იმ სეზონში 38 გოლი გავიტანეთ. აქედან 20 ჩემს ანგარიშზეა.
"არენაზე" როტერდამის "სპარტა" გავანადგურეთ, ანგარიშით 9:0!.. ფეხბურთისთვის ეს უჩვეულო შედეგია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმ დღეს ყველას ყველაფერი გამოგვდიოდა... მე "პოკერი" შევასრულე და მარკო ვან ბასტენის რეკორდამდე მხოლოდ ერთი ბურთი დამაკლდა. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და ჩვენგან მეათე გოლის გატანას ელოდა, ჩემგან კი - მეხუთეს.
სტაბილური თამაშის მიუხედავად, ჰოლანდიის თასს და უეფას პირველივე ტურებში გამოვეთიშეთ. მთელი ჩვენი ყურადღება ჩემპიონატში სამეულში მოხვედრას შევალიეთ. "აიაქსისთვის" მთავარი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლდათ.
კოს აარონ ვინტერსა და რიჩარდ ვიჩგესთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ფაქტობრივად, არცერთს არ ათამაშებდა. მან სრული ნდობა გამოუცხადა 17 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტს, რომელიც, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, არავის ჩამოუვარდებოდა.
კო თავის კანონებს არ უხვევდა და ერთხელ მეც მომივიდა მასთან უსიამოვნება. მისი წესის თანახმად, ყოველი თამაშის შემდეგ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი პრეს-ოთახში უნდა შესულიყო და ჟურნალისტების შეკითხვებზე გაეცა პასუხი. ოთახი მესამე სართულზე იყო და თამაშის შემდეგ ასვლა დამეზარა, ისევ და ისევ მტკივანი ფეხის გამო. მეორე დღეს ეს ამბავი კომ გაიგო და მაიძულა, ჩვენი გასახდელიდან პრეს-ოთახამდე, მესამე სართულზე ათჯერ ავსულიყავი, რათა ეს გზა არასოდეს დამვიწყებოდა.
ბიჭები ისხდნენ და ჩემს საცოდაობას სიცილით აკვირდებოდნენ. კოს კი ეგონა, რომ ყველაფერში მართალი იყო და მასთან კამათი ყველას უჭირდა.
ერთხელ ვარჯიშის წინ იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასთვის გასაკვირად, ტომაშ გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა... ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოსო, მით უმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო.
ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელია. ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ. გაკვირვებულმა კომ ერთხელ კიდევ გაიმეორა... მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ შემიძლია. უბრალოდ, მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლიათ თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა.
ამის შემდეგ კოს ვკითხე - რამდენი ხნის დაქორწინებული ხარ-მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა - დიდი ხანიაო... ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უგდებდა ყურს. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუხი არ გამცა...
ვიფიქრე, ოთახიდან გამაგდებს-მეთქი, მაგრამ უკან არ დავიხიე. ვუთხარი - ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ, ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არა აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ არ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს... თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არცერთი დღე არ ჩაუგდია, იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებ-მეთქი...
ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები. ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს-მეთქი...
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"