ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩს" დაუწყვილა.

ეს იყო და დაიწყო: აზერბაიჯანული პრესა ამტკიცებს, ბაქოს "ნეფთჩი" ფავორიტია და გაუმართლაო.

ცეცხლზე ნავთი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბუიუქაღა გაჯიევმა დაასხა. მისი სიხარული გასაგებია, "ნეფთჩი" ხომ ზაგრების "დინამოსა" და ბელგრადის "პარტიზანს" ასცდა. ეს ორი კლუბი კი სახელითა და ავტორიტეტით "ზესტაფონზე" შთამბეჭდავად გამოიყურება.

მაგრამ სიხარულის გამოხატვაშიც ზომიერებაა საჭირო. გაჯიევს კი ზედმეტი მოუვიდა და ადრინდელი წყენაც ვერ დამალა: მისი გაწვრთნილი "ბაქი" 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში კახა ცხადაძის ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.

თბილისში
გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ცუდი რამ მოხდა - გაჯიევმა ჯერ ცხადაძის ასისტენტ ბადრი კვარაცხელიას აგინა, შემდეგ ბოლნისელთა მთავარ მწვრთნელს და ცხადია, ისეთი ადეკვატური პასუხი მიიღო, წყენას დღემდე ვერ ივიწყებს.

ამას ქართული მხარისა და მედიის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა და როგორც ჩანს, ბაქოს "ნეფთჩის" ხელმძღვანელობა საფუძვლიანად შეშფოთდა, რადგან ასეთი ისტერია მატჩების არანორმალურ გარემოში ჩატარების წინაპირობა არის.

ჩვენდა გასაოცრად, 27 ივნისს ბაქოური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ტაჰირ სულეიმანოვი თავად დაგვიკავშირდა და კომენტარის გაკეთება ითხოვა:

"ქართულ მედიაში კომენტარებს გავეცანით და ორი აზრი არ არის, ორივე მხრიდან დაუფიქრებელი განცხადებების გამო არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა. ასე გაგრძელება კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებს არ წაადგება.

თხოვნა მექნება: თუ ჩვენი მხრიდან დაუფიქრებელი კომენტარი გაკეთდა, კლუბსა და აზერბაიჯანელ ხალხს ნუ მიაწერთ. იგივეს ვთხოვ ქართულ მხარესაც.

ჯერ ერთი, ეს ფეხბურთია და არა - ომი; და მეორეც: ჩვენ მართლაც ძმური ერები ვართ და არაფერი იმად არ გვიღირს, რომ ეს ურთიერთობები დავივიწყოთ. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვგულშემატკივრობდით. "ნეფთჩისა" და "დინამოს" მატჩები ყოველთვის უშეღავათო ბრძოლებში ტარდებოდა, მაგრამ მეგობრობისთვის არასოდეს გვიღალატია.

აზერბაიჯანში მრავალი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თქვენი სპეციალისტები ჩვენს კლუბებს ავარჯიშებენ და ხალხის უდიდესი პატივისცემით სარგებლობენ.

დაე, "ზესტაფონი"-"ნეფთჩის" შეხვედრაშიც უძლიერესმა გაიმარჯვოს. საქართველოს ჩემპიონს ისეთ მაღალ დონეზე მივიღებთ, როგორც ჩვენს ძმობას შეშვენის და ყველა საორგანიზაციო საკითხს მოვუგვარებთ. დარწმუნებული ვარ, ზესტაფონშიც ასევე იქნება.

ვიღაცას აშკარად სურს, რომ ეს ურთიერთობები არიოს და მოშალოს; და არა მხოლოდ კლუბები, ჩვენი ხალხებიც ერთმანეთს წაჰკიდოს, მაგრამ ტრადიციულ ურთიერთობებს არ ვუღალატებთ.

მეტოქისა და ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ მსურს ბაქოს "ნეფთჩისა" და აზერბაიჯანელების პატივისცემა დავადასტურო.

მოკითხვას ვუთვლი "ზესტაფონს", მის პრეზიდენტს, გუნდის გულშემატკივრებსა და ქართველ ხალხს. ჩვენი შეხვედრები არა მტრობის, არამედ მეგობრობის მაგალითი გახდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც არ უნდა იყოს ადამიანმა ელემენტარული ზრდილობა გამოიჩინა რაც ბევრ სხვას ავიწყდება ხოლმე და არ არის საჭირო ჩასაფრებულის პოზიციიდნა ქექვა ყველაფრის "სინამდვილეში სულ სხვა რამეს ფიქრობდაო.."
nukri
00:53 08-07-2012
0
აბა ქართველებს კი არ ეყოფათ ჭკუა, რომ დაძაბულობა გაანეიტრალონ. კიდევ კარგი იქეთ მხარეს მაინც გამოჩნდა ერთი გონიერი მაინც.
marina
17:48 01-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული