"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში

AutoSharing Option
გვირაბი და ნაზუქები, თიხის ნაკეთობები და საპურმარილე დაწესებულებები, დამღლელი გზა და ზონზროხა სატვირთო მანქანები - რიკოთის უღელტეხილზე სანახავი სხვაც არის - გორმახების ძირში გაშლილი მოედნები, სადაც ბურთს ბავშვები დასდევენ.

ერთ-ერთი რიკოთული მოგზაურობის დროს გულმა ვერ გაგვიძლო და მანქანა გავაჩერეთ. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და რაკურსებით გადაიღო იქაური ყმაწვილების ფეხბურთი ოღროჩოღრო, ბალახშემხმარ სარბიელზე. ის ბიჭები ბურთს ჟინიანად ათამაშებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო დაცლა უარყოფითი ემოციებისგან. ბავშვები რაღაცნაირები, ცოტათი წარბმოღუშულები ჩანდნენ.

პერიფერიებში ცხოვრებაცა და ფეხბურთიც უფრო დუხჭირია, ვიდრე დედაქალაქში.
კი ამბობენ, ფეხბურთი ღარიბების სპორტიაო, მაგრამ ეს სიღარიბეც არ უნდა იყოს კარგი რამე - პატარა ჯვარცმა ზოგჯერ აბოროტებს ადამიანს, ზოგჯერ კი ძალიან მიზანდასახულად აქცევს. წარმატებაც აქედან მოდის, მიზანდასახულობისგან, ოღონდაც დაბრკოლება ხანდახან იმდენია, თავდადება რომ ვერ მოერევა.

პერიფერიებში საფეხბურთო სკოლები თითქმის არ არის, ხოლო სადაც არის, იქ ისეთი სიტუაციაა, გული შეგიღონდებათ. არის გამონათებებიც, გულიანად მომუშავე მწვრთნელები, რომლებსაც არ ეზარებათ სოფელ-სოფელ სიარული, მაგრამ ბავშვთა მწვრთნელი პროფესიაა და ჯამაგირსაც ითხოვს.

თბილისის უბნებში ბევრია მერიის მიერ გაკეთებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ბევრჯერ მინახავს მოედნის ღობეზე აკრული აბრა ამა თუ იმ კლუბის სახელწოდებით. ასეთ დროს კლუბის სახელი ძალიან ტრივიალურია, კარგად არის გათვლილი მშობელზეც და ბავშვზეც. ასეთ საფეხბურთო სკოლაში ბავშვის მიყვანა 10-20 ლარით უფრო იაფია, ვიდრე იმ სკოლაში, რომელსაც თავისი მოედნები, დამფუძნებლები და დირექტორები ჰყავს.

დალაგებულ-დავარცხნილ სკოლებში გეტყვიან, რომ ნიჭიერ ბავშვებს ფულს არ ახდევინებენ, ანუ ბავშვები ორ კასტად ჰყავთ დაყოფილები - ვისგანაც არაფერი გამოვა, მან ფული უნდა გადაიხადოს, ხოლო ვისაც რამე პერსპექტივა აქვს, იმას იქით ვუპატრონებთო.

ბავშვების ასეთნაირად გამორჩევა ჩვენებური, ქართული წესია და ზოგ სკოლას ეამაყება, რომ საქმე ასე აქვს აწყობილი. ცხადია, დიფერენციაციას ფინანსური სარჩული აქვს. ბავშვი სკოლიდან პროფესიულ კლუბში უნდა გადავიდეს და თუ ნიჭიერია, ამას მხოლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა არ ეყოფა, ის უკვე ისეთი ფეხბურთელია, სატრანსფერო ფასი რომ ადევს.

საქართველო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანა უნდა იყოსო, ასე ამბობენ და სწორი მიმართულებაც ეგ არის, ოღონდაც საქართველო ჯერაც დაჩაგრული ქვეყანაა და ჩვენი ნიჭიერი ბავშვიც დაჩაგრულია - სრულწლოვნებამდე ევროპულ კლუბში ვერ გადავა და თუ გადავა, მხოლოდ თაღლითური გზით - ფიქტიური სტუდენტი უნდა გახდეს, ან კიდევ რამე ყალბი საბუთი უნდა გაახერხოს, ევროპაში ცხოვრებისა და ფეხბურთის თამაშის უფლება რომ ჰქონდეს.

თაღლითობა კი კარგ ქვეყნებში ძნელად მოსახერხებელი საქმეა. ეს აქ არის ადვილი, ახალგაზრდა ფეხბურთელს ასაკი რომ გადაუკეთო და მდიდარ რუსულ კლუბს უფრო ახალგაზრდად შეასაღო. იქ კი ცოტა სხვანაირად არის საქმე.

ამ დავიდარაბას ჩვენი ნიჭიერი ბავშვისთვის კარგი არაფერი მოაქვს: თუ საქართველოში დარჩა, დაოსტატების ფაზაც აქ უნდა გაიაროს; თუ უცხოეთში მაინც წავა, ბავშვობიდან თაღლითობას შეეჩვევა.

მოიყვანე ბავშვი ჩვენთან და მერე მას მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" გავუშვებთ; მოიყვანე ბავშვი ჩვენთან და თქვენ, მშობლებს ხელფასს დაგინიშნავთ; მოიყვანეთ ბავშვი ჩვენთან და ხვალ მას დორტმუნდის "ბორუსიაში" გავუშვებთ; მოიყვანეთ ბავშვი ჩვენთან და ხვალ ის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში მოხვდება, რადგან იმ ნაკრების მწვრთნელი ჩვენიანია...

ნიჭიერი ბავშვის მშობელს ასეთი და კიდევ სხვანაირი შემოთავაზებები არ აკლია. არის სხვა წინადადებაც, როცა ქართულ საფეხბურთო კლუბს სურს მოზარდის აყვანა, მაგრამ მშობელზე უფრო ის შემოთავაზებები მოქმედებს, გულს უცბად რომ აუფორიაქებს...

თბილისი ბავშვთა ფეხბურთშიც თავკომბალა გახდა, პერიფერიებში საფეხბურთო ინტერნატი თუ აკადემია ჯერ არ არის, "ზესტაფონი" და "ტორპედო" ლიხს იქით მოწინავე კლუბები კი არიან, მაგრამ ახლაღა იწყებენ ზრუნვას ბავშვთა ფეხბურთისთვის.

პატარა ქალაქებსა და სოფლებში შესაძლოა, ფეხბურთი უფრო უყვართ კიდეც, ვიდრე დედაქალაქში, თუნდაც იმიტომ, რომ წარმატების მისაღწევად ეს ლამის ერთადერთი გზა არის. არც თბილისში ულხინთ დუხჭირი ოჯახების ბავშვებს. ფეხბურთის თამაშს კარგი კვება და კარგი დასვენება სჭირდება, ეს კი იაფი არ ჯდება.

ევროპაში ღარიბი ემიგრანტების შვილებსაც კი არა აქვთ კარგი კვების პრობლემა. ჩვენთან კი ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ თუ რამეს იშოვი, თავიც ამით უნდა გაიტანო. ფენოვანი და "კოკა-კოლა" მოზარდის ყოველდღიური საკვები რომ არის, ის ალბათ გენეტიკურად უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ფეხბურთელობა რომ მოახერხოს.

რივალდოს ბიოგრაფია თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ არასათანადო კვების გამო მას ჯეელობაში აბსცესი განუვითარდა. ის კი ბევრისთვის უცნობია, რა მწვრთნელებთან ჰქონდა მას საქმე ბავშვობაში.

საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ლანძღავს ქართველი მწვრთნელი მოზარდს თამაშის დროს; როგორ დაუტოვებია მოედანი გალანძღულ, თვალებაცრემლებულ ბავშვს. ასეთ მწვრთნელს სკოლის დირექტორი ისევ აჩერებს სამსახურში, ბევრ მშობელს კი ჰგონია, რომ ასეთი მწვრთნელია კარგია, რადგან ის მკაცრი, მომთხოვნი და დაუნდობელია.

დასანანია, ასეთ დღეში რომ ვართ, რადგან საქმის გამოსწორება შეუძლებელი სულაც არ არის. ბავშვმა ფეხბურთზე უფასოდ უნდა იაროს, ან უმაღლესი ლიგის კლუბის აკადემიაში, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ საფეხბურთო სკოლაში - ასე მუშაობენ ევროპაში და ვფიქრობ, ამაზე უკეთესს ჯერ ვერაფერს მოვიგონებთ.

ხომ კარგად გამოჩნდა, რომ ეროვნული ნაკრების ძვირიან მწვრთნელებში მოსროლილი მილიონები ფუჭი გამოდგა და რომ დოვლათს სხვა მიმართულება უნდა გამოუჩნდეს. ფულის სწორად ხარჯვა კი მოიტანს იმას, რომ პერიფერიელი ბავშვები წარბმოღუშულად აღარ ითამაშებენ ფეხბურთს, რომ მათაც ექნებათ ნორმალური მოედანი და მათაც ეყოლებათ კარგი მწვრთნელი.

ფულის სწორად ხარჯვით გაქრებიან ის მწვრთნელები, ბავშვებს უტიფრად რომ ექცევიან. ფულის სწორად ხარჯვით მშობლები დაინახავენ, თუ რა არის უკეთესი მათი შვილებისთვის. ფულის სწორად ხარჯვით ვინძლო ევროკავშირშიც კი შეგვიშვან და მერე ნახეთ, რამდენ ნიჭიერ ქართველს გაეხსნება გზა...

ფეხბურთს კი ისევ ღარიბები ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აგი დომენტიეა აფერისტი და ძამა სხვას რას ერჩით?
aklemi
00:22 27-09-2012
0
დიდი მადლობა, ბატონო დავით, ასეთი შესანიშნავი სტატიისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა გაიმართოს ღია დისკუსია აქ დასმულ ყველ თითოეულ პრობლემაზე. ყველაფერი, რაც აქ წერია აბსოლუტურ რეალობას შეესაბამება.
დედა
10:46 29-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული