ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
"აიაქსმა" ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე ოცი გოლით კლუბის ბომბარდირი გავხდი!..

კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდებოდა და გუნდის ტექდირექტორს, ცნობილ დონ ლეოს (ლეო ბენჰაკერს) მის გაგრძელებაზე რამდენჯერმე ვესაუბრე. მართალია, პირობები არ მომეწონა, მაგრამ ის, რომ "აიაქსს" ჩემთან კონტრაქტის გაგრძელება სურდა, ჩემთვის ძალიან საამაყო იყო.

ბოლო თამაში "ამსტერდამ არენაზე" 5:0-ით მოვიგეთ! მე ერთი გოლი გავიტანე. მეორე დილას კლუბში ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი, იმავე დღეს თბილისში მივდიოდი სანაკრებო შეკრებაზე. გასახდელში შევედი თუ არა, მითხრეს, ადმინისტრაციაში გელოდებიანო და პირდაპირ ზევით ავედი. ვიფიქრე, ალბათ, კონტრაქტის თაობაზე მიბარებენ, რადგან თბილისში მივდიოდი და შემდეგ საზაფხულო არდადეგები იწყებოდა.

ოთახში შევედი. "აიაქსის" წარმომადგენლების გარდა ერთი უცხო, ლათინური წარმოშობის კაცი დამხვდა. გავიფიქრე, ნამდვილად რომელიმე ესპანური გუნდი მეპატიჟება-მეთქი და ძალიან გამიხარდა. დავჯექი, თან ვფიქრობდი, ნეტავ რომელი გუნდიდან არიან-მეთქი?..

ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. მე ფიქრებსა და ოცნებებში წავედი... რამდენჯერმე ნათქვამმა სიტყვა "პოლისმა" გამომაფხიზლა და ვიკითხე, რა ხდება, რა პოლისი, რის პოლისი-მეთქი? მაშინ შევამჩნიე, რომ "აიაქსის" წარმომადგენლები საკმაოდ ნერვიულობდნენ. ეს სახეზე ეწერათ. შემდეგ ამიხსნეს, რომ ჰოლანდიის საგადასახადო პოლიცია მედავებოდა და მათ წარმომადგენელს პოლიციაში უნდა გავყოლოდი. ეს ის კაცი იყო, რომელზეც რატომღაც ვიფიქრე, ლათინური წარმომავლობის არის-მეთქი.

ამ საქმეს თავდაპირველად საგადასახადოს უფროსი, წარმოშობით პორტუგალიელი, ტონინო იძიებდა. არ შევმცდარვარ, ჩემთან მოსული "სტუმარი" მართლაც ლათინური წარმოშობის იყო...

ეს ამბავი თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვი. მეგონა, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვეოდა და გამომიშვებდნენ. ქამარი და თასმები რომ მომხსნეს და საკანში ჩამკეტეს, აი, მაშინ კი შემოვირტყი თავში ხელი... არც ჩემებთან დამარეკინეს და არც ის მითხრეს, როდის გამიშვებდნენ სახლში.

ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მოედო ქვეყანას. თბილისში გაზეთმა "სარბიელმა" პირველ გვერდზე გამომაჭენა. არცკი უფიქრიათ, ჩემებმა იცოდნენ თუ არა რამე... მოხუცებმა, ჩემმა ბებიამ და ბაბუამ იცოდნენ თუ არა. არც რამის გარკვევა დაიწყეს, დაიჭირეს და მორჩა!..

პრინციპში, მართალი იყო, მე დაპატიმრებული ვიყავი!

ამსტერდამში ერთი ამბავი ატყდა - ჩემი ახლობლები, ყველა ჩვენი ელჩი ახლო მდებარე ქვეყნებიდან: კოტე ზალდასტანიშვილი, კოტე გაბაშვილი, იუსტიციის მაშინდელი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჰოლანდიაში იმყოფებოდა... ყველა ცდილობდა, რამეთი დამხმარებოდა და, სიმართლე გითხრათ, მათი გვერდში დგომა ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა. ამან გადამატანინა ჩემთვის ალბათ ყველაზე ძნელი დღეები...

ოჯახში ყველა გიჟს ჰგავდა, არავინ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა. კლუბი კომენტარს არ ან ვერ აკეთებდა.

ჩემი ადვოკატები დღის ბოლოს გამოჩნდნენ და მითხრეს, ალბათ, სამი დღე მოგიწევს აქ ყოფნა, სანამ ყველა კითხვას არ გასცემ პასუხსო.

როგორც აღმოჩნდა, საქმე ჩემი და აჩის თურქეთიდან წამოსვლასა და "აიაქსისგან" "ტრაბზონსპორისთვის" გადასახდელ ტრანსფერს ეხებოდა.

პრინციპში, გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ ტრანსფერი მე მეხებოდა და კითხვებზე პასუხიც მე უნდა გამეცა. იქ გავიგე, რომ იმავე საკანში ჩემამდე ვიღაც რუსი პაშა მჯდარა, რადგან ყველგან თავისი სახელი ჰქონდა ამოტვიფრული... ისიც ეწერა, რომ პოლიციელები ეზიზღება და თავისუფლება ისე უყვარს, როგორც თოლიას - წყალი (ლუბლუ სვობოდუ, კაკ ჩაიკა ვოდუ!).

ორი ქართველი თარჯიმანი ქალი მოიყვანეს. ერთიმეორეს ენაცვლებოდნენ. ალბათ, ჰოლანდიაში დიდი ხანი ცხოვრობდნენ. ერთ-ერთს ავუხსენი, რომ ჩემებმა არაფერი იცოდნენ და ძალიან ნერვიულობდნენ. მინდოდა, დაერეკა და დაეწყნარებინა, ეთქვა, რომ კარგად ვარ და მალე ყველაფერი გაირკვეოდა, რაზეც უცნაური პასუხი მივიღე, თანაც, ჰოლანდიურად. მითხრა, რომ ფიცი ჰქონდა დადებული და ამას ვერ შეძლებდა (?!)...  მხოლოდ დარეკვას ვთხოვდი, მეტს არაფერს.

ისეთ დღეში ვიყავი, რა მეხუმრებოდა, მაგრამ მისი პასუხის შემდეგ პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო: შტო, ვ მასკვე იესტ სტანცია მეტრო იმენი ბაგრატიონი, ი კაგდა ია, პრაიჟაიუ მიმა ეტოი სტანციი, უ მენია ვსეგდა სლიოზი ვ გლაზახ, ი ეტი სლიოზი გორდასტი. ია გარჟუს, შტო ეტოტ ველიკიი პალკავოდეც მოი საატეჩესტვენიკ. ი სეიჩას უ მენია სლიოზი ნა გლაზახ, ტოლკო ეტი სლიოზი სტიდა. ი, მნე სტიდნა, შტო ია ტოჟე გრუზინ...

ოღონდ მერე გამახსენდა, რომ დაპატიმრებული მე ვიყავი და არა ის თარჯიმანი. ამიტომაც აღარაფერი მითქვამს...

თამუნაც თბილისში იყო. ჩემმა მეგობარმა, დავიდ ენდმა, ჩემი ადვოკატის, ლეო სპიხტის ტელეფონი გაუგო და თამუნამ მასთან დაკავშირება შეძლო. ამის შემდეგ მათ ხშირი სატელეფონო კავშირი ჰქონდათ. ადვოკატი მუდმივად აწვდიდა უკანასკნელ ცნობებს. მასთან პირველივე შეხვედრისას დავმშვიდდი, მივხვდი, რომ ჩემი ბედი საიმედო ხელში იყო, რომ იგი შეძლებდა ამ გაუგებრობის მალე მოგვარებას.

ყველაფერი გამომკითხა. რაღაცნაირი ბოხი ხმა ჰქონდა და ამავე დროს - ძალიან დინჯი და დამაჯერებელი. მასთან საუბრისას გავარკვიე, რომ რამდენიმე წლის წინ სასამართლოში "აიაქსის" ინტერესებსაც იცავდა და მოიგო კიდევაც ის საქმე. ჩემი დაცვისას კი შეიძლებოდა "აიაქსის" მოწინააღმდეგე მხარე გამოსულიყო, რამაც ლოგიკური კითხვა გამიჩინა და ვკითხე - რატომ მე და არა "აიაქსი", რაზეც მიპასუხა, რომ მისი შვილი ჩემი გულშემატკივარი ყოფილა და მას უთხოვია ჩემი დაცვა.

რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა, თანაც ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ასეთმა ამბავმა ძალიან გამამხნევა.

კიჭას და თამრიკოს თურმე სამი დღე სიტყვა არ დაუძრავთ, პირში ლუკმაც არ ჩაუდიათ და, საერთოდ, ალბათ ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები ჰქონდათ. აბა როგორია, როცა იცი, რომ შენი შვილი ციხეშია და არანაირი ინფორმაცია არა გაქვს!..

პოლიციის განყოფილებაში მართლაც განსაკუთრებულად კარგად მექცეოდნენ. ზოგს ჩემი "მაიკა" უნდოდა, ზოგს ავტოგრაფი. მოკლედ, ჩემმა ადვოკატებმა ბევრი იშრომეს და სამ დღეში იმ თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც თბილისში მოფრინავდა... ეს სამი გიჟური დღე არასოდეს დამავიწყდება!..

მთელი საქართველო ფეხზე დადგა და განიცადა. ყველა ცდილობდა, როგორმე დამხმარებოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას, გაჭირვების შემთხვევაში თავის შვილებს განსაცდელში არასოდეს მიატოვებს!..

რომ იტყვიან, "ს კარაბლია - ნა ბალ"! - საკნიდან პირდაპირ სტადიონზე აღმოვჩნდი. ნაკრები იტალიას ეთამაშებოდა. "ყიფოს" და რეზო ძოძუაშვილს ვთხოვე, რომ ძირითადში არ მეთამაშა, რადგან ურთულესი სამი დღე გადავიტანე.

პრინციპში, შევთანხმდით კიდეც, ოღონდ "მიხიჩა" მაინც უკმაყოფილო იყო - რა გჭირს, შე ჩემა, ედიკა სტრელცოვმა რვა წელი გაატარა ციხეში. რომ გამოვიდა, საუკეთესო იყო. შენ კი სულ რაღაც სამი დღე იჯექიო. უნდოდა, თავიდანვე მეთამაშა და მეჩხუბებოდა.

გაგრძელება იქნება


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ..
საღოლ შოთი კაი წიგნი გამოვიდა
თქვენი პლიადიდან ხალხს შენ და ქინქლა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდით
გენაცვალე მადლობა რომ ამდენი წელი ერთგულად ემსახურე ნაკრებს
messi
11:41 29-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული