ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
სანამ "აიაქსურ" პრობლემებს ვეჭიდებოდი, აგვისტოს ბოლო დადგა. ერთ კვირაში, საშა ჩივაძის ხელმძღვანელობით, ნაკრებს ორი მატჩი უნდა ეთამაშა თბილისში, უნგრეთსა და ლიტვასთან.

სწორედ თბილისში გამგზავრებისას დამირეკა ვოუტერსმა. ჩემს მენეჯერს, ივან ბენეშს გადავურეკე სასწრაფოდ, სიტუაცია ავუხსენი, ვთხოვე, გლაზგო "რეინჯერსს" დაკავშირებოდა. მეორე დღეს სანაკრებო შეკრებაზე გავემგზავრე.

ნაკრებთან ერთად ორი დღე ვივარჯიშე. უნგრეთის თამაშამდეც ოთხი დღე რჩებოდა, როცა ბენეშმა დამირეკა და მითხრა - ყველაფერი მზად არის, მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა, სასწრაფოდ გლაზგოში უნდა ჩამოხვიდე და კონტრაქტს მოაწერო ხელიო. ბრიტანეთის დასაქმების დეპარტამენტში სამუშაოს უფლების მიღებისთვის საბუთები პირველ სექტემბრამდე უნდა შესულიყო.

სანაკრებო შეკრებაზე კი ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი შანსი იყო... ჩივაძესთან შევედი და ვთხოვე: იმიტომ მოვედი, რომ გამიშვა და, გთხოვ, უარი არ მითხრა-მეთქი.

მაგრამ მისგან უარი მივიღე - ნაკრებს თამაში აქვს და ბიჭებს რა უნდა უთხრაო?! საერთოდაც, დიკ ადვოკაატი რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი, გაგიშვებდაო?!

საქმეც ხომ ზუსტად ეგ იყო, რომ ჩემი მწვრთნელი "ჩივა" იყო და არა დიკ ადვოკაატი.

საშინელ დღეში ჩავვარდი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში სატელეფონო ზარი დამეხმარა... "რეინჯერსის" ხელმძღვანელობამ დამირეკა და მითხრა: - გლაზგოში ჩამოდი და აქედან ტაქსი-თვითმფრინავით გაგიშვებთ უკან, რომ თბილისში დროულად დაბრუნდე და სათანადოდ შეძლო თამაშისთვის მომზადებაო...

გლაზგოში ფრანკფურტის გავლით ჩავედი. როგორც ყოველთვის, წვიმდა, ქალაქი თავის ჩვეულ რუხ ფერებში იყო... აეროპორტში იან ვოუტერსი დამხვდა და პირდაპირ "აიბროქსზე" წამიყვანა.

ამ სტადიონზე ბევრი გამეგო, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა. თავიდანვე მოვიხიბლე მისი სილამაზით, სიძველით და ტრადიციისა თუ კულტურის საუცხოო შენარჩუნებით. იქ მოხვედრისას ყველას "რეინჯერსის" ისტორია გაურბენს თვალწინ და მიხვდება, რამდენს ნიშნავს ეს დიდი ტრადიციების გუნდი ყველასთვის, ვინც მათ წლების განმავლობაში გულშემატკივრობს. განმაცვიფრა სტადიონის შესასვლელში მათი ცოცხალი ლეგენდის, ჯონ გრეკის ქანდაკებამ, რომელიც მოგვიანებით ჩემი უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი გახდა...

რა არის "რეინჯერსი"? პირველ რიგში, უკიდეგანობა, "რეინჯერსი" ძალიან ბევრ რამეს იტევს. ძნელია, ეს ყველაფერი მთელი სისავსით, სიტყვებით გადმოსცე. მოკლედ, არჩევანით კმაყოფილი ვიყავი, ისევ დიდ გუნდში აღმოვჩნდი!..

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, "რეინჯერსთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ხელის მოწერისას ფურცელზე დაფიქსირებულმა თანხამ, ცოტა არ იყოს, შემაშინა, ცუდი გრძნობა დამეუფლა. ვიფიქრე, ნეტავ ამხელა ფულის სანაცვლოდ ღმერთი რას მოითხოვს ჩემგან, ან ვინმეს ხომ არ წამართმევს-მეთქი... გულწრფელად ვამბობ, მართლა შემეშინდა.

ჩემი პირადი ტრადიციისამებრ, სამახსოვროდ ის კალამიც ვითხოვე, რომლითაც კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველანი ვჩქარობდით, სამედიცინო შემოწმებაც სასწრაფოდ გავიარე და სულ მალე ისევ თვითმფრინავში ვიჯექი... ზუსტად 5 საათში თბილისში ვიქნებოდი და ნაკრებს შევუერთდებოდი, რა თქმა უნდა, თუ მიმიღებდნენ...

ვიცოდი, ჩივაძე გაცოფებული მელოდებოდა და, როგორც შევიტყვე, ნაკრებიდან ჩემი დათხოვნაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი.

თბილისში წამოსვლამდე თამუნას დავურეკე ამსტერდამში და ჩემი ახალი გუნდის შესახებ ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში გვერდში მედგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, საშინლად გაბრაზდა, რადგან ჩემი არჩევანი მასთან აუცილებლად უნდა შემეთანხმებინა...

მართალია, ვაწყენინე, მაგრამ აბა, რის თამუნა იყო, რომ ჩემი არ გაეგო და გვერდში არ ამომდგომოდა... აი, თბილისში კი დიდი კრება მელოდა... ჩივაძესთან თავი უნდა მემართლებინა და თავიდან ამეხსნა ყველაფერი.

გაუპარსავი, გადაღლილი და დაქანცული მოვფრინავდი უკან... თვითმფრინავში მარტო ვიყავი და დასაფიქრებლად ბევრი დრო მქონდა.

ბორტგამცილებელმა მკითხა: ხშირად გიწევთ ასე მარტო მგზავრობაო? არაბულ ქვეყნებთან რა საერთო გაქვთო?.. თავიდან ვერ მივხვდი და ვუპასუხე, რომ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი-მეთქი, მაგრამ მერე ლაპარაკში მივხვდი, რომ თვითმფრინავი ჩემი დაქირავებული, მე კი, სულ ცოტა, ნავთობის მაგნატი ვეგონე... ვერ გაეგო, ასე ახალგაზრდა ბიჭს ამდენი შესაძლებლობა საიდან მქონდა.

ეკიპაჟი შვეიცარიიდან იყო და საქართველოში პირველად ასრულებდა რეისს. მოკლედ, მაგრად ვიხალისე, პრინცის როლიც მომიხდა, მაგრამ ჩივაძესთან შეხვედრა თავიდან არ ამომდიოდა. ვიცოდი, რომ უცნაურად მოვიქეცი და განვიცდიდი.

აეროპორტში მამაჩემი და რეზი დამხვდნენ. მომილოცეს და ნაკრებში არსებული სიტუაცია გამაცნეს. კიჭამ წამოყოლაც კი შემომთავაზა, მაგრამ ვუთხარი, რომ მე და "ჩივას" განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და თუ საბოდიშოდ მექნება საქმე, შევეცდები, ყველაფერი თვითონ მოვაგვარო-მეთქი.

აეროპორტიდან პირდაპირ ნაკრებთან წავედი. საშა ჩივაძემ ჩემთან მარტო ლაპარაკი არ მოინდომა და თავის თანაშემწე, მურთაზ ხურცილავასთან ერთად, ნაკრების ლიდერებსაც დაუძახა.

კრება გულახდილი გამოვიდა. შევეცადე, ამეხსნა ჩემი გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც ამსტერდამში მქონდა: ერთი საგადასახადო და მეორე ის, რომ "აიაქსი" კონტრაქტის პირობებს არ მიკმაყოფილებდა. ბევრი ვილაპარაკეთ, თავის მართლება არც მიცდია. მოკლედ, ჩივაძემ სიტუაცია არ გაართულა, უფროსი მეგობარივით მომექცა და არა ისე, როგორც მწვრთნელი. ჩემი ბოდიშიც მიიღო და არც არასდროს შეუხსენებია ეს ამბავი ჩემთვის. მისი მადლობელი ვარ და ყოველთვის ვიქნები.

უნგრეთი 3:1-ით დავამარცხეთ, საკმაოდ კარგად ვითამაშე და ანგარიშიც გავხსენი, მაგრამ მეორე ტაიმში კუნთი დამეჭიმა და შემცვალეს. ეს ტრავმა მგზავრობის ბრალი იყო, 24 საათში ხომ მთელი ევროპა შემოვიარე...

ახალ გუნდში ტრავმირებული მივდიოდი, მაგრამ გასამართლებელი მქონდა. ალბათ, რაღაც დოზით "რეინჯერსიც" იყო ამაში დამნაშავე.

"აიაქსში", ტრადიციისამებრ, ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა, გულშემატკივართან დამშვიდობების საშუალებას აძლევდნენ და მეც დიდი სიამაყით მივიღე "აიაქსის" ეს შემოთავაზება.

ამსტერდამში ჩავედი... "აიაქსი" "კოპენჰაგენთან" უეფას თასზე თამაშობდა და შესვენებაზე მოედანზე გავედი. ისე ვინერვიულე, რომ ენა დამება და ვერაფერი ვთქვი. მხოლოდ ორი სიტყვით დიდი მადლობა გადავუხადე გულშემატკივარს თანადგომისთვის; ასევე - კლუბს, რომელმაც ჩემი ოცნება ამიხდინა.

მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა!..

"ამსტერდამ არენას" დავემშვიდობე. ეს არ იყო მხოლოდ ემოცია, ეს სიმძიმეც იყო... ძნელი აღმოჩნდა განშორება... თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. თამუნა ტიროდა...

გლაზგოში მივდიოდი, მაგრამ ამსტერდამში მრჩებოდა მოგონებები, განცდები, გატანილი გოლები, უამრავი სიხარული და რაც მთავარია, ახდენილი ოცნებები...

გაგრძელება იქნება
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგრდზელება მალე დადეტ რა
alex
11:31 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული