ანდრეს კარასკო კარილიო "დინამოში" შარშან ალექს გარსიასთან ერთად გამოჩნდა და აკადემიის ხელმძღვანელობა დაევალა. კარასკოს მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ავარჯიშებდა "ბარსას" 1996-97 და 1999 წლებში დაბადებულ ბავშვებს.
ის "დინამოში" "ბარსელონას" მოდელს ნერგავდა. მისით მწვრთნელებიც კმაყოფილები იყვნენ და მშობლებიც, რადგან კარასკოს დროს პროტექცია გამორიცხული იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ალექს გარსიას წასვლის შემდეგ თავად სურდა სამშობლოში დაბრუნება.
"ოჯახის დაკარგვას მასთან ყოფნა ვამჯობინე. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დარჩენას ვერ ვახერხებ. ვწუხვარ და
კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ძალიან კარგად მომექცნენ. მათი და კლუბის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები. დიდი მოტივაცია და გეგმები გვქონდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ვფიქრობ, გამიგებს ყველა ის ადამიანი, ვისაც შვილები და ოჯახი ჰყავს.
მოთამაშეების და მათი მშობლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მთელი წლის მანძილზე ვმუშაობდით, რომ "დინამოს" აკადემიაში პერსპექტიულ მწვრთნელებს ემუშავათ. ის, რაც ამ პერიოდში გაკეთდა, ჩვენი მწვრთნელებისა და იმ გუნდის დიდი დამსახურებაა, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა.
საქართველოში საუკეთესო ასაკობრივი გუნდები ჩვენ გვყავს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებული სტილით თამაშობენ. დაწყებულია აკადემიის ბაზის მშენებლობა. ამაზე უკეთესი ადგილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის არსად მეგულება.
მადლობა მინდა ვუთხრა თემურ უგრეხელიძეს და ლევან გვანცელაძეს, მწვრთნელებს და სპორტულ კოორდინატორებს, კლუბის ყველა თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის და თანადგომისთვის.
შეუძლებელია დავივიწყო "დინამოში" გატარებული პერიოდი. შეიძლება არ დამიჯერონ, მაგრამ მე უფრო მეტი რამ ვისწავლე მათგან, ვიდრე მათ ჩემგან. მადლობა მინდა ვუთხრა ასევე ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ჩემი მოწვევის ერთ-ერთი ინიციატორი იყო", - განაცხადა "დინამოს" ვებგვერდთან კარასკომ.
ჯერ უცნობია, ვინ უთავკაცებს აკადემიას, თუმცა ორი აზრი არ არის - კარასკოს სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ძალიან ძნელი იქნება.
კარასკომ დინამოს აკადემია დატოვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"