ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.


ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
შოტლანდიაში ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი თამაშობდა, - გიორგი ნემსაძე და ზურა ხიზანიშვილი. ისინი "დანდის" ფეხბურთელები იყვნენ.

მე და "ნემსა" ბავშვობიდან ვძმაკაცობთ, ის ჩემი გიორგუნას ნათლიაცაა, "ხიზანა" კი ჩემზე რვა წლით უმცროსია და მას მოგვიანებით, სწორედ შოტლანდიაში ერთად თამაშისას დავუძმაკაცდი. "დანდიში" "ხიზანა" ძალიან გამორჩეული იყო.

შოტლანდიაში წლის საუკეთესო ახალგაზრდადაც აღიარეს და "რეინჯერსმაც" დაადგა თვალი. თანაც, "ხიზანას" "დანდისთან" კონტრაქტი უმთავრდებოდა, თავისუფალი აგენტი ხდებოდა და მის გადმოსვლასაც ეს ფაქტი აადვილებდა.

როცა მისი "რეინჯერსში" გადმოსვლა საბოლოოდ გადაწყდა, მე უკვე თბილისში ვიყავი და შვებულებას საყვარელ ქალაქში ვატარებდი. მაინც ვვარჯიშობდი, რადგან როცა მოსამზადებელი პერიოდი დაიწყებოდა, დატვირთვებისთვის მზად ვყოფილიყავი. თბილისის "ლოკომოტივშიც" ვივარჯიშე, რომლის მთავარი მწვრთნელი იმ დროისთვის რეზი იყო.

გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ერთ-ერთ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი ამტკივდა, ვერ გავიგე, რისი ბრალი იყო. ტკივილი არა და არ მიცხრებოდა და "რეინჯერსშიც" მტკივანი მუხლით დავბრუნდი. ფაქტობრივად, მთელი მოსამზადებელი პერიოდი გამიცდა. ერთ-ერთ საკონტროლო მატჩში კი კუნთიც დამეჭიმა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "კოპენჰაგენთან" ვერ ვითამაშე.

"რეინჯერსმა" შინ ვერ დაამარცხა დანიის ჩემპიონი, თამაში - 1:1-ით დასრულდა. მეტოქე საკმაოდ კარგად ორგანიზებული და მომზადებული გუნდი გამოდგა. ძალიან მინდოდა საპასუხო მატჩში თამაში და მტკივან მუხლს განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ დანიაში მეთამაშა, მოგვეგო და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა.

მუხლი ისე შევამზადე, რომ თამაშის საშუალებას მაძლევდა და გუნდს "კოპენჰაგენში" გავყევი. მატჩის წინ, გასახდელში, ნამდვილი ჯეიმს ბონდი, სერ შონ კონერი შემოვიდა (ის ხომ "რეინჯერსის" დიდი გულშემატკივარია და დანიაშიც ჩვენ საქომაგოდ ჩამოვიდა). გამარჯვება გვისურვა, თუმცა მისი ეს ჟესტი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, რადგან მახსოვდა, ერთი წლის წინ, "კოპენჰაგენთან" მატჩამდე, უეფას თასზე პრაღაში, - "ჟიჟკოვთან" დავმარცხდით.

შონ კონერი მაშინაც მოვიდა ჩვენთან მატჩის წინ და ის შეხვედრა 2:0-ით წავაგეთ. ერთი სიტყვით, ცრურწმენამ შემიპყრო, ვაითუ ცუდი ფეხი აქვს და ახლაც წავაგოთ-მეთქი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოსვლა ყველას უზომოდ გაგვიხარდა, რადგან ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ნახვა ხშირად არ გვიწევს... სათითაოდ მივედით და მივესალმეთ, მანაც თავაზიანად მოგვიკითხა და წარმატება გვისურვა. რონალდ დე ბურმა კი თავი გამოიჩინა და ბოლო ფილმის შესახებ დაუწყო ლაპარაკი...

რონალდს ეტყობოდა, რომ ფილმით მოხიბლული არ იყო და პირდაპირ აჯახა, - ბევრი ვერაფერი იყოო... და საერთოდაც, გულახდილად რომ გითხრათ "შაით"-ო, რაც სუფთა შოტლანდიურად "განავალს" ნიშნავს. ამ სიტყვებმა ყველა გაგვაშეშა და დაგვაბნია.

მართალია დე ბური მას იცნობდა და მანამდე რამდენჯერმე მეგობრულადაც უსაუბრია მასთან, მაგრამ მაინც ასეთ კომენტარს არავინ ელოდა! უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ზოგმა გასახდელი დატოვა, ზოგმა დაბნეულობისგან ჩანთებში დაიწყო ქექვა... მე კი, არც ვაცალე არავის და პირდაპირ "ჯეიმს ბონდს" მივმართე, რა თქმა უნდა, ფეხზე ადგომით, - სერ შონ, თქვენ თუ ნახეთ რონალდ დე ბურის ბოლო ჩატარებული მატჩი-მეთქი?.. გამომხედა და მიპასუხა: - არა, ნეტავ როგორ ითამაშაო? მე, რა თქმა უნდა, მთელი ძალღონე მოვიკრიბე, რომ შოტლანდიური აქცენტით მეპასუხე: "შაით!".. განავალს რომ ფეხები გამოაბათ, ისეთი იყო-მეთქი...

ყველა ერთხმად ახარხარდა, უხერხულობა უცებ განიმუხტა, გაქრა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ხოლო სერ შონმა, ჩემს ამ ხუმრობას დაუმატა: - მიუხედავად იმისა, რომ რონალდს ფილმი არ მოეწონა, მან 60 მილიონი მაინც მომიტანა, არც ამერიკელებისთვის წარმატების მთავარი საზომიაო...

პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მეორე ტაიმში კი მოლსმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და არტეტას ზუსტი დარტყმით დავწინაურდით. ამას ის ოცწუთიანი მონაკვეთი მოჰყვა, როცა "კოპენჰაგენმა" ძალიან შემოგვიტია... ბურთს ვერ ვიჭერდით, თამაში დანის ჩემპიონის კარნახით წავიდა და ანგარიში გაგვითანაბრეს.

გოლით კიდევ უფრო შეგულიანებულ "კოპენჰაგენს" მაყურებელიც აჰყვა და მეტოქის შეჩერება კიდევ უფრო გაგვიჭირდა. ეს ყველაფერი კარგს არაფერს გვიქადდა, მაკლიშმა მარცხენა გარემარბის პოზიციიდან თავდასხმაში გადამწია.

ამ დროს ჩვენ აუტი მოვიპოვეთ. მაიკლ ბოლმა ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, მოგერიებული ბურთი კრისტიან ნერლინგერმა "კოპენჰაგენის" საჯარიმოში დააბრუნა, კარიდან 6-7 მეტრში ვიდექი და, როგორც კი ნერლინგერი ბურთს შეეხო, - მივხვდი, საგოლე შანსი მეძლეოდა, ნახევარბრუნით და ერთი შეხებით ბურთი კარში გადავგზავნე... GOAL! GOAL! GOAL!

ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე! ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არა მხოლოდ ჩემს შოტლანდიურ კარიერაში, არამედ ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაში გავედით!.. "რეინჯერსი" და ჩვენი გულშემატკივრები ისეთი გახარებულნი იყვნენ, აეროპორტამდე ლამის ხელში აყვანილი მიგვიყვანეს. მე კი, ზედმეტი ცრურწმენისთვის, გულში ბოდიშებს ვუხდიდი ჰოლივუდის ლეგენდას, სერ შონს კონერს..

გაგრძელება იქნება
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთა, კოპენჰაგენს რო გოლი გაუტანე მეორე დღეს ევროპის სპორტგაზეთები წერდნენ კონერის კომენტარს 10 მილიონიანი გოლი გაიტანა ჩემმა კაცმაო, ახლა მივხვდი, გასახდელში საუბრის კონტექსტში უთქვამს :))
mirzinio
16:04 29-07-2012
0

სიახლეები პოპულარული