"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ჩემმა გოლმა გუნდს 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოუტანა, რისთვისაც გუნდის პრეზიდენტისგან დიდი მადლობა დავიმსახურე. "სპასიბა ნა ხლებ ნი ნამაჟეშ", მაგრამ მაინც კარგია და საამაყო, როცა პრეზიდენტი პირადად გადაგიხდის მადლობას.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მეტოქეები "მანჩესტერ იუნაითედი", გერმანიის "შტუტგარტი" და საბერძნეთის "პანათინაიკოსი" იყვნენ.
ჩემპიონთა ლიგამდე, შოტლანდიის ჩემპიონატის მატჩებში, ყველაფერი კარგად წამივიდა, გოლები შევყარე და შოტლანდიის ჩემპიონატის - თვის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს!.. ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი გერმანიაში გვქონდა - "შტუტგარტთან" და 2:1-ით გავიმარჯვეთ. მე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს!
მოკლედ, 2003 წლის აგვისტო-სექტემბერში, მიუხედავად მუხლის ტრავმისა, ყველაფერი კარგად წამივიდა. პირად ცხოვრებაშიც ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა - აგვისტოში მეორე შვილი შემეძინა, თამუნამ ელენიკო მაჩუქა!..
წარმატებები ერთია, მაგრამ მუხლი მაინც არ მასვენებდა, მას არასდროს ვავიწყდებოდი. ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავი. უკვე მერამდენე სეზონი იყო, ისევ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ისევ წამლები და კიდევ ერთხელ წამლები...
"მანჩესტერ იუნაითედთან" "აიბროქსზე" 0:1 წავაგეთ. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშე, მეორეში კი ჩავიკარგე... განმეორებით მატჩში "მანჩესტერთან" 0:3-ით დავმარცხდით, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ყველაფერში გვაჯობა. მაკლიშმა ნახევარდაცვის ცენტრში მათამაშა. თანაც, მუხლი მთელი 90 წუთის განმავლობაში მტკიოდა, თუმცა რომც არ მტკენოდა, "მანჩესტერს" მაინც ვერ შევაჩერებდი. როგორც შოტლანდიელები იტყვიან - "No Chance for fuck sicks".
"მანჩესტერთან" თამაშმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მუხლზე ოპერაციის გაკეთების გარეშე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებდი. ოპერაცია კი იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე თვე გამიცდებოდა.
ამიტომ ახალ წელს შედარებით უხასიათოდ შევხვდი. 1 და 2 იანვარს დასვენება მქონდა. ვიფიქრე, მე კიდევ დასვენება თუ დამებედა, ვეღარც დავდგები ფეხზე-მეთქი და "რეინჯერსის" ბაზაზე წასვლა გადავწყვიტე. თამუნას რომ ვუთხარი, ბევრი იცინა. გიორგუნასთან ერთად წავედი. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო...
ბაზაზე, დარაჯის გარდა, არავინ დამხვდა. გაუკვირდა. ისეთი სახით შემხედა, ალბათ იფიქრა, რამ გადარიაო. მე მხოლოდ ერთი რამე მედო თავში, უნდა ჩამეცვა სათამაშო ფორმა, ბუცები, მერე მინდორზე გავსულიყავი ბურთებთან ერთად და რაც შეიძლება, მეტი გოლი გამეტანა ორივე კარში, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამბედებოდა...
ასეც მოვიქეცი. ჩავიცვი, "შიტოკებიც" კი გავიკეთე და ბურთებთან ერთად მინდორზე გავედი.
ჯერ ერთ მხარეს ვურტყი... ყველანაირი გოლი გავიტანე. მერე მეორე კართან გადავედი. მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მინდოდა და სახლში ბევრად უფრო ამაღლებულ ხასიათზე დავბრუნდი. გოლები და სტადიონი ხომ დავიბედე, მეტი რა მინდოდა.
ჩემი თამაშით ყველა კმაყოფილი იყო და გადაწყდა, რომ კონტრაქტს ერთი წლით გავაგრძელებდი. დროს ვერ გავწელავდი, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილებს მთელი ყურადღება "სელტიკთან" დაპირისპირებაზე გვქონდა გადატანილი. რა თქმა უნდა, მაკლიში საქმის კურსში ჩავაყენე. ვუთხარი, რომ არ მინდოდა კონტრაქტზე ხელი მომეწერა და მეორე დღეს ოპერაცია გამეკეთებინა. შეიძლება გუნდის ხელმძღვანელობას სხვანაირად გაეგო ეს ყველაფერი.
ჩემი გულახდილობა ყველამ მოიწონა. მაკლიშმა მთხოვა, "სელტიკთან" კარს მომდგარი მატჩი მეთამაშა და მერე გამეკეთებინა ოპერაცია. ავუხსენი, გამაყუჩებლებით თამაშმა შესაძლოა ისე დამიზიანოს მუხლი, რომ მერე ოპერაციაც ვერ მიშველის-მეთქი. ჩემი და მაკლიშის საუბარს მარტინ ბეინიც ესწრებოდა. ის კლუბის ფინანსებს განაგებდა. მან ჯენტლმენური სიტყვა მომცა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, კლუბისგან ფინანსურად დაცული ვიქნებოდი, რაც იმას გულისხმობდა, რომ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გავაგრძელებდი.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. გადაწყდა, რომ "სელტიკთან" ვითამაშებდი და ოპერაციას მერე გავიკეთებდი.
სწორედ იმ პერიოდში, იანვრის შუა რიცხვებში, გლაზგოში აჩი ჩამოვიდა. იცოდა, რომ ძალიან მიჭირდა და ტკივილებით ვთამაშობდი. ცოტა ხანს ჩემთან იყო, "სელტიკის" თამაშამდე ხასიათზე მომიყვანა და თბილისში გამგზავრების წინ მაგიდაზე წერილი დამიტოვა:
"შო, აბა შენ იცი, ვილოცებ, რომ ოპერაცია არ დაგჭირდეს, იქნებ უოპერაციოდ მოგირჩეს. თუ მაინც დაგჭირდა, ამსტერდამში მეც ჩამოვალ. ძალიან მაგრად მიჭირს თბილისში უშენოდ. შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად!.. საღამოს დაგირეკავ. აჩი. 17 იანვარი. 2004 წელი. დილის 3.45 სთ..."
აჩი თბილისში ძალიან ადრე მოფრინავდა და აღარ გამაღვიძა... ეს წერილი დილით მაგიდაზე ვნახე...
მას შემდეგ სულ თან დამაქვს... ვიცი, რომ აჩი ჩემზე მართლა ლოცულობს და ჩემი ნებისმიერი თამაშის წინ, ფსიქოლოგიურად, ლამის ჩემსავით ემზადება. ჩემნაირად განიცდის და, ამავე დროს, ზუსტად ისე უხარია ჩემი წარმატება, როგორც თავისი. წერილის წაკითხვისას თვალები ცრემლებით ამევსო...
ერთი თვის შემდეგ, 17 თებერვალს, ამსტერდამში საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი... ოპერაცია ისევ ვან დაიკმა გამიკეთა. ამსტერდამში, თამუნას და აჩის გარდა, ჩემი მეგობრებიც ჩამოვიდნენ: გიორგი ღუდუშაური ("ხრუბეშა") და ოთო მესხი. ცოტა გამართეს, გამამხნევეს, ბევრი ვიცინეთ. ამსტერდამში 3-4 დღე დავრჩი და გლაზგოში დავბრუნდი.
ამასობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალი მწვრთნელი დანიშნეს... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი ფრანგ, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ და ახალბედა მწვრთნელ ალენ ჟირესზე შეაჩერა...
ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, საქართველოს ნაკრები უცხოელს გაეწვრთნა. ვფიქრობ, უცხო თვალით დანახულ საქართველოს ნაკრებს წარმატების მეტი შანსი აქვს. ქართველი მწვრთნელები უფრო ტოლერანტულები არიან და თან, ნაკრების წარმატებას თუ წარუმატებლობას უფრო მეტად განიცდიან, რაც მათი საქმისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
ისინი ჩვენი უფროსი მეგობრები, უმეტესობა ჩვენი დიდი გულშემატკივარი და ოჯახის ახლობლებიც კი არიან. ამიტომ ყოველთვის ჭირდა ნაკრებში ისეთი პროფესიული და საქმიანი ატმოსფეროს შექმნა, რაც, ალბათ, ჩემი მონაყოლიდან ნათლად ჩანს.
მამაშვილურ-მეგობრული დამოკიდებულება, ალბათ, შედეგზე აისახებოდა, რაშიც დამნაშავე არცერთი მხარე იყო. ასეთია საქართველო და მისი ურთიერთობები...
ჩემი სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან რთული და ხანგრძლივი გამოდგა. შიშმაც კი შემიპყრო, ვაითუ ფეხბურთის თამაში ვეღარ შევძლო-მეთქი.
აჩის რომ ვუყურებდი, ეს შიში უფრო მიმძაფრდებოდა, რადგან მუხლის ტრავმამ აქტიურ ფეხბურთს ადრე ჩამოაშორა, ძალიან შეცვალა, ხშირადაა მოწყენილი და მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამის მიზეზი სწორედ ფეხბურთია.
გაგრძელება იქნება