ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
გორის "დილამ", რომელიც ევროთასებზე გაშინაურებული არასოდეს ყოფილა, "ორჰუსი" მისსავე არენაზე დაამარცხა და წლევანდელ სეზონში დამწუხრებულ ქართველ გულშემატკივარს ხასიათი გამოუკეთა - გორელებმა წლეულს ევროთასებზე ჩვენი ყველაზე სოლიდური მეტოქე დაამარცხეს.

გადავხედოთ მათ შემადგენლობას: 36 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მარტინ იორგენსენი დანიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, უთამაშია იტალიურ "უდინეზესა" და "ფიორენტინაში" და ამ გუნდის ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და გუნდის ვიცე-კაპიტანი გახლდათ. დანიის ნაკრებში ჩატარებულ 102 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა. უთამაშია 1998 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებთან წაგებულ
მატჩში (2:3) გოლიც გაიტანა.

დანიის ნაკრების ფორმა მოურგია სორენ ბერგს (2 მატჩი), ჰიალტე ნორეგაარდს (4); დანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია ნახევარმცველი კასპერ სლოტი, "ბოხუმსა" და "ბრონდბიუში" უთამაშია 36 წლის გამოცდილ პეტერ გრაულუნდს, ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელია არონ იოჰანსონი.

"ენერჯი პარკზე" შეკრებილი მაყურებლის გასახარად, მასპინძლები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ: კუთხურიდან ნორეგაარდის მიერ ჩამოწოდებული ბურთი კარში ანდრეს კურე-ვიდშერმა გააგზავნა.

საქართველოს თასის მფლობელი არ გატყდა და მასპინძლებს შეუტია: მე-11 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო მათე ვაწაძეს, რომელმაც 34-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მიზანს მაინც მიაღწია.

Sportall.Geგატანა შეეძლო კახა ალადაშვილსაც. ტაიმის მიწურულს კი სტეფან რასმუსენმა "ორჰუსი" სანდრო გურულის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.

მეორე ტაიმში "ორჰუსის" მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ქართველი ლეგიონერები, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე შეუშვა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს: 55-ე წუთზე კონტრშეტევის დაგვირგვინებას ოსამა ახარაზი ცდილობდა, 68-ე წუთზე კი სტეფან პეტერსენი, მაგრამ გორელთა მეკარე მარინ სკენდერმა ორივეჯერ იყოჩაღა.

თემურ შალამბერიძის გაწვრთნილები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ: "ორჰუსის" მეკარემ მაღალი კლასი გამოავლინა 54-ე წუთზე გოგიტა გოგუას, 64-ე წუთზე კი ვაწაძის დარტყმების შემდეგ.

გორელთა შეტევებმა შედეგი საბოლოოდ მაინც გამოიღო: გამარჯვების გოლის გატანა კახა ალადაშვილმა 84-ე წუთზე სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.

წარმატებით ფრთაშესხმულმა გორელებმა მეტი თავდაჯერებით შეუტიეს და 88-ე წუთზე გატანა უკვე თავად გურულს შეეძლო, მაგრამ რასმუსენმა მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

სერბი არბიტრის, ბოშკო იოვანეტიჩის საფინალო სასტვენმა "დილას" დამსახურებული და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.

განმეორებითი მატჩი 26 ივლისს თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება, მაგრამ პირველი მატჩის მოგება ნუ მოგვატყუებს: დანიელებთან ხუმრობა და მოდუნება არ შეიძლება. ასე რომ, "დილასგან" მეორე შეხვედრის მოგებასაც ველით.

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
19.07. ორჰუსი. NRGI პარკი. 9000 მაყურებელი
ორჰუსი-დილა 1:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
გოლი: 1:0 კურე (3), 1:1 ვაწაძე (34), 1:2 ალადაშვილი (84).

ორჰუსი: რასმუსენი, ჰალანდი, ეკერსლი, ახარაზი (ბერგი 74), სორინი, პეტერსენი, ნორეგაარდი, იორგენსენი, გრაულუნდი (დევდარიანი 59), იოჰანსონი (სხირტლაძე 74), ვიდკიაერი.

მწვრთნელი: პეტერ სორენსენი.

დილა: სკენდერი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კვირკველია, თომაშვილი (ონიანი 46), არზიანი, ალადაშვილი, გოგუა, ბეჭვაია (კაშია 53), ვაწაძე (მოდებაძე 82), გურული.

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე.

გაფრთხილება: ალადაშვილი (5), კვირკველია (62), ვაწაძე (78).

არბიტრი: ბ.იოვანეტიჩი (სერბეთი)

დილამ ორჰუსს დაუღამა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მათე ვაწაძე: გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილა!!!!
giorgi
09:26 21-07-2012
0
არ მეგონა ოდესმე გორის დილის იმედზე თუ ვიქნებოდი :დდდდდდდ:D
davit
20:25 20-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული