ქართველი ფეხბურთელები ოლიმპიადაზე: ადრე აქაც ვყოჩაღობდით...

AutoSharing Option
სურათზე: 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ფინალური მატჩი. სსრკ-ბრაზილია 2:1. მარცხნიდან: რომარიო, იგორ დობროვოლსკი და გელა კეტაშვილი.

...ამ ცოტა ხნის წინათ, "ლელოს" რედაქციაში სტუმრობისას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ერთობ დამაიმედებელი პროგნოზით "დაგვამშვიდა": ის დღე შორს არ არის, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე სათამაშო სახეობებში რომ მიიღებს მონაწილეობასო!

სეოკ-ის პრეზიდენტმა, უპირველეს ყოვლისა, წყალბურთი და კალათბურთი ახსენა. აი, ფეხბურთთან დაკავშირებით კი რეალობის შეგრძნება არავის დაგვკარგვია - არც გია ნაცვლიშვილსა და არც "ლელოს" ჟურნალისტებს...

ასეა და რა ვქნათ: ცრუ ილუზიებს ხომ არ ავყვებით?
ან ახალი რა უნდა ვთქვათ - დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია, ჩვენს ნაკრებს ოლიმპიადის საგზურის მოპოვება რომ "მოვთხოვოთ"; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ოლიმპიადაზე მოსახვედრად საქართველოს ახალგაზრდულმა (21-წლამდელთა) ნაკრებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა გააღწიოს (ანუ რვა საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს), მერე კი, სულ მცირე, ნახევარფინალამდე უნდა მივიდეს და მედლებისათვის იბრძოლოს!..

ყოველივე ეს, ცოტა არ იყოს, დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭები თამაშობენ და თუკი ბელარუსის ნაკრებს შეუძლია ოლიმპიადის საგზურის მოპოვება, ხომ შეიძლება, ასეთივე წარმატებას ქართველმა ახალგაზრდებმაც მიაღწიონ?..

ასე იწყებოდა...
იყო დრო, როცა ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირებზე ქართველებიც მონაწილეობდნენ და წარმატებულადაც! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონიც გვყავს (გელა კეტაშვილი) და რამდენიმე პრიზიორიც; თუმცა ისე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ქართველი ფეხბურთელებიც ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ და ახლა სწორედ ისინი გვინდა წარმოგიდგინოთ.

საბჭოთა სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1952 წელს გამოჩნდნენ. ჰელსინკის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სსრკ-ის ნაკრები მიიჩნეოდა, რომელიც, ძირითადად, მოსკოვის გუნდების (ცსკა, "დინამო", "სპარტაკი") ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის არკადიევმა ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი ფეხბურთელიც იახლა: ავთანდილ ღოღობერიძე, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია და გიორგი ანთაძე.

თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა კაპიტანმა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძემ პირველი მატჩი (ბულგარეთთან) ითამაშა, თუმცა მომდევნო შეხვედრაში მის ნაცვლად ძირითადში კონსტანტინ ბესკოვი გამოჩნდა. ის მატჩი (იუგოსლავიასთან) მართლაც უჩვეულო ანგარიშით (5:5) დამთავრდა და ორი დღის მერე გადათამაშებაც დაინიშნა, სადაც იუგოსლავიამ გაიმარჯვა.

ჰოდა, ის მარცხი... ქართველ ფეხბურთელს, ავთანდილ ჭკუასელს "დაბრალდა" - ძირითად შემადგენლობაში ბესკოვის ნაცვლად რომ გამოჩნდა და როგორც რუსული პრესა წერდა, თურმე, პარტნიორებთან საერთო ენა ვერ გამონახა...

ოთხი წლის მერე, მელბურნის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა, მაგრამ შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ყოფილა.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 1960, 1964 და 1968 წლების ოლიმპიადები საბჭოთა კავშირის ნაკრებმა "გამოტოვა". არადა, საპირისპირო შემთხვევაში რამდენ ქართველს ვიხილავდით!..

მედლებიც გამოჩნდა!
1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის ნაკრები, ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა - სწორედ ეს გუნდი იყო, ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები რომ მოიპოვა.

თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა - ნახევარფინალში პოლონეთთან წააგო.

იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელები კი მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი იყვნენ, რომლებიც დროის მცირე მონაკვეთში ჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, მერე კი - ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორები.

სხვათა შორის, მესამე ადგილისათვის მატჩში მურთაზ ხურცილავამ გდრ-ის ნაკრების კარში შორეული და უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლიც გაიტანა!

საბჭოთა კავშირის ნაკრები მომდევნო ოლიმპიადაზეც გამოკვეთილი ფავორიტის რანგში ჩავიდა; ფაქტობრივად, ეს იყო წინა წელს (1975) თასების მფლობელთა თასისა და ევროპის სუპერთასის მომგები კიევის "დინამოს" ბაზაზე ჩამოყალიბებული გუნდი, პლუს სამი-ოთხი სხვა ფეხბურთელი.

ანუ მონრეალის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ 17 ფეხბურთელი წაიყვანა და ამათგან მხოლოდ ორს არ მიუღია მონაწილეობა: სათადარიგო მეკარესა და... დავით ყიფიანს.

არადა, ეს ფაქტი ყველასათვის (მათ შორის, იმდროინდელი საბჭოური პრესისთვისაც) მოულოდნელი იყო: ყიფიანი ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ ლობანოვსკიმ თავის გამოჩენის შანსი არ მისცა...

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1976 წლის ოლიმპიადაზეც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და აი, მომდევნო გათამაშების წინ ამ გუნდისგან მხოლოდ ჩემპიონობას ელოდნენ. სხვანაირად ვერც იქნებოდა: 1980 წლის ოლიმპიადა ხომ მოსკოვში ტარდებოდა და მასპინძლის სტატუსის გარდა, საბჭოთა კავშირს ნაკრების შემადგენლობაც გასათვალისწინებელი იყო.

ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა მართლაც ჩინებული შემადგენლობა შეკრიბა: რენატ დასაევი, ვაგიზ ხიდიატულინი, ფიოდორ ჩერენკოვი, იური გავრილოვი, ვლადიმირ ბესონოვი, სერგეი ანდრეევი, ვალერი გაზაევი, ხორენ ოგანესიანი; აღარაფერს ვამბობთ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ორ წამყვან და შეუცვლელ ფეხბურთელზე: ალექსანდრე ჩივაძესა და თენგიზ სულაქველიძეზე. სულ ბოლო მომენტში განაცხადში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა - რევაზ ჩელებაძე, თუმცა ქართული "ტრიო" მხოლოდ და მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა...

1984 წლის ოლიმპიადას საბჭოთა კავშირმა ბოიკოტი გამოუცხადა. სამაგიეროდ, ოთხი წლის შემდეგ ჩატარებული ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა!

არადა, ტურნირის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის ნაკრებს ფავორიტთა შორის არავინ მოიხსენიებდა, რადგან სხვა გუნდებში ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ: რომარიო, ბებეტო, ჟორჟინიო, ტაფარელი (ყველა - ბრაზილია), ჩირო ფერარა, რუჯერიო რიციტელი, ანდრეა კარნევალე, მაურო ტასოტი, ალბერიგო ევანი (ყველა - იტალია), იურგენ კლინსმანი (გფრ) და სხვები. თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა 11 (!) გუნდის მოთამაშეებისაგან ჩინებული კოლექტივი შეკრიბა და ჯგუფური ეტაპი (სამხრეთ კორეასთან, არგენტინასთან, აშშ-სთან) და მეოთხედფინალური ბარიერი (ავსტრალიასთან) უპრობლემოდ დაძლია.

საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდურ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა გამოკვეთილი ლიდერ-ინდივიდუალისტებიც ჰყავდა: დმიტრი ხარინი, ალექსეი მიხაილიჩენკო, იგორ დობროვოლსკი, ვლადიმირ ტატარჩუკი და... გელა კეტაშვილი! ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.

კეტაშვილმა ჩინებულად ითამაშა ნახევარფინალშიც (იტალიის წინააღმდეგ), ხოლო ფინალში რომარიოსა და ბებეტოს მეურვეობდა! ქართველმა ფეხბურთელმა ეს ურთულესი დავალება პირნათლად ხომ შეასრულა, დამატებით დროში საგოლე კომბინაციაც წამოიწყო, ბრაზილიელთა კარში იური სავიჩევის ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა!

აი, ასე გახდა პირველად (და ჯერჯერობით - უკანასკნელად) ქართველი ფეხბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოლიმპიადა და ფეხბურთი
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ ტრაბახობთ იმ დროის წარმატებით მაშინ ხომ ოკუპაციაში ვიყავით რუსეთის მხრიდან,დაგავიწყდათ ?
maxo
23:16 24-07-2012
0
ხარინი იყო მაგარი ლიდერ-ინდივიდუალისტი! :)))))))))))))))
პენლებს ურტყავდა თავით:)))))))))
dudu
10:22 25-07-2012
0

სიახლეები პოპულარული