ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
"რეინჯერსში" თავაწეული დავბრუნდი. გუნდში ხუმრობდნენ კიდეც, ვისი ნაკრებებიც შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, ერთ მაგიდასთან დასხედითო.

საქართველოს გარდა, თავიანთ ჯგუფებში ხორვატიაც პირველ ადგილზე იყო და სერბეთიც. რაც შეეხება "რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას რეალური ინიციტივა ისევ არ გამოუჩენია.

ნაკრებმა კი ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინაში ითამაშა და 0:2 წავაგეთ. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელებად უკრაინიდან - ანდრეი შევჩენკო, ხოლო საქართველოდან მე დამასახელეს, პრიზიც კი გადმომცეს, მაგრამ ის გასახდელში დავტოვე.

რატომღაც არ მინდოდა მისი წამოღება. დისკვალიფიკაციის გამო, კახა კალაძე გვაკლდა, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. დაცვაში ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა კარგად, მაგრამ მაშინდელი "მილანისა" და უკრაინის ნაკრების ლიდერმა მაინც გაგვიტანა გოლი.

ჯგუფში ლიდერობა დავკარგეთ, თუმცა ვგრძნობდით, რომ გულშემატკივარი თითქოს ჩვენსკენ მოტრიალდა. ნაკრების ლიდერობა მალხაზ ასათიანმა იკისრა, თან ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. `ასათა" ძალიან მაგარია, მასთან თამაში ერთი სიამოვნებაა. ფეხბურთელები იმასაც ვგრძნობდით, რომ ნაკრებში თამაში ძალიან გვსიამოვნებდა. ბოლო მატჩებმა მონდომება და თავდაჯერებულობა შეგვმატა.

უკრაინის შემდეგ დანიას ვუმასპინძლეთ. ჟირესმა არც ამჯერად დამაყენა სასტარტოში. 1:2 იყო, შეცვლაზე რომ შევედი. ჯერ ასათიანმა გაათანაბრა, ხოლო როცა მატჩის დასრულებას ორი-სამი წუთი აკლდა, ლევან კობიაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა, ბურთი ჩემსკენ წამოვიდა, კარიდან სამ-ოთხ მეტრში ვიდექი, ვიფიქრე, შევაგდებ და მატჩის გმირიც გავხდები-მეთქი, მაგრამ ბურთისკენ გიორგი დემეტრაძეც წამოვიდა და ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალეთ და საგოლე მომენტიც გავანიავეთ. რას ვიზამთ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

დანიას "აიაქსში" ჩემი ყოფილი მწვრთნელი, მორტენ ოლსენი წვრთნიდა, შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი, ამიტომაც მიადვილდებოდა მის გაწვრთნილ "აიაქსში" თამაში. ის საოცრადაა ფეხბურთზე შეყვარებული.

მატჩის წინ მოედანზე შევხვდით ერთმანეთს და დაახლოებით ათი წუთი ვილაპარაკეთ. ყვაელაფერი გამომკითხა, რეზის ამბავიც, - მუხლი როგორ გაქვსო... მოკლედ, ძალიან თბილი შეხვედრა იყო. თამაშის შემდეგ კი დანიის ნაკრებში მოთამაშე ჩემს "რეინჯერსელ" თანაგუნდელ პეტერ ლოვენკრანდსს ვკითხე, - წინასამატჩო დარიგებისას ოლსენმა ჩემზე რა გითხრათ-მეთქი. არველაძე საკმაოდ სახიფათოა - არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიაო.

"რეინჯერსში" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც უგოლოდ არ დავრჩენილვარ, თუმცა ტურნირს გამოვეთიშეთ. შოტლანდიის ჩემპიონატში კი მაკლიში თავდასხმაში დადო პრშოსა და ნაჩო ნოვოს ენდობოდა. მათ გოლები გაჰქონდათ, კარგ ფორმაში იყვნენ, მე ხან ნახევარდაცვაში მათამაშებდა, ხან მარცხენა ფლანგზე. მიუხედავად ამისა, გამონათებებებიც მქონდა. "სელტიკს" ვეთამაშებოდით ლიგის თასზე სახლში, 0:1-ს ვაგებდით და სამოცდამეთვრამეტე წუთზე მაკლიშმა მოედანზე შემიშვა.

პრშომ ჩემი პასით გაიტანა გამათანაბრებელი, დამატებით დროში კი "სელტიკს" მე გავუტანე; მარცხნიდან გავედი დასარტყმელ პოზიციაზე და მეკარეს ახლო კუთხეში შევუცურე ბურთი; ეს გამარჯვების გოლი გამოდგა!

ამის შემდეგ უფრო რეალური გახდა ჩემი "რეინჯერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი. მერე, კიდევ იყო ერთი, არცთუ უმნიშვნელო გოლი; სტუმრად "კილმარნოკს" 1:0 მოვუგეთ, ლამაზი გოლი შევაგდე.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მკითხეს, - როგორ ფიქრობთ, "კილმარნოკთან" და "სელტიკთან" გატანილი გოლები თუ წაგადგებათ "რეინჯერსთან" კონტრაქტის გაგრძელებაშიო. ვუთხარი, - გლაზგოში დარჩენა მინდა, მაგრამ სახვეწარი არავისთან არაფერი მაქვს-მეთქი.

როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა, ინგლისის "ბლექბერნ როვერსიდან" დამირეკეს და ტრანსფერი შემომთავაზეს. ეს 31 დეკემბერს მოხდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს...

მოსაფიქრებლად ორი საათი ვითხოვე. მე და თამუნა დავსხედით და ყველაფერი გავაანალიზეთ. "ბლექბერნის" შემოთავაზებაზე უარი ვთქი, გუნდი ინგლისური პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იყო და, თუ გავარდებოდა, ქვედა ლიგაში თამაში ჩემთვის სასურველი არ იქნებოდა.

2 იანვარს დანდიში, ადგილობრივ "იუნაიტედთან" ვითამაშეთ. პირველ ტაიმს 0:1-ით ვაგებდით, როცა კუნთმა მომქაჩა, მაგრამ მაინც გავაგრძელე თამაში. ვაგებდით და არ მინდოდა გამოვსულიყავი. რამდენიმე წუთში კუნთი ბოლომდე გავიგლიჯე, რაც უპატიებელი შეცდომაა პროფესიონალი ფეხბურთელისთვის, - ამ ტრავმამ ორი თვე გამომატოვებინა.

დანდიში მატჩი კი ბოლო წუთზე გავათანაბრეთ. გოლი კარიდან გამოსულმა მეკარემ, შტეფან კლოსმა გაიტანა, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა ფეხბურთში.

თბილისში ახალი ამბავი მოხდა. `ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად ჩემი ჯემალ ჩიმაკაძე დანიშნეს.

ვურჩიე, არ გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან ძალიან ემოციური იყო, ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა, მაგრამ არ დამიჯერა. საშუასეზონო შეკრებაზე "ლოკომოტივი" თურქეთში წავიდა. იქ ჯემალს გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოშიც მოხვდა. ვერ მოისვენა და ერთ დღეში გუნდს დაუბრუნდა. მანამდე არაფერი აწუხებდა, სრულიად ჯანმრთელი იყო.

როცა "ლოკომოტივი" საქართველოში მატარებლით ბრუნდებოდა, ჯემალს გულის კიდევ ერთი შეტევა დაემართა და გარდაიცვალა... ასე სულელურად დავკარგე მთელი ცხოვრების მეგზური და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის კარგის მეტი არასდროს არაფერი ნდომებია.

ჯემალს პირველად 1982 წელს შევხვდი, ის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმას, "ნარანხიტოს" ბრელოკს ათამაშებდა ხელში. ჰოდა, მეც თამამად მივიჭერი და მის ლამაზ ნივთს ხელი წავავლე; აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...

ჩემზე და აჩიზე ბევრს კამათობდნენ, ამბობდნენ, ტყუპები ან ითამაშებენ ან ვერ ითამაშებენო, მაგრამ ჯემალი ყოველთვის ჩვენს მხარეზე იყო, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭიერებად გვთვლიდა; ამბობდა, - მათ ისეთი სიყვარული შეუძლიათ და ისე უყვართ ფეხბურთი, რომ აუცილებლად ითამაშებენო.

აჩის თან გადაჰყვა, ეუბნებოდა, - შენ და შენი მუხლის ვინტებმა გამაჭაღარავეთო. ჩვენს მოსაღონიერებლად რას არ აკეთებდა, ჩვენთან მამაშვილური დამოკიდებულებაც ჰქონდა და ძმაკაცურიც. ძალიან განიცდიდა, რომ თვითონ ვერ ითამაშა ფეხბურთი, მაგრამ ჩვენით ხარობდა, - თქვენი თავი ღმერთმა გადმომიგდოო.

განსაკუთრებული თვალი ჰქონდა, ადვილად შეძლო ნიჭიერი ბავშვის ადრეულ ასაკში შემჩნევა, ფეხბურთზე უზომოდ იყო შეყვარებულდი, ჩემზე და აჩიზე ხომ გიჟდებოდა.

ვეხვეწებოდი, "ლოკომოტივის" მწვრთნელობას არ დათანხმდე-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, რაღაცას ამოიჩემებდა და არ გადათქვამდა. ჩვენზე კარგად მას არავინ იცნობდა, ძალიან ემოციური იყო და ამიტომაც ვუშლიდით მწვრთნელობას. ამბობდა, ლოგინში მე ვერ დავწვები, უცბად უნდა მოვკვდეო...

ბავშვობაში ჯემალი მე და აჩის ხანდახან წაგვითაქებდა, მაგრამ იქვე გვეტყოდა, - ჩემი წამოთაქება თაფლივითაა, მთავარია ცხოვრების დარტყმები აიტანოთო.

ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემი შვილი მას ბაბუას ეძახდა. ჩემი უმცროსი შვილის სურათი კი ჯემალს საძინებელში ჰქონდა გაკრული.

მას პეტროვიჩსაც ვეძახდით. ძალიან მიჭირს ჯემალის გარეშე, ხანდახან საღამოობით აქეთ-იქით დავდივარ ხოლმე, ვერ ვისვენებ, ვგრძნობ, რაღაც მაკლია... სულ მინდოდა მისი აზრი გამეგო ჩემი რომელიმე გოლის თუ თამაშის შესახებ.

პეტროვიჩ, არასდროს დამავიწყდება, აიაქსელობისას ჩემი "უდინეზესთან" თამაშისას შენ და აჩი მუხლებზე რომ იდექით და ასე მქომაგობდით. არასდროს დამავიწყდება სტამბულში ნათქვამი შენი სიტყვები: - "გაიღვიძე, სააკაძის სულო!"... ჩვენ ყველაფერი ვიყავით ერთმანეთისთვის, მართლაც, ყველაფერი, პეტროვიჩ!.. იქ გაგიმარჯოს, სადაც ხარ, ვგრძნობ, რომ იქიდანაც გვეხმარები მე და აჩის... ეს წიგნი შენს ხსოვნასაც ეძღვნება...

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული