"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 -
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXXI: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXII: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ, საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, სპეციალისტთა გამოკითხვა ჩაატარა და საუკეთესოდ მე დამასახელეს. მეორე ადგილზე კახა კალაძე გავიდა, მესამეზე ლევან კობიაშვილი.
დაჯილდოება ისევ ოპერის თეატრში გაიმართა. მართლა დაუვიწყარი საღამო გამოვიდა. ეკრანზე ისეთი კლიპი გაუშვეს, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. "დინამოელთა" ძველი დიდება... მიშა მესხი, დავით ყიფიანი, ნოდარ ახალკაცი და... კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და შოთა არველაძე - ასეთია ამ კლიპის კოლაჟი.
პრიზი პროფლიგის პრეზიდენტმა, დიმიტრი რამიშვილმა გადმომცა, საღამო კი მერაბ სეფაშვილის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით დასრულდა...
2005-06 წლების სეზონში ორჯერ ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი, 25 გოლი გავიტანე და რა ბედნიერებაა, როცა ეს შენს ქვეყანაშიც დაგიფასდება...
შვებულება, როგორც ყველა წინანდელი, სწრაფად გავიდა... კარგი დასვენების შემდეგ ზარმაცდები და ყოველთვის ძნელია ძალის მოკრება; თანაც, ასაკიც თავისას შვრება... ორჯერადი ვარჯიშები, ტესტმატჩები - ეს ყველაფერი ექვსი კვირის განმავლობაში.
სეზონისწინა შეკრება, ალბათ, ყველა ფეხბურთელისთვის მძიმეა და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი.
სეზონს ახალ სტადიონზე ვიწყებდით და ყველა მოუთმენლად ველოდით მის ოფიციალურ გახსნას, ლონდონის "არსენალთან". მაგრამ მანამდე "ალკმაარის" ხელმძღვანელობას ერთი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი - ლუი თავს იკლავდა და ყველას აჯერებდა, ხელოვნური საფარის დაგება ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. ის ხომ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარია და, მისი აზრით, მთელი წლის განმავლობაში იდეალური მინდორი მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.
ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და როცა ჩემი ჯერი დადგა, მთელი ჰოლანდიის გასაგონად ვთქვი, ფეხბურთი ხელოვნურ ბალახზე იგივეა, რაც სექსი - პრეზერვატივით.
მეორე დღეს ეს ჩემი გამონათქვამი სპორტულმა გაზეთებმა აიტაცეს და პირველ გვერდზე დაბეჭდეს. ყველა მირეკავდა და სიცილით კვდებოდა. ბოლოს ლუიმ ხელმძღვანელობისგან მყარი გარანტიები მიიღო, რომ მინდორი იდეალური იქნებოდა და ეს პირობა პირნათლად შეასრულა. მინდორი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში.
ერედივიზიონის პირველივე მატჩში "ბრედა" 8:1-ით გავანადგურეთ. თამაშის შემდეგ აჩიმ დამირეკა, ინტერნეტში ვნახე მეგოლეები, შენ ვერ გიპოვე და გადავირიეო.
მე კიდევ უფრო გაწბილებული ვიყავი. სეზონის პირველივე უხვგოლიან მატჩში ერთი გოლიც ვერ გავიტანე. პირველი ტაიმის შემდეგ ბუცებიც კი გამოვიცვალე, რაც 15 წლის განმავლობაში არასდროს გამიკეთებია, - არც ამან მიშველა. მართალია, 4:1-ზე შემცვალეს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ჩემთვის.
ამ თამაშის შემდეგ გუნდი ჩვენმა კაპიტანმა, იორის მატაისემ დატოვა. იგი გერმანიის "ჰამბურგში" გადავიდა და ლუის ვან გაალმა, პრინციპში - თავისი ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ, კაპიტნად არა ჰოლანდიურად მოლაპარაკე, არამედ მე დამნიშნა, რაც ჩემთვის ზედმეტი სტიმული აღმოჩნდა.
უეფაზე სეზონის პირველი გოლი "კაისერისფორთან" გავიტანე. ჩემპიონატში პირველი გოლი კი, გასვლაზე, სიმონ ჩომერის კარგი გადაცემით, ნაიმეიგენის "ნეკს" შევუგდე.
ამის შემდეგ თბილისში გავემგზავრე. ჩვენს ნაკრებს ორი თამაში უწევდა საფრანგეთის ნაკრებთან სახლში და გასვლა კიევში - "უკრაინასთან".
ოცდაათი წლის შემდეგ თბილისის ეროვნულ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა მის ნახვას. მოწინააღმდეგეც მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა - მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული: ტიერი ანრი, პატრიკ ვიერა, კლოდ მაკელელე, ფრენკ რიბერი, ლილიან ტურამი, ვილიამ გალასი, ფლორიან მალუდა, ლუის საჰა და ასე შემდეგ.
მთელი სტადიონი წითელ და თეთრ ფერებში იყო გამოწყობილი და მართლაც, საზეიმო ატმოსფერო სუფევდა. თექვსმეტი წელი მქონდა ნათამაშები ნაკრებში და მოწინააღმდეგეც არანაკლები გვყოლია, მაგრამ ასეთი რამ ადრე არასოდეს დამინახავს მოედნიდან. ტრიბუნებს რომ გავხედე, მთელ სტადიონს თეთრი და წითელი ფარდა ჰქონდა გადაფარებული.
ყველანი ხაზზე დავდექით და ამასობაში საქართველოს ახალი ჰიმნიც გაისმა... ზუსტად ამ წუთას ასრულდა ჩემი ოცნებაც, სავსე სტადიონი... ყველა ფეხბურთელი ერთ ხმაში ჩვენს ეროვნულ ჰიმნს მღეროდა...
მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე, ნაკრების შემადგენლობაში, ჩემი ბოლო თამაში იქნებოდა... მთავარი ის იყო, რომ ოცნება ამიხდა. ის, რაც ლონდონში "უემბლიზე" ვინატრე... მართალია, ზუსტად ათი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ამიხდა... მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, ჩვენ გამარჯვებებისკენ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რადგან იმას მაინც მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ფეხზე დგას და ფეხბურთელებთან ერთად ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.
უამისოდ არანაირი გამარჯვება არ მოდის. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად, არაერთხელ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!..
კიევში, მართლაც, დაძაბული თამაში გამოგვივიდა. შევჩენკოს გატანილ გოლს ჩემი გოლი მოჰყვა და პირველი ტაიმი 1:1-ით დასრულდა.
მეორე ტაიმში 2:1-ს ვიგებდით. გოლი დემეტრაძემ გაიტანა, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ შევძელით. უკრაინელებმა ჯერ 2:2 გახადეს და ბოლო წუთს გამარჯვების გოლიც გაგვიტანეს.
მიუხედავად მარცხისა, თამაში, მართლაც, კარგი გამოგვივიდა და პრინციპში, რომ არა ცუდი შედეგი, ყველა კმაყოფილი იქნებოდა.
ჰოლანდიაში დავბრუნდი. "აზეტმა" სერიოზული გაწბილება მაშინ იწვნია, როცა შინ, პსვ-სთან 1:3 წავაგეთ. ამ გამარჯვებით "ეინდჰოვენმა" ლიდერობა განიმტკიცა. მეორე სერიოზული გამოცდა ამსტერდამ "არენაზე" გველოდა - "აიაქსთან".
ამ თამაშის წინ გაზეთებში დაწერეს, ამსტერდამ "არენაზე" ყველაზე მეტი, 49 გოლი, შოთა არველაძემ გაიტანა და ახლა ამ რიცხვის დამრგვალებას ეცდებაო.
პირველი ტაიმი 1:0-ით წავაგეთ, მეორის დასაწყისში იენერმა მაგარი პასი მომაწოდა ფლანგიდან და ანგარიში გავათანაბრე. გოლის შემდეგ დიდი ემოცია არ გამომიხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიხარდა. ამით "აიაქსის" გულშემატკივარს ვეცი პატივი. შეხვედრა კი 2:2-ით დასრულდა.
50 გოლი "ამსტერდამ "არენაზე"! - საკმაოდ სოლიდური რიცხვია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონის ბომბარდირობაც, რა თქმა უნდა, საამაყოა ჩემთვის.
შემდეგი კვირა რთული და, ამასთანავე, საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა - კლუბში ყველა მეკარე დაშავდა! მთელი კვირა ჩვენი დამცველი შტაინსონი კარებში იდგა და ვარჯიშობდა. ლუიმ, მინდორზე მოთამაშე ყველა სხვა ფეხბურთელთა შორის, ის საუკეთესო მეკარედ მიიჩნია. ჩვენი მეტოქე "ექსელსიორი" იყო. ყველას ძალიან გვაინტერესებდა, როგორ გავართმევდით თავს ამ პრობლემას.
ქულების დაკარგვა არ შეიძლებოდა, "აზეტის" ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთ მეკარეს მაინც შეძლებოდა თამაში, მაგრამ მე ძალიან მინდოდა, რომ მეკარის გარეშე გვეთამაშა. პატარა ბავშვივით მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. თუ მოვიგებდით, მეორე დღეს მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებდა.
ვგრძნობდი, რომ ლუიც იგივეს ფიქრობდა. მივედი მასთან და ვუთხარი, - გავრისკოთ და მეკარის გარეშე ვითამაშოთ-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, ყველა ფეხბურთელი ასმაგად კონცენტრირებული იქნებოდა და აუცილებლად მოვიგებდით. ლუიმ მითხრა, - მეც დიდი სიამოვნებით და ინტერესით გავრისკავ, ოღონდ თუ მანამდე რომელიმე მეკარე გამოჯანმრთელდა, უნდა ვათამაშო, რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავიო.
ბოლოს მეორე გუნდის მეკარემ ითამაშა. "აზეტმა" 5:0-ით გაიმარჯვა და ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ოცდამეთხუთმეტე წუთზე, პირველად დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით. ბურთი საკმაოდ დიდი მანძილით ასცდა კარს...
თამაშის მერეც ვუთხარი ლუის, - ნეტავ მეკარის გარეშე გვეთამაშა, ხვალ ხომ ყველა ჩვენზე ილაპარაკებდა-მეთქი. მითხრა: - შენც კარგი გადარეული ხარო...
უეფას თასზეც კარგად ვითამაშე. შვეიცარიის "გრანსჰოპერს" (5:2) და პორტუგალიის "ბრაგას" (3:0) თითო-თითო გოლი გავუტანე. ყველაზე გემრიელი გოლები კი ესპანეთში გავიტანე - "სევილიას" 2:1-ით მოვუგეთ. ორივე გოლი მე შევაგდე! ესპანურმა "მარკამ" უმაღლესი შეფასება მე და მეკარე ვატერლოუს დაგვიწერა. ამ მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და მომდევნო ეტაპზე წილისყრამ "ფენერბახჩე" შეგვახვედრა.
ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი წრის თამაშები კი სუსტად ჩავატარეთ. ბოლო სამი თამაშიდან ერთი მოვიგეთ და ორი ფრედ ვითამაშეთ. ჰოდა, საახალწლო ერთკვირიან შვებულებას არცთუ კარგ ხასიათზე შევხვდი. თუმცა არდადეგებმა განწყობა გამომიკეთა. მე და აჩი, ოჯახებთან ერთად, დუბაიში წავედით.
ალადინის ქვეყანაში ყველაფერი ლამაზი და სასიამოვნო იყო... ერთი კვირა ოქროსფერ ქვიშაში ვინებივრე და "ბებერი ძვლები" გავითბე... იქ ხომ იანვარშიც 27-28 გრადუსი სითბოა.
ვალენსიის "ლევანტეს" ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ უნდოდა ჩემი გადაბირება, იანვარში კი საქმეში ბაირამ თუთუმლუც ჩაერთო.
თუთუმლუ ჩემი მეგობარი და ესპანეთში ძალიან გავლენიანი ფიგურაა. მას უკავშირდება მაიკელ ლაუდრუპის სკანდალური და ხმაურიანი ტრანსფერი, "ბარსელონადან" - მადრიდის "რეალში". ჩემი თხოვნით, თბილისშიც კი ჩამოვიდა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ, მერაბ ჟორდანიასთან შესახვედრად, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თაობაზე. თუთუმლუმ ჟორდანიას ანრი მიშელი შესთავაზა, თუმცა ჟორდანიამ მუსიე ანრის ალენ ჟირესი არჩია.
(გაგრძელება იქნება)