ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "ზესტაფონს" თავკაცი შეეცვლება.
თუმცა ეს საქართველოში ფართოდ გავრცელებული ის შემთხვევა არ არის, როცა მწვრთნელი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. "ლელოსთან" საუბარში ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და კლუბის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
"ვფიქრობ, არ მაქვს იმის საფუძველი, რომ თანამდებობიდან გადავდგე. "ზესტაფონში" მუშაობის სურვილი ნამდვილად არ დამიკარგავს და ძალიან მინდა, გუნდის სამომავლო წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო.
თუმცა
გული თანამდებობის დაკარგვის გამო კი არ დამწყდება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ კარგ ფეხბურთელებთან მუშაობის საშუალება აღარ მომეცემა", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.
მან "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზუსტად წელიწადი გაატარა. გია გეგუჩაძის "ტორპედოში" წასვლის შემდეგ ფეროელებმა მისი თანამდებობა მის ახალგაზრდა ასისტენტ ჭიაბრიშვილს ანდეს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ზესტაფონმა" გასული სეზონის პირველი ნახევარი შთამბეჭდავად ჩაატარა, არაერთი მატჩი ეფექტურად მოიგო და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობდა.
უმაღლესი ლიგის საგაზაფხულო ეტაპზე "ზესტაფონი" ძველებურად ეფექტური ვეღარ იყო, მაგრამ, ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, ტიტულის შენარჩუნება მაინც შეძლო.
ზაფხულში "ზესტაფონი" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე გაახალგაზრდავებული გუნდის აზერბაიჯანულ "ნეფთჩისთან" მწარე მარცხი მოჰყვა.
როგორც ჩანს, კლუბის ხელძღვანელობა მწვრთნელის შეცვლაზე სწორედ ამან და საქართველოს ჩემპიონატში სუსტმა სტარტმა (სამ მატჩში ერთი გამარჯვება და ორი მარცხი) დააფიქრა.
შევიტყვეთ ისიც, რომ უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურებში "ზესტაფონს" ჭიაბრიშვილის თანაშემწე გიორგი ყიფიანი შეცვლის, თუმცა მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოს ჩემპიონს, ალბათ, სხვა სპეციალისტი ჩაიბარებს.
ჭიაბრიშვილის ზესტაფონურ კარიერას კი უახლოეს დღეებში, ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ შევაფასებთ. ახლა კი მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ მან იმერულ კლუბში საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული პერიოდი გაატარა - სხვა საქმეა, რომ მთავარი მიზანს, ევროთასების ჯგუფში შესვლას ვერ მიაღწია, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტისთვის საქართველოს ჩემპიონობაც აქტივში ჩასაწერი ფაქტია.
ქართული მედიისთვის კი იშვიათია მისნაირი გახსნილი, ყურადღებიანი და თავმდაბალი რესპონდენტი - გიორგისთან ერთი მცირე საუბარიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მისი პიროვნული თვისებებით მოიხიბლო.
ქართულ საფეხბურთო სამყაროში კი, სადაც წესიერების დეფიციტია, ეს ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს.
ზესტაფონში ჭიაბრიშვილის პერიოდი სრულდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]