ფუნშალის კლუბი ისეთი ძლიერიც არ ჩანდა, როგორადაც პორტუგალიის წარმომადგენელი წარმოგვედგინა.
თუმცა, 30 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" ორივე გუნდს საკმაოდ მძიმე შეხვედრა ელის. სხვა თუ არაფერი, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის წყვილში გამარჯვებული 3,3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქართული კლუბისთვის ერთი წლის უზრუნველყოფილ ცხოვრებას ნიშნავს.
მდიდარი არც პორტუგალიური კლუბია და ცხადია, ეს თანხა არც მათ აწყენდათ.
პირინეელები თბილისში 29 აგვისტოს, 17 საათსა და 30 წუთზე ჩამოფრინდებიან და სასტუმრო "რედისონ ბლუში" დაბინავდებიან. 19 საათსა და 45 წუთზე მათი მთავარი მწვრთნელი პედრუ მარტინში "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენციას გამართავს, 20 საათზე კი "მარიტიმუს" ვარჯიშია დაგეგმილი.
გორელები მატჩისთვის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტ "ბასაში" ემზადებიან. 28 აგვისტოს ვარჯიში დახურული იყო, რადგან "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ საჭიროდ ჩათვალა, მოთამაშები მშვიდ გარემოში ყოფილიყვნენ.
გორელები მედიას დღეს "მიხეილ მესხზე", 18 საათსა და 30 წუთზე შეხვდებიან, 15 წუთის მერე კი ივარჯიშებენ.
სამწუხაროდ, "დილა" სრული შემადგენლობით ვერ ემზადება. დისკვალიფიცირებული მხოლოდ მცველი გიორგი შაშიაშვილი არის და შეხვედრას გამოტოვებს.
გამოირიცხა კახა ალადაშვილის თამაშიც, რომელსაც 13 აგვისტოს "ვიტ ჯორჯიასთან" ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში კუნთი დაეჭიმა. მართალია, მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა, კახა უკვე ინდივიდუალურადაც ვარჯიშობს, მაგრამ პორტუგალიელებთან მისი ასპარეზობა შეუძლებელია.
საზარდულის ტრავმის გამო "დილას" ვერც ირაკლი მოდებაძე დაეხმარება.
დავინტერესდით გორელთა ერთ-ერთი უმთავრესი იმედის, გოჩა ხოჯავას მდგომარეობით. მან გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციას გადის და კარგა ხანი ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, გამოირიცხა მოსკოვის "სპარტაკისა" და სენეგალის ნაკრების ყოფილი მცველის, იბრა კებეს ტრანსფერიც.
თითქოს ეს ყველაფერი არ ეყოფოდა, მოულოდნელად, თორმეტგოჯა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნახევარმცველ ლაშა გვალიას და არა მატო 30 აგვისტოს შეხვედრას გამოტოვებს, არამედ ერთი თვეც ვერ ითამაშებს.
თუმცა მთლად კატასტროფული მდგომარეობაც არ არის: დამაიმედებელია დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძის დაბრუნება. გამოჯანმრთელდა გულვერდ თომაშვილი და ბოლნისის "სიონთან" 18-კაციან განაცხადშიც მოხვდა.
სათამაშოდ მზად არის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანიც.
"დილა"-"მარიტიმუს" მატჩზე 17 ათასამდე ბილეთი გაიყიდება, მისი ღირებულება კი 5 ლარი იქნება. კლუბში გვითხრეს, რომ სურდათ, მაყურებელი უფასოდ შეეშვათ, მაგრამ კომერციალიზაციის პრინციპების მიმდევარმა უეფამ ამაზე უარი თქვა - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მატჩზე უფასოდ დასწრებას კატეგორიულად კრძალავს.
რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა და მომავალშიც იქნება, მაგრამ როდესაც კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფს უახლოვდება, თვალებს აღარ ხუჭავენ.
"დილას" პრესსამსახურში ისიც გვითხრეს, რომ უეფას მოთხოვნების გათვალისწინებით, 5 ლარიც მინიმალური თანხაა.
ბილეთები 29 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 11 საათიდან გაიყიდება, მატჩი კი 30 აგვისტოს 20 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]