"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 -
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXXI: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXII: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXIII: ალკმაარი - მე და ლუი
"ლევანტესთვის" ცივი უარი არ მითქვამს; უბრალოდ, ამ ეტაპზე "ალკმაარიდან" წასვლა სწორად არ ჩავთვალე და, როგორც აღმოჩნდა, მართებული გადაწყვეტილება მივიღე.
"ერედივიზიონის" მეორე წრეში კარგად ავთამაშდით, პსვ-ს სტუმრად 3:2 მოვუგეთ და ჩემპიონობის რეალური შანსი გაგვიჩნდა. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა დენი კუვერმანსმა გაიტანა. მან საუცხოოდ, ეფექტურად შეასრულა გამარჯვების მომტანი დარტყმა მაშინ, როცა ანგარიში 2:2 იყო.
მე პირველ ტაიმში მქონდა საგოლე შანსი, მაგრამ "ეინდჰოვენელთა" ბრაზილიელმა მეკარე გომეშმა კუთხე კარგად დაკეტა და მომენტიც გამიცუდდა.
უეფას თასზე "ფენერთან" თამაშის წინ ვირუსი შემეყარა. ათი დღე ლოგინში გავატარე. ასეთი გრიპი მანამდე არასდროს მქონია. არადა, ძალიან მინდოდა სტამბულში, ჩემს ძველ "მტრებთან" თამაში. "ტრაბზონის" ფანებს ხომ ყველაზე უფრო "ფენერი" სძულთ. ამ თამაშს ტრაბზონშიც ელოდნენ. იქიდან ხშირად მირეკავდნენ, მაგრამ გამოჯანმრთელება ვერ მოვასწარი.
სტამბულში 3:1-ს ვიგებდით, მაგრამ მერე ანგარიში 3:3 გახდა და კინაღამ მეოთხე გოლიც გავუშვით. საპასუხო მატჩისთვის კი მოვმჯობინდი, მაგრამ სუსტად ვიყავი და კარგად ვერ ვითამაშე. პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით, ერთი სახიფათო მომენტიც კი ვერ შევქმენით.
როცა გასახდელში შევედით, ყველაფერი დამთავრებული მეგონა... გამოსავალს ვერ ვხედავდი.
ვან გაალმა ყველანი დაგვაწყნარა. ჯერ გვთხოვა, დასხედითო, მერე თითქოს ძალა მოიკრიბა და გვითხრა, თამაში ჯერ არ წაგვიგია, უბრალოდ, უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ ის, რასაც მანამდე ვაკეთებდით. ცუდად არ გითამაშიათ, მაგრამ ნელა მოქმედებდით და თურქები ყველგან გასწრებდნენო.
მწვრთნელმა ფსიქოლოგიურადაც დაგვმუხტა და სწრაფი თამაში მოგვთხოვა. გუნდი ჩვეულ 4-4-2-ზე გადააწყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა... გოლები მარტინ მარტენსმა და ბარი ოპდამმა გაიტანეს, 2:2 და მერვედფინალში გავედით.
"ფენერი" მართლაც კარგი გუნდი იყო. მწვრთნელი - ლეგენდარული ზიკო. ფეხბურთელებსაც ვერ დაუწუნებდით: თუნჯაი, თუმერი, ალექსი, კეჟმანი, აპია... თან, ჩემპიონთა ლიგიდან უეფაზე დაბრუნებული.
ერედივიზიონში სიტუაცია დაიძაბა. პსვ სტაბილურად ვეღარ თამაშობდა, "აიაქსთან" 1:5 წააგო. ჩვენ დასანანი ქულები დავკარგეთ, "ფეიენოორდთან" - 0:0 ვითამაშეთ. არადა, მინიმუმ 5:0 უნდა მოგვეგო.
როტერდამის მეორე გუნდი "სპარტა" 3:0-ით დავამარცხეთ. ისეთი ბურთი შევაგდე, სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს, - აუტიდან მოწოდებული ბურთი მკერდზე მივიღე, მარჯვენათი მცველს თავზე გადავატარე და მარცხენათი, მიწაზე დაუშვებლად, კარში დავარტყი... ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე შევარდა კარში. ყველანი დამესიენ და მილოცავდნენ. ლუი ისეთი გახარებული იყო, ლამის მინდორზე შემოვარდა...
ერთხელ რეზიმ, ფეხბურთზე კამათისას, მითხრა - ისეთ გოლს, როგორიც "დინამოში" ყოფნისას, ირლანდიის "ლინფილდს" გაუტანე, ალბათ, ვეღარ გაიტანო. გულზე მომხვდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რასაც გულისხმობდა. ჩემი ასაკის გამო, ნაოპერაციები მუხლით და, საერთოდ, სიბერეში უფრო სხვანაირ ფეხბურთს თამაშობენ, არაფერს ართულებენ, ცდილობენ, უბრალოდ ითამაშონ... ასეთ გოლს სჭირდება - სისწრაფე, ჯანი, ტექნიკა და ამ ყველაფრისთვის თავის მობმა და რაც მთავარია, ამის ტექნიკურად შესრულება.
სახლში რომ დავბრუნდი, სასწრაფოდ დავურეკე რეზის და ვთხოვე, ტელევიზორი ჩაერთო... მისი ყვირილი ახლაც ყურებში მესმის. თურმე სიბერეშიც შეიძლება ისეთი გოლის გატანა, რომელსაც თვითონაც აღარ ელოდები...
უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში "ნიუკასლს" შევხვდით. პირველი მატჩი ინგლისში გვქონდა. ვან გაალმა იქაც შემტევი ტაქტიკა აირჩია, რამაც არ გაამართლა. უფრო ფრთხილები უნდა ვყოფილიყავით. ნახევარ საათში - 3:0-ს ვაგებდით. ნიგერიელმა მარტინსმა გადაგვჯეგა. ტაიმის ბოლოს მე ერთი გოლის გაქვითვა შევძელი და ამან ცოტა გამოგვაფხიზლა. თამაში 4:2-ით დამთავრდა, რაც პატარა შანსს გვაძლევდა განმეორებითი მატჩისთვის.
საპასუხო შეხვედრაში "ალკმაარი" უფრო მობილიზებული იყო. შეტევასთან ერთად, დაცვაზეც უნდა გვეფიქრა. ერთი მიღებული გოლი ჩვენს შანსებს ნულამდე დაიყვანდა.
პირველ ტაიმში გოლი მალევე გავიტანეთ, - ანგარიში მე გავხსენი. უეფაზე ეს ჩემი მერვე გოლი იყო. ამ გოლმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. დარჩენილი დრო უშეცდომოდ ვითამაშეთ - 2:0-ით გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.
"ალკმაარის" შემადგენლობაში ეს ჩემი საუკეთესო მატჩი იყო. მგონი, ბურთი საერთოდ არ დამიკარგავს და საკმაოდ აგრესიულიც ვიყავი.
თამაში დამთავრდა. გასახდელში ერთ ამბავში ვიყავით, როცა "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი შემოვიდა და ყველას პერსონალურად მოგვილოცა... ასეთი რამ ადრე არსად მინახავს და არც გამიგონია, რომ შეიძლება მოწინააღმდეგის გასახდელში შევიდეს მწვრთნელი და ყველას პერსონალურად მიულოცოს გამარჯვება!..
ეს, ალბათ, მხოლოდ ინგლისელებს შეუძლიათ, - ჯენტლმენურად დამარცხება!.. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.
ამ თამაშის შემდეგ ნაკრებს ათდღიანი შეკრება ჰქონდა, - გასვლაზე გლაზგოში და სახლში - ფარერებთან. გლაზგოს მატჩს მართლაც გიჟივით ველოდი, იქ ხომ ოთხი არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე. ამ საოცრად საფეხბურთო და იუმორით სავსე ქალაქში ბევრი მეგობარი მელოდა და, ამავე დროს, ყველას აინტერესებდა, სწორად მოიქცა თუ არა მაკლიში, როცა კონტრაქტი აღარ გამიგრძელა.
მეც დიდი მონდომებით ვემზადებოდი, რადგან მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ადრე ჩამომწერეს.
ნაკრებს კახა კალაძე აკლდა, რაც დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ ამაზე ვინღა ფიქრობდა... საშინაო თამაშებს შოტლანდია ყოველთვის "ჰემპდენ პარკზე" მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტადიონზე ბევრჯერ მომიწია გამოსვლა, გოლი არ მქონდა გატანილი.
ქალაქსა და სასტუმროში ყველა კეთილგანწყობილი იყო და ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემი "რეინჯერსში" გატარებული წლები ძალიან წარმატებული იყო.
"ჰემპდენის" ცოტა ხნით გაჩუმება მაინც შევძელი, როცა დემეტრაძემ რამდენიმე მეტოქე ოსტატურად მოატყუა, მის მიერ საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი თავური დარტყმით გავიტანე და ანგარიში გავათანაბრე. ეს მართლაც ის გოლი იყო, რომელსაც დიდი ხანი ველოდი...
რეზი, თამუნა და გიორგუნა მეცხრე ცაზე იყვნენ! გიორგუნა თავის დიდი ხნის უნახავ, გლაზგოელ მეგობრებთან ერთად იყო თამაშზე და ამაყობდა ჩემით.
მართალია, მატჩის მიწურულს მეორე გოლი გავუშვით და დავმარცხდით, მაგრამ თამაშით ყველა კმაყოფილი დარჩა. ჩემს იქ გატარებულ ოთხ წელიწადს კიდევ სამი ულამაზესი დღე დაემატა და გლაზგოდან თავაწეული ჩამოვედი თბილისში, მაგრამ, სამწუხაროდ, მუხლი გამისივდა და ფარერებთან აღარ მითამაშია.
2008 წლის შესარჩევის თორმეტი თამაშიდან მხოლოდ პირველი ოთხი ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე. გუნდს კი კარგი შედეგი ისევ არ ჰქონდა. სერიოზულად დავფიქრდი ნაკრებიდან წასვლაზე.
ცალკე მუხლი მაწუხებდა. "ალკმაარში" მძიმე სეზონი გადავიტანე. ნაკრებში სულ მითითებებს ვაძლევდი ახალბედა ფეხბურთელებს. ალბათ, ამით თავს ვაბეზრებდი, მაგრამ გაჩუმება არ შემეძლო. სათანადო ნერვები არ აღმომაჩნდა იმისთვის, რომ წყნარად და აუღელვებლად მეყურებინა ყველაფრისთვის, რაც იქ ხდებოდა და ხმა არ ამომეღო.
2007 წლის მაისში საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, - ჩემს ყველაზე საყვარელ გუნდს დავემშვიდობე. 16 წლის განმავლობაში მისი წევრი გახლდით, საქართველოს 11-ნომრიანმა მაისურმა ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი დაუვიწყარი გოლი და სიხარული მაჩუქა. წლების განმავლობაში ჩემს უსაყვარლეს გულშემატკივართან შეხვედრის საშუალება მეძლეოდა, მათ მიერ დაკრული ყოველი ტაში ჩემთვის ყველაზე ღირებული და სასურველი იყო.
ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნაკრებიდან მაინც წავედი...
(გაგრძელება იქნება)