ჩვენ და პორტუგალიელები - ბალანსი უნდა შევცვალოთ!

AutoSharing Option
...რვა წლის წინათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისის "დინამომ" საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროტურნირებზე: უეფას ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია!

სამწუხაროდ, იმის მერე მსგავს წარმატებას ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მიაღწია და აი, ამის შანსი დღეს გვეძლევა: პორტუგალიური "მარიტიმუს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში გორის "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს!

წარმატების მოლოდინი
გორის "დილას" დღევანდელი მეტოქე ევროპული "საზომით" კი არა, თავის ქვეყანაშიც ვერ ჩაითვლება გრანდად. ანუ ახალი რა უნდა ვთქვათ: "მარიტიმუს" მართლაც ბევრი უკლია "სპორტინგის", "ბენფიკასა" თუ "პორტოს" მიღწევებამდე.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "მარიტიმუ" მაინც
სერიოზულ მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ - ბოლოს და ბოლოს, გუნდი ხომ არცთუ დაბალი დონის, პორტუგალიის ჩემპიონატში ასპარეზობს და წინა სეზონში მხოლოდ იქაურ გრანდებს ("პორტუ", "ბენფიკა", "ბრაგა", "სპორტინგი") ჩამორჩა.

მეტოქე ძლიერია, მაგრამ, ისიც ვთქვათ, რომ უეფას ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში "მარიტიმუმ" სულაც არ დატოვა დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილება.

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, ევროტურნირებს შემორჩენილ ერთადერთ ქართულ გუნდს (შემადგენლობა რომ ნამდვილად არ დაეწუნება) წარმატება ვუსურვოთ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილოთ.

ამასთან, ევროტურნირების ისტორიაში ქართულ-პორტუგალიურ დაპირისპირებებში აქამდე არსებული აშკარად უარყოფითი ბალანსი იქნებ ოდნავ მაინც შევცვალოთ...

იმედიანი გაცნობა
ევროტურნირებზე დღევანდლამდე ქართულ და პორტუგალიურ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საამაყოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს: 1 შეხვედრა მოვიგეთ და 5 წავაგეთ (არანაკლებ კატასტროფულია ბურთების სხვაობაც: 1-15)!

ერთადერთი, რითაც შეიძლება თავი "დავიმშვიდოთ", ის არის, რომ მეტოქეებად პორტუგალიის ძლიერი გუნდები გვყავდა: "სპორტინგი", "ბრაგა", "ბოავიშტა".

მართალია, დღესდღეობით "ბოავიშტას" ცუდი დღეები უდგას (ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ჯერ II დივიზიონში დაქვეითდა, მერე სულაც პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთვა, ამჯერად კი III ლიგაში ასპარეზობს), მაგრამ როცა თბილისის "დინამოს" ეპაექრებოდა, იმ პერიოდში თავისი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა.

სწორედ "ბოავიშტა" იყო პირველი პორტუგალიური გუნდი, ევროთასებზე რომ დავუპირისპირდით.

არადა, პირველად სწორედ ის სეზონი (1996-97) იყო, ევროტურნირებზე ქართულმა გუნდმა ყველაზე მეტი ეტაპი რომ გაიარა: თბილისის "დინამომ" ჯერ ლუქსემბურგის "გრევენმახერს" აჯობა, შემდეგ ნორვეგიულ "მოლდეს", მერე მოსკოვის "ტორპედოც" გამოვაგდეთ და "ბოავიშტას" ძლევაც, რატომღაც, ყველას იოლი საქმე ეგონა.

თუმცა, პირველსავე მატჩმა, თბილისში მართლაც სოლიდური აუდიტორიის წინაშე რომ ჩატარდა (60 000-ზე მეტი მაყურებელი მოვიდა), დაგვანახვა მეტოქის სიძლიერე.

დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ის შეხვედრა მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენს მეკარეს ირაკლი ზოიძეს რამდენიმე ეპიზოდში რომ არ ეყოჩაღა, ანგარიში აშკარად ჩვენთვის არასასურველი იქნებოდა.

არადა, მეტოქე პირველ ტაიმში აშკარად დავჯაბნეთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, "დინამოს" ლიდერების - კახა გოგიჩაიშვილის, გოჩა ჯამარაულისა და ნუგზარ ლობჟანიძის დამსახურება იყო.

სამწუხაროდ, მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო მამუკა მაჭავარიანმა და დავით ყიფიანსაც გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა თავისი გუნდის შემადგენლობაში.

რასელ ლატაპი, ტავარეში, ჯიმი-ფლოიდ ჰასელბანკი, ნუნუ გომეში
, - "ბოავიშტას" შემადგენლობაში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ასპარეზობდა მაშინ, როცა "დინამოს" ძირითად ბირთვს 18-20 წლის ბიჭები შეადგენდნენ: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი დემეტრაძე...

კოშმარი ბესაზე
საპასუხო მატჩი ორი კვირის მერე პორტუში, "ბესას" სტადიონზე ჩატარდა და სრული ფიასკოც გველოდა: "ბოავიშტამ" ჩვენი გუნდის კარში 5 უპასუხო ბურთი გაიტანა!

ამ სასტიკ მარცხს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზი ჰქონდა: ტრავმირებულ მაჭავარიანს დისკვალიფიცირებული კალაძეც დაემატა. მატჩი ჩვენი დროით... ღამის სამის ნახევარზე დაიწყო. "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს თამაში არ წაუვიდა და ასე შემდეგ.

თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ჩვენი ფეხბურთელების ევროასპარეზზე გამოუცდელობა იყო და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის უამრავი შეცდომა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ 5 გაშვებული გოლის მიუხედავად, ჩვენს მეკარეს, ირაკლი ზოიძეს ვერავინ დაადანაშაულებდა; ხოლო ნუგზარ ლობჟანიძემ, ალბათ, კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა!

ამ წაგების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ "ბოავიშტას" გამოცდილმა მწვრთნელმა, ცნობილმა იუგოსლავიელმა სპეციალისტმა ზორან ფილიპოვიჩმა ჭკვიანურად არჩეული ტაქტიკით თავის გუნდს მატჩის დასაწყისიდანვე უპირატესობა მოაპოვებინა და, რაც მთავარია, პერსონალური მეურვეები მიუჩინა იმდროინდელი "დინამოს" უპირობო ლიდერებს - გოჩა ჯამარაულსა და კახა გოგიჩაიშვილს...

"ბოავიშტას" მერე იყო არანაკლებ მტკივნეული მარცხი "ბრაგასთან". შემდეგ კარგა ხნის პაუზა გვქონდა, ვიდრე პორტუგალიურ გუნდს კვლავაც გადავეყრებოდით; თუმცა 2004 წლის გვიან შემოდგომაზე ასევე სრული ფიასკო გველოდა: უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში ლისაბონის "სპორტინგმა" ბრაზილიელი ლიედსონის ჰეთ-თრიქით თბილისში მწარე მარცხი გვაგემა.

ახლა კი "მარიტიმუა" ჩვენი მეტოქე და ვინ იცის, იქნებ ახლა მაინც დავძლიოთ პორტუგალიური ბარიერი!..

ურთიერთშეხვედრები საკლუბო დონეზე

უეფას თასი, 1/16-ფინალი

15.10. 1996. თბილისი. ეროვნული. 65 000 მაყურებელი
დინამო (თბილისი)-ბოავიშტა (პორტუ) 1:0
1:0 გოგიჩაიშვილი (25, პენალტით)
დინამო: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, ზ. ჯელაძე, მაჭავარიანი (43. კერძევაძე), ჩხაიძე, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (73. ინალიშვილი), ჯამარაული, კობიაშვილი, იაშვილი (80. დემეტრაძე)
გაფრთხილება: ზ. ჯელაძე, კობიაშვილი, კალაძე
არბიტრი: ფ. სანდრა (ბელგია)

29. 10. 1996. პორტუ. "ბესა". 20 000 მაყურებელი
ბოავიშტა-დინამო 5:0
1:0 ლატაპი (2), 2:0, 3:0 ჰასელბენკი (29, 55), 4:0 ლატაპი (69), 5:0 ტავარეში (90)
დინამო: ზოიძე, ლობჟანიძე, დიდავა, ზ. ჯელაძე, ჩხაიძე, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (65. კუდინოვი), ჯამარაული, ინალიშვილი (46. კერძევაძე), კობიაშვილი, დემეტრაძე (46. იაშვილი).
გაფრთხილება: დიდავა, ზ. ჯელაძე
გაძევება: ზ. ჯელაძე
არბიტრი: რ. ფილიპი (ლუქსემბურგი)

უეფას თასი, 1/16-ფინალი
21. 10. 1997. ბრაგა. "პრიმო დე მაიო". 15 000 მაყურებელი
ბრაგა-დინამო 4:0
1:0 როდრიგაო (23), 2:0 ტონი (55), 3:0 კაროგლანი (66), 4:0 ბრუნო (77).
დინამო: ზოიძე (46. გელა ჭანტურია), კალაძე, ლობჟანიძე, დიდავა, ჩხაიძე, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, გუჩუა, ცქიტიშვილი, ალექსიძე (70. გოგობერიშვილი), დ. მუჯირი (60. ხომერიკი).
არბიტრი: უ. არინი (რუმინეთი)

04. 11. 1997. თბილისი. ეროვნული. 15 000 მაყურებელი
დინამო-ბრაგა 0:1
0:1 ტონი (49)
დინამო: გელა ჭანტურია, კალაძე, ზ. ჯელაძე, დიდავა, ჩხაიძე, ცქიტიშვილი (87. გ. კვარაცხელია), კიკნაძე (75. ლობჟანიძე), გუჩუა, ალექსიძე, დ. მუჯირი, ხომერიკი (63. გოგობერიშვილი)
გაფრთხილება: გუჩუა, ალექსიძე
არბიტრი: ა. სნოდი (ჩრ. ირლანდია)

უეფას თასი, ჯგუფური ეტაპი
25. 11. 2004. თბილისი. "ლოკომოტივი". 8 000 მაყურებელი
დინამო-სპორტინგი (ლისაბონი) 0:4
0:1, 0:2, 0:3 ლიედსონი (7, 30, 60), 0:4 ჭიჭვეიშვილი (90, საკუთარ კარში).
დინამო: ზოიძე, შაშიაშვილი, სილაგაძე, სალუქვაძე (75. დვალი), კვირკველია, კანდელაკი, ჭიჭვეიშვილი, კანკავა (88. კ. მახარაძე), რომერო, კაკალაძე (75. ქუცურუა), მელქაძე
გაფრთხილება: კვირკველია, ქუცურუა.
არბიტრი: კ. რიჩარდსი (უელსი)

ევროპის ლიგა, პლეი ოფი
23. 08. 2012. ფუნშალო. "დოს ბარიეროსი". 4 200 მაყურებელი
მარიტიმუ - დილა (გორი) 1:0
1:0 ფიდელისი (64).
დილა: სკენდერი, შაშიაშვილი, გ. ონიანი, სალუქვაძე, კვირკველია, გოგუა, ბეჭვაია, კლიმიაშვილი (56. კახელიშვილი), გვალია, შ. გრიგალაშვილი (70. ახალკაცი), ს. გურული (62. ილურიძე)
გაფრთხილება: შაშიაშვილი, გოგუა, ახალკაცი.
არბიტრი: ლ. კოვარიკი (ჩეხეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა VS მარიტიმუ - ქართული ფეხბურთის შანსი
გორის "დილა" "მარიტიმუსთან" მატჩს პრობლემებით ხვდება
გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესო შედეგი არის თბილისის დინამოს გასვლა უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში 1996 წლის შემოდგომაზე. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, მხოლოდ ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე გასულები გადიან მეთექვსმეტედფინალში
Toko
13:31 30-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული